პირიმზისა



სამნი დანი დევთა სახლსა
გადაგვმალეს ალქაჯებმა.
ჩვენი მამის, საქმროების ბანებს
ვნატრობთ განდა-განა.
ცას უცნაურ ლაჟვარდისფერს,
მხოლოდ შინა შევნატროდით.
ბროწეულისფერ  თავსაბურავებით -
ციმციმითა, ცისკრის
ჟამსა,
სამნი დანი ვნარნარობდით.
ჩვენთვის მღერდნენ განთიადზე
ჩიტნი ხეზე,
ჩვენთვის წყალნი
წანწკარებდნენ ღელე-ღელე.

სამნი დანი, დევის ქვაბსა,
მიწისქვეშეთს გაგვასახლეს.

სირაჯებს მჟავე ჟანგი სდით,
ვულკანის ნაკვერჩხლებს ფეხს ვადგამთ.

დემონთა და ყვითელ-კბილებ
მოელვარე ჭინკთა დედებს,
ჩაკეტილი აქვთ ბოქლომით
სალი კლდე და ოკეანე.
მხოლოდ სიზმრად
დედის კალთას, მამის სუნთქვას
მეტრფეს ჰანგებს –
ვერც დილა და ვეღარც ღამე,
ვერაფერი განგვაშორებს.

სამძიმარს პირიმზისას ეპითალამია:
- გესმა თუ არა,
რა მესმა, საზღვარს არ უჩანს ბოლო,
ჩანჩქერი ქარაფს გადაყვა,
ჩაიტანს ჩვენსა ამბავსა, შავ ზღვასა ან და
ჭოროხს..

მწვერვალს უფატრეს მუცელი,
გადმომაპარეს ულაყით,
სალი კლდეების უღრანში,
დევების ანბანს ვუბნობ.
დამსვეს დევქალა დედაბრის,
აულაგებელ სადგომსა,
ბავშვი ჰგონია თავი და იავნანინებს ითხოვს.
ეს ტკბილი ჩვენი ნანინა,
ნატირალია, ვუმღერ.
ვერც ეს მოულბობს
გულ-მუცელს
გადაღრჩუებულ ყრუ-მუნჯს.

მაინც მებრალის, სამძიმარ, ვუვლი ბავშვივით მიმნდობს.
ხანდახან დედის მეძახის,
შვილი ვგონივარ, უგნურს.
„დაი, სამძიმარ,
დიდედები მზითევს მზეს გაჰფენდნენ, 
სიზმრად -
მატყლსა პენტენ საჩეჩელზე,
ქალწულობას მოკვეცილ თმას
თითისტარებს დაართავენ.
პაპები კი გრძელ-თითებით მთვარის შუქზე სხედან,
იღიმიან წვერ-ულვაშში,
ქუდი გვერდზე დაუხურავთ, ბანს მოიძახიან:
- „შენ ბიჭო, ანაგურელსა.“
უმშვენებენ მარჯვენა მხარს
ანგელოზები ნათლისა.
ამათ ედემს რა იციან,
ჩვენი გრძელი სადარდელი,
კავებათ ჩამოგვიშლია.
თანაც, აკვნებს თხილის ხისგან თლიან,
თლიან, ნელი-ნელაა.
დაიი, ქვესკნელს ვინ გაარღვევს,
ქაჯეთს სულს ვინ ჩამოიტანს?!
ჭიუხებსა, საჯიხვეებს
მოჯირითე კაი ყმასა
უკუნეთში, როგორც დღისით
მოვილანდებ, მოვიჩრდილავ ამ სიბნელეს კვირიასა.
დევის დედა, დედაბერი,
ავსულაა, თავნათქვამა:
უნდა-უნდა - ჩამოვუვლი,
უნდა-უნდა - ბუქნი-ბუქნა.
- უნდილოო - ჩამომჩხავის -
შენი სუნი ჩემსა შვილსა,
მიუვა და სად წაუხვალ, სადა?!

აშექალას  პირიმზისას ეპითალამია:
- შენი სული შენთან,
რაც არ უნდა მოხდეს -
მოტყუებით დემონთ ნებით გადავეცი.
ახლა ამ ქაჯეთის უკიდურეს პოლუსს,
ვზივარ ქოხმახებში.
გამოქვაბულებით მორონინე ბოროტთ,
ჩემი სულის ნაფლეთს, ამოვუგებ ღამე.
ავხორცულად მეხორხოცეთ,
შეჭამანდით დამსკდრებს,
მათ რა ენაღვლებათ
გამოლოკილ თითებს მკერდს  თუ მაწმენდავენ.
მონა ვარ და უტყვი,
კალიების გუნდებს ერთ ღამეში ვიცვლი.
მიწის შიდა წყლები,
ხავსიანი ქვები,
წითელქუდა სოკოების ტევრი -
ამ ნიადაგს ლოფლოფს
როგორ დაუძვრები?!
ქაჯეთს სამუშაოდ
ვინ გაგიშვებს ობოლს?!
ქაჯებს მსახურობდე, სული გაიყიდე.
აშექალო, თითქოს,
ამ ღამიან ცისკარს,
როცა ერთ-ერთ დემონს კალთას ვუზი,
ვწუხვარ,
შემომესმა, თითქოს კოპალასი ხმაი,
ვითომ, ღთისშვილები წამოსულან, დაი.
ტარტაროზის მღვიმეს,
შეულეწენ კლიტენს,
გაგვიყვანდნენ სამშვიდობოს
თვალს ვერაფრით ვერ მოვწყვედით-ყე
იაგუნდისფერად  მოელვარე ფერთობს.
ღმერთით.

უღელტეხილები ჭუბერ-საკენის, ჯვრისა,
მყინვარწვერის საბურველი, სახარება მოქვის,
ალავერდის ტაძრის ყელი,
ბეთანიის ფრესკა,
და ყინწვისის ანგელოზი, რად არ მავიწყდება?!
ღმერთით.
ახლა ვხვდები ჩვენი სახლის,
მობუდარ მერცხალთა,
მოზამთრალეთ შირაზს.
რად არ ავიწყდებათ ჩვენი სახლის ღრიჭო.
მესმის ზამთარს,
გარეული წეროების დაბრუნების ჟივილს.
ოკეანე - პეშვი - და დროც გაჩერდება.

როცა გიყვარს,  ნატრობ,
შენს მშობლიურ ზეცას.
ათი ათას ოქროს ზოტს გაატან ნიავს.
სფინქსებს უარმყოფობ, აარიდებ მზერას -
შენს ფრესკებსა და მიწაგაცრილ,
შენს სამშობლოს ვერ თმობ.

ეს კლიენტი ქოსა, დიდხანს არ მომეშვა,
ჩემ ნეგატივს ლოკავს, ლოკავს,
ქაჯთა ენით მბილწავს,
და ბებერი მოლასავით,
გურჯო-ხათუნ - მლოცავს.
არაფერი მესმის. ვერც ვერაფერს ვერ ვგრძნობ.
მახსოვს, მხოლოდ, როგორ
დავანთებდით კოცონს, ჭიაკოკონობას
და ავსულთა ლოქაფ,
კუდიანთა რაზმებს,
ტკაცა-ტკუცით, ნელა
ნახშირ-ნაცარს ვაყრით.
დამთავრდება ჩვენი გაჭირვება, დაი
და ინათებს ღამე,
ამათ საიდუმლოდ, ჩემი სულის ნაწილს,
ლუსკუმაში ვმალავ, ხატ-ჯვარების ფარად,
ჩემი სულის ნაწილს
და ამათმა, თუნდაც ლეგიონმა მომსპოს,
როცა ღთისშვილები დაგვიხსნიან,
გვწამდეს,
ერთმისხალა სულით გადავრჩებით, დაი.

სამძიმარის წიგნი პირიმზისას და აშექალს:
- რა მინდა გახაროთ...
ქაფქაფა ლავას ცოცხლად რომ ჩაგვყარეს,
რად გვინდა,
გროშებად გავყიდით განა გულს?!
ტყვეებად, მონებად სიცოცხლე  ჩალაა.

ცისკრისას,  დევებმა ქვაბულს რომ წაგვასხეს,
მე შევხვდი იახსარს.
და ახლა, მეცხრე თვეს, ამ სარს შვებით შევიხსნი,
ამ მუცელს, ამ ჩვილსა მე აღარ დავმალავ.

ოქროს აკვანს მოღუღუნეს
სიზმარეთში ვხედავ,
იახსარ!

შემოკრებს, ძმადნაფიცთ, დაგვიხსნის,
ქაჯეთსაცაც ამარცხებს ეს გრძნობა ნამდვილი.
ფასკუნჯთა ამალით ჩამოვლენ მიწისქვეშ,
ერთთვალა ციკლოპებს
ელვარე ხმლითა და ღვთის რწმენით აჰკაფვენ.

ყრმაც,
დანო,
პაწაწა,
ღთისშვილთა მოდგმისა გაჩნდება და ლხენით სამშობლოს ვიბრუნებთ:
- იავნანა, ვარდო ნანა,
იავნანინაო.







Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო