ჰერეთი. ქურმუხი. ალიბეგლო. ქათმისხევი. ნადირთმწყემსი. კახი. თამარის ხიდი

ნატა ვარადა

ჰერეთი. ქურმუხი. ალიბეგლო. ქათმისხევი. ნადირთმწყემსი. კახი. თამარის ხიდი

ერთ დღეს გაიღვიძებ და ეგ არი.
მთავარია, ბიომეტრიული პასპორტი გქონდეს უბის წიგნაკში. თუ ის ყავისფერი ტყავის გაქექილი უბის წიგნაკი 100 წლისაა და პაპის ნაქონია, და თან პაპა, კიდე აგერ მთელი 30 წელია აღარ არი, მაშინ, მით უმეტეს.
ერთი გალავანი ერტყა კახეთ-ჰერეთს, ადრე. ეს გალავანი არის ყვარლის ერთ სოფელში, ჭიკაანში, კარგად ბლომად და სიგრძე-სიგანეზედ. იმ ადგილებს გალავნებს ეძახიან ადგილობრივები დღესაც კი და საქეიფოდ დადიან ბიჭები, როცა შერიგების დღეა ან ჯარიდან ჩამოდის ვინმე, მაგრამ ერთხელ, კლასელებმა სკოლის დამთავრების 10 წელი აღნიშნეს, და იქ ერთ პოლიციელს გაუვარდა პისტოლეტი და მოკლა, საგვარეულოში ერთადერთი დარჩენილი ძე, და მაშინ ეს გალავნები თითქოს ისევ გაუქმდა, ხალხის თვალსა და მეხსიერებაში.
„გამარჯობა, გამარჯობანა“ - მქონდა ასეთი თამაში ადრეულ ბავშვობისას. ეს არცთუისე უსაფრთხო საბავშვო თამაშებიდან ჩემს მიერ მოგონილი თამაში გახლდათ. აბა, სოფელში, საბჭოთა წყობისას, ქარიან დილას, როცა მთელი გლეხობა მიყუჟულია საკუთარი ქოხმახების თბილ კუნჭულებში, რომელი ჭკუათმყოფელი გოგო გამოვა გარეთ? კარგი, გამოვიდა და სად წავიდა?! პატარა გალავანია გადახურული და მივა იქ, გამობრუნდება და მერე მეზობლის გალავანთან მოუხვევს. სიგიჟე. მაგრამ ერთხელ, ისეთი ქარიანი დღე იყო, გოგომ გალავანთან აღარ მოუხვია და პირდაპირ წავიდა ქურმუხებზე, დიახ. სასაფლაოზე.
ქურმუხებს სოფლელები უხსოვარი დროიდან ეძახიან იმას, სადაც ძველი სასაფლაოა. და 23 ნოემბერს და 6 მაისს ესე იგი, გიორგობის დღესასწაულზე, პატარა ნიშთან მიდიან, ანთებენ სანთლებს და ლოცულობენ. ქურმუხებზე გოგო სასაფლაოს არ ელოდა, მაგრამ რაღაც ისეთი ნახა, რაც მის გარდამტეხ ასაკში დაუშვებელი იყო. მობრუნდა, სოფლის გიჟი დაინახა ხეების უკან მდგარი გამწარებით იქნევდა მარჯვენა ხელს. გამოიქცა. ქარია. ურმით ვიღაც მამა-შვილი ხეს ეზიდება. გულამოვარდნილი შერბის ეზოში და პაპის თვალები ხვდება დარაჯად. -იქეთ აღარ წახვიდე მარტო. არის.
კაბალი კიდევ კარგად მახსოვს, სკოლის დამთავრებისას, აფხაზეთის ომიც რომ სიჩუმის დამანგრეველ ხმაურში დასრულდა, და შიმშილი გვჭამდა, სწორედ მაშინ შემოვიდა ჩემს ცნობიერში. კაბალელი თათარი დაიმეგობრა მამამ. მეგობარი ნავთს და ბენზინს ყიდდა, თითქმის მუქთად.
იყო ამაში რაღაც ძალიან უთქმელი და თავისთავად მნიშვნელოვანი. ის ნავთი ბავშვებს პურის ფულად გვყოფნიდა. მე ხომ ცარიელი ხახვიც კი მაქვს ჩაკბენჩილი და მერე გადმოფურთხებული. იმ სიმწრის დღეებში, იყო ერთი მზიანი. მოიყვანა სახლში კაბალელი მამამ და მე ვარ მარტო დიასახლისი. დიდი კუფხლებიანი ყურძენი გვაქვს ხეივანზე, მოვწყვიტე ორი მტევანი და დავდე საინზე, მერე კონიაკი გამოვიტანე ვერცხლის სასმისით და ვერცხლისავე ჭიქებით. იყო ამაში რაღაც ტკბილი აღმოსავლური. იღიმებოდა ის თათარი, უცხოტომელი, შავ-შავი თვალებით და მერე მამაჩემა თქვა: სომხებმა არ იციან ძმაკაცობაო. თათარი თუ დაგიძმაკაცდა, შენი ძმაა ბოლომდე, ღალატი არ უყვართო. მე ცხვრის სუნი დამრჩა. კავკასიელებს რას გაუგებ?! 


გურამ თიკანაძის ფოტო არის კიდევ შავ-თეთრი. ქურმუხის წმინდა გიორგი, გუმბათმორღვეული და ჯვარმოქცეული. ისეთი კადრია, კაცის დახვრეტას ჰგავს.
ეს ფოტო სტუდენტობისას ვნახე.
ნაქირავებ ბინაში დარჩათ წინა მდგმურებს. ცოლ-ქმარს, სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს. მთელი ბარგი ადიელებში ჰქონდათ გამონასკვული, გახსნიდი და რილკე, გახსნიდი და ნოვალისი. ძველი ღვთისმშობლის ხატი, საბეჭდი მანქანა, სახატავი მოლბერტები, ისიც კი, ფირის გასამჟღავნებელი აპარატურა. საოცარია. ვან გოგის ამბავი, შექსპირის ტრაგედიები და საოჯახო ალბომი. ამ საოჯახო ალბომში ერთი შავტუხა და დიდთვალება გოგო თოჯინით დგას, ამ ქურმუხის წმინდა გიორგის ხეობაში. როგორ ვნანობ რომ ის ფოტო არ დავიტოვე, გურამ თიკანაძის ფოტოსთან ერთად.
ასე, ნელა მივდიოდი საზღვრამდე. ნათია როსტიაშვილის, ჩემი მეგობარი მწერლის ენა და ხატოვნება მწერლური კიდევ ერთი საფეხური გახლავთ. ნათიას ამას წინა გაზაფხულზე ბაბუა გარდაეცვალა და თავისი გადღებული პაპის  ბოლო ფოტო დადო ფეისბუკზე. ისეთი მოხუცი იყო, ზურგით იდგა თავის ნაკვეთში, დიდი კაკლის ხის ძირას, მაგრამ მაინც ეტყობოდა, როგორიც იყო.

საქართველოდან საქართველოში მისასვლელი ხიდი გადის ატმის ბაღზე, თანაც იმ დროს, როცა წინა დღეს ხარება იყო და შემდეგ დღეს კი ბზობა გათენდება. რვა აპრილის ატმის აყვავებული ბაღი ეს არის ის, რაც უნდა ნახო სანამ არ მომკვდარხარ.
ერთ მხარეს კავკასიონის დათოვლილი ზეგანია და ალაზნის ჭალა, ახლადამწვანებული, ნორჩი, ყვავილოვანი, ხოლო მეორე მხარეს კი გურჯაანელი მიხოს მიერ გაშენებული ატმისფერა, ატმის ხეების აყვავილებული ბაღი. შედიხარ და იკარგები და დროც და ადგილიც ერთდროულად ქრება.
გზას განაგრძობ და ისე გადადიხარ საზღვარზე ვერც კი იგებ, რომ სხვა, მეორე ქვეყანაში შეხვედი. უბრალოდ, შენს ბიომეტრიულ პასპორტში პირველი ბეჭედი ჩნდება - საზღვარი გადალახულია, რუბიკონი დაძლეულია და შენ საქართველოდან საქართველოში გზას აგრძელებ.
ლაგოდეხს ებმის ზაქათალა.
ტაქსით ვაგრძელებთ კახამდე გზას. ბელაქანი.
ტაქსის მძღოლი ნადირია, აზერბაიჯანელი, რუსულიც ნაკლებად იცის.
აზერი მესაზღვრის კეთილი იყოს თქვენი მობრძანება“ აზერბაიჯანში, ახლა ნადირმა გააგრძელა.
ბელაქანს რომ გავცდით იქუხა, იჭექა. და დასცხო.
საზღვარს რომ გადავდიოდით ფეხით, შირაქის ველიდანაც ანათებდა ცას ელ-ჭექი, და ვაშლოვანის ნაკრძალის და ზღვის ფსკერიც ნათდებოდა.
ერთ დროს, იყო ასეთი დრო კახეთი ხომ ჰერეთს ერთვოდა, იმ დაუნგრეველი გალავნით, ცით, ჰაერით ღმერთით, ასევე, კასპიის ზღვა შავ ზღვას. და ეს ზღვის ნაწილი, სწორედ კუხეთ-ჰერეთის შუა იდვა - შირაქის საძოვრებთან, ვაშლოვანის ნაკრძალთან.
ნადირთმწყემსმა სულაც არ გაიკვირვა, როცა გაიგო რომ ქართველები ქართულ სოფლებში სტუმრად მივდიოდით და თანაც, მათ შორის ერთი გასათხოვარიც ვიყავი. მოულოდნელად გზაზე მელიები ან მელატურები გადარბოდნენ, ნადირი შეჰყვირებს: ვოოლკ. ვოოლკ. ადინოკი ვოლკ.
გვაშინებდა ან გვამხიარულებდა.
ჭარ-ბელაქნის „ტეკს" უსაფრთხოდ არ გავცდით. გამოგვეკიდა თათრული პატრული. გაგვაჩერეს. თურმე მანქანის უკან სავარძლებზე ხუთის ჩაჯდომა იკრძალება იქაური კანონით, მაგრამ ნადირი არ დაბნეულა, უცბად გადახტა და მოურიგდა პოლიციელს. თურმე, შევარდნაძის დროს რომ გვყვავდა „ტეკის“ მილიციელები და ერთი კილო მარწყვისა და ერთი გალა ნივრის ფასად გატარებდნენ გზაზე, ეს პრაქტიკა ჯერ კიდევ სჭრის იქ, ჰოდა, ცოტა ივაჭრეს და ბოლოს, რამდენიმე ათეულ მანათად დაიხსნა თავი ნადირთმწყემსმა და გზაც განვაგრძეთ.
-ჩამიშვესო სხვა ტაქსისტებმა!- გულნაკლულად თქვა.
-იქ რომ იდგნენ?! - ვკითხეთ.
-ვიცი ვინცაა
 როგორც ჩანს ნამდვილი ნადირი ის იყო.
ასე, უცნაურად მივიწევდით წინ.
რაც არი არის. აზერებს ჰყვარებიათ მაღალგალავნიანი სახლები. ისეთი მაღალი ჩიტი რომ ვერ შეფრინდება და ჭიანჭველა ვერ შეძვრება. სახლები არც ჩანს. ეს ალბათ, დიასახლისების დამალვის კიდევ ერთი ხერხია. ნადირმა: ჩვენთან პატარა გოგოებს, 13 და 14 წლისებს არ ათხოვებენ, ეგ ალბათ საქართველოს თათრების წესიაო. თუმცა ქალი სახლში უნდა იყოს და შვილებს და ოჯახს მიხედოსო. ქალები ძირითადად სახლში არიან, და არც სამსახურებში არ დადიანო, მაგრამ აი, პრეზიდენტის მეუღლე ძალიან კარგი ადამიანიაო, კეთილიაო.
აი, კახის რაიონის სოფლებში რომ შევედით, მაშინ გამოჩნდნენ ვოლკები თუ მელატურები, ამინდიც შეიცვალა, გამოიდარა, ბნელოდა უკვე, მაგრამ სხვანაირი სინათლე ჩადგა სოფლებისკენ მიმავალ გზაზე. დაბალი ღობე და განათებული ეზო. მაღალი ხეივანი და აბიბინებული ვაზი.
საქართველოდან ქართულ სოფელში ვართ. მასპინძელიც რეკავს.
ნადირი შევითანხმეთ მეორე დღის საღამოს მოგვაკითხავს და წაგვიყვანს. უხარია და გვემშვიდობება.
ჩვენი მასპინძელი სუყაშვილების ოჯახია.
ჯერ არ მითქვამს - ერთმა კარგმა გოგო პოეტმა, მეორე კარგ პოეტ ბიჭს პროექტის იდეა ჩაუსახა, ლიკა ჭელიძემ ლაშა ბიბიჩაძეს, ჰოოდა, მოხდა ასე, ამ პროექტმა ერთად და ერთად.ჯიმ“ და ერთად დგომით მოიგო ჰერეთელი ახალგაზრდებისთვის თანამედროვე ქართველი პოეტების პოეზიის საღამო. ამ ნათელი მისიით ერთ-ერთი ჰერეთელი პოეტის ზაზა სუყაშვილის ოჯახისკენ ავიღეთ გეზი. და ამ ოთხეულს მეხუთე ამირან ჯანჯღავაც შემოგვიერთდა, ისიც პოეტი, და თანაც მეგრელი. ერთი მეგრელი ყველგან გყავდესო, ძველებს უთქვამთ.
ამირანი და ნადირთმწყემსი ჭარ-ბელაქნის გზაზე დაძმობილდნენ. ამირანისთვის, ღამის იდუმალებაში გახვეულმა კახეთისა და დაღესტნის კავკასიონს ქედი არ მოუხრევინებია.
გვიან მისულებს ალიბეგლოში,  ქათმისხევში უფრო კი ვაშლოვანში მასპინძლების ოჯახი გარეთ დაგვიხვდა. ქართულად და გემრიელად გვიმასპინძლეს.
დიდი და ღონიერი ოჯახი ფეხზე მყარად დგას.
ვხედავთ კარგად მოვლილ ეზოს და აყვავებულ მსხლისა და ვაშლის ხეებს.
უამრავ ყვავილებს, როგორც ოთახის ასევე ბაღისას. ვხედავთ ეზო ორნაწილად არის გაყოფილი, მეორე მხარეს საქონლისა და ფრინველთა სადგომებია, ღორების ჭყივილიც მოისმის.
პირველი სართული საზაფხულოა და ამიტომ, მეორე სართულზე გაშლილ სუფრაზე გვიწვევენ.
ზაზას მშობლები და ბებია და რძალი და ბიძაშვილი პატარა გოგო, ქართულად რომ გვესალმება და ისე იღიმის, თითქოს მზე ამოიწვერა.
ზაზას დედა ჭაჭაშვილია, ეთერი. ბებო, დედის დედა ნაზი, ულამაზესი თვალებით, ქართული ჭკვიანი და კეთილი თვალებით. მამას ეტყობა რომ მშვიდია და ოჯახისმოყვარე.
ქართულ არხზეა ტელევიზორი ჩართული, სუუ.. ამინდის დროა. აბა, როგორი ამინდია საქართველოში. -ჩვენ ამინდსაც კი სულ ვიგებთ, სულ ვკითხულობთ, როგორი ამინდია საქართველოში; - აქ არ შეიძლებოდა არ აგტირებოდა.
დავლოცეთ ფუძე-კერა.
მოვყევით აქეთურისაც და იქეთურსაც.
„აქ, კორუფციაა.  ჯერ კიდევ, შენი განათლებით შორს ვერ წახვალ. საბჭოთა წესებია. ჩვენთან, თათრები არ ცხოვრობდნენ, ერთი ორი ლეკური სოფელი იყო. ახლა კი ჩამოვიდნენ. მიწაზე შლიდნენ სუფრას და ისე, ხელით ჭამდნენ, ამათ ჩვენიდან ისწავლეს ბევრი რამე. კახში ძირითადად ქართული სოფლებია, ქრისტიანებად დავრჩით.
როგორი ამინდია საქართველოში?!
საქართველოდან საქართველოში.
საზღვრები პირობითია.
არ არსებობს საზღვრები.
სულიერებაში ყველა საზღვარი არის ფლიდობა, და ფუჭი.
არის მიწა. სისხლი. და არის ეს ყველაფერი ქართული.
გვიან ვწვებით.
თითქმის თენდება ბზობის დღესასწაული.

დღე მეორე. 9 აპრილი. ბზობა.გლოვა.ტიტები და ბზები. წმინდა ნინოს ტაძრები. თამარა ბაბო. შალოშვილებში. ქურმუხის წმინდა გიორგი. ღელე რომ დამანგრეველად იქცევა წამიერად. თამარის ხიდი და დაღესტნური სოფელი.
დილა არი ნათელი, მზიანი. ნაწვიმარი. ეზო სუყაშვილების სახლისა კიდევ არი ძალიან კოპწია. იმ დროს ვიღვიძებთ საქონელი რომ გადის ბოსლიდან და გარეთ უერთდება სხვა მეზობლების საქონელს, ერთიანდება და ნახირი მიდის ქვევით ალაზნის ჭალისკენ.
კამეჩები და ძროხები ხუთ-ხუთად ეტყობა, რომ მშრომელები არიან.
შინ დარჩენილი ზმუიან ბოჩოლები და ზაქები.
წყალთან ახლოს ქვევრია მიწაში და თითქოს, მის თავზე გაშენებულ ხეივანს ასცქერის მშიერი თვალებით.
ზაზა ამბობს, რომ მარნები ჰერეთელებს ეზოებში ჰქონდათ. მტერი რომ შემოდიოდა პირველს ღვინოს და ქვევრს ეძებდა. ეზოებში კი ძნელი საპოვნელი იყოო. ასე ინარჩუნდებდა საზიარებელ ღვინოს ძველად ჰერეთელი გლეხობა.
ყავა აივანზე დავლიეთ.
რძე რომ ახლადმოწველილია იმ სახლში ფუძის ანგელოზები ფერხულს მართავენ.
მაწონი, კარაქი, ხაჭო, ერბო, ყველი, ნაღები -
ისეთი ამბავია რა გინდა სულო და გულო.
მზეს სხვა სითბო აქვს,
ყავასაც სხვა გემო.
გავდივართ სახლის წინ, ქუჩაში.
გამოსულან ალიბეგლოელი ქართველები, მეზობლები, კითხულობენ ზაზას, ხელს ართმევენ. გამორბის ზაზას ტოლი ბიჭი და კოცნის და გვიცინის.
ცოტა დარდი არის მათ თვალებში, ცოტა გვიანი და დაწურული სევდა.
ზურგიდან, ოდნავ წელში მოხრილები, ჩათბუნებულები შედიან სახლებში.
ჩვენ მივდივართ სოფლის დასათვალიერებლად. ბიჭი ჯარიდან დაუბრუნდათ და ერთი ოჯახი დიდ წვეულებას მართავს. მთელი სოფელია დაპატიჟებული.
9 აპრილის მემორიალია სოფლის ცენტრში, ძალიან ლამაზი, ქართული ჩუქურთმებით გაფორმებული ქვებით. ისეთია, რუსთაველზე რომ დაიდგმებოდა.
იქვე შორი-ახლოს კი სტალინის ბიუსტია.
კონტრასტი.
ალვის ხეების კორიანტელია, დიდი, ტანმაღალი და ახოვანი ალვის ხეების ფოთლების ლივლივი.
ალიბეგლოს ძველისძველი, წმინდა ნინოს ეკლესია,


იცით, როგორი არის?!
აი, დაბლობზე, გაიხედავ და აზიდულია ეს კავკასიონი, მაღალ-მაღალი.
იქავე კი ეს ულამაზესი ტაძარი დგას. ჯიუტ, ნაწნავებიან პატარა გოგოსავით.
ეკლესია დაკეტილია. კახის მღვდელმსახური ბზობის წირვას კახის წმინდა გიორგის სახელობის დიდ ტაძარში აღავლენს. დიდხანს ვიყავით ეზოში და ზაზაც ცდილობს მოგვიყვეს სხვადასხვა ლეგენდები, ამბები, რაც ამ სოფელს, ამ ხალხს უკავშირდება.
უცბად ახსენდება რომ აქვე თამარა ბაბო ცხოვრობს. ლექსების მოყვარე, და თავადაც პოეტი. მივედით და თითქოს ჩემი სოფლის, ყვარლის რაიონის სოფელში ვარ და მეზობლის სახლს ვსტუმრობ. აუჩქარდა გული, აკანკალდა თეთრგრძელნაწნავიანი და შავთვალწარბა ულამაზესი 85 წლის თამარა შიოშვილს და  აგვიყვანა აივანზე და სკამები გამოატანინა ქალიშვილს. მოგვიყვა ხევსურულ კილო-კავზე ჰერეთული ამბები.
როგორი პაპა ჰყავდა და ბიძები. მერე ერთი ბიძა სამამულო ომსაც შეეწირა. პაპამისი, დავითი, თურმე ეკლესიას უვლიდა და ინახავდა, ამის გამო ბაქოელი თათრები მტრად მოჰკიდებიან. ერთ დღესაცაო, შუაღამისას მოვიდა სოფელში ამბავი რომ თათრებს მოჰყავთ მოლაო და უნდა გადაგვარჯულონო, ვინც რჯულს არ შეიცვლის. იმას მოჰკლავენო. მამაკაცები აიყარნენ და ქვევით ალაზნისაკენ წავიდნენო. ზამთარია, ყინავს. ვინც შირაქს გაასწრებს, სიცოცხლესაც შეინარჩუნებს და რწმენასაც. მდინარეში მიუსწრეს და ბევრი ჩახოცესო. დილას კი მდინარე გაწითლებული წყლით მოდიოდა.
მოცვივდნენ მერე სოფელში და აგვაწიოკეს, გაგვქურდეს.
თამარა ბაბოს და აქაურებს ზოგადად, უცნაური კილო აქვთ. უფრო მთის ხალხს, რომ ახასიათებს, ისეთი. ხევსურები რომ საუბრობენ. ხმოვნებს ესენი კვეცენ. ასევე ძველი ხარიც შემორჩენილი აქვთ, უცნაურად სასას ენის მიბჯენით გამოითქმის.
სწრაფად თუ საუბრობს ჰერეთელი, ბევრ რამეს ვერ გაიგებ. გგონია სხვა ენააო. თუმცა კილოთი და ქართული ასობგერებით ყური მიხვდება რომ ქართულია. ბევრი სხვა რამეც გაიხსენა თამარა ბაბომ. სიამაყით თქვა რომ სოფელი ქრისტიანული წესებითა და ტრადიციებით ცხოვრობს და ქართულიც ყველამ იცის.
34 წლის 4 შვილით დავქვრივდიო. ღანძილს ვაგროვებდი, დავდიოდი ღანძილზე და გავდიოდი ალაზანს და იქეთ, მხარეს ვყიდიდი. ალოებზეც მივლია, ხორბლის ასაგროვებლად, ალიონზე, გუთნისდედური მომისმენია ნაშუაღამევს.
რამე დაგვაბარეო, და სამახსოვროდ ქურმუხობას, ექვს მაისს ჩამოგიყოლებთო და ამან, ლოცვითი წიგნი მინდაო.
მერე შვილიშვილის ქორწილშიც დაგვპატიჟა, ჩემები ხართო, პირცარიელს როგორ გაგიშვებთ, ახლავე ქათამს მოვთუთქავო.
მამა ანდრიას წიგნი, „ნუ გეშინიან რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსამქონდა თან წაღებული. ორადორი წიგნი, ჩემი ლექსები და მამა ანდრიას წიგნი წავიღე. ბევ წიგნს საზღვარზე არ გატანინებენ.
ვაჩუქე მამა ანდრიას წიგნი.
მასპინძელს დავუტოვე და გადასცემდნენ.
რა უცნაური და მისტიურია ეს ამბავი. მამა ანდრიაც ქრისტიანობისთვის დახვრიტეს და ისიც დროებით მოწყვეტილ მიწაში განისვენებს, აფხაზეთში და ეს ჩვენი საქართველო, როგორც ჯვარზეგაკრული იესო, აფხაზეთიდან ჰერეთამდე, მაგრამ მაინც როგორი სიცოცხლიანი, უკვდავი და უფალთან შეზიარებული.
 როცა უკან, სახლში მივბრუნდით, უკვე ძალიან გვიყვარდნენ ჰერეთელები. ზაზას მამამ და ბიძამ მანქანები დაგვახვედრეს და კახისკენ ავიღეთ გეზი. ზაზას დედა და ბებო კი ფუსფუსებდნენ ჩვენთვის გემრიელი სადილი რომ დაეხვედრებინათ.
გზა, რომელიც ღამე გამოგვატარა ნადირმა და მგლებით იყო სავსე, დაგვხვდა მზიანი, ამწვანებული თხილის ბაღებით, ნათესებში იდგნენ ჰერელი კაცები და ხელებს გვიქნევდნენ. მდინარე ქურმუხს კალაპოტი კი განიერი ჰქონდა, მაგრამ თვითონ ღელესავით მოდიოდა. ისეთი მოვარდნა იცის, ისეთი, როგორც წარღვნა. ორი ქურმუხია, როგორც ორია არაგვი. შავი და თეთრი. ჩვენი ქურმუხიც ასეა. მოდის კავკასიონიდან და მთის ჩქარი და გადარეული მდინარე ხდება, გაზაფხულზე, თოვლის დნობისას. რამდენჯერ სოფელში შემოვარდნილა და სახლები დაუტბორავს.
გზა-გზა გვიყვებოდა ზაზას მამა.
კეთილი.
მეც მინახავს ეგ ჩქარი, თუმცა ავანისხევი ქვია, ახალსოფელში, ძველ გავაზში, იქ არის ერთი თავწმინდა უძლიერესი გიორგი. იქაც, 6 მაისს ადიან მლოცვლებეი მთელი კახეთიდან ჰყავს მომლოცველები. მინახავს.
კახი დაგვხდა გალამაზებული, თურმე ერთი ძველი ქართული სახლი თავის ქართული ჭიშკრით, იმერეთში რომ ხშირად გვხდება, წინკარს რომ ეძახიან კრამიტით გადახურული, ორი ბოძი, სწორედ ასეთი გადარჩენილა კახში და მოსწონებიათ აზერებს და მთელი კახის მოსახლეობისთვის სახლებისთის სწორედ ასეთი ჭიშკრები შეუბამთქართული  საქმე გაუკეთებიათ და ძალიანაც კარგი.
ერთი ძველი აგურისა და ქვისგან ნაგები სახლი, სწორედ ასეთი ძველი წინკარით დაგვანახეს გზიდან. თურმე მიტოვებულია და იქ უცნაური ამბავია მომხდარი. ცოლ-ქმარი დაბინავებულა და ცოტა ხანში ორივე გამქრალა. ოცი წლის მერე კაცი დაბრუნდა და ყრუ-მუნჯად იყო ნაქცევი. არაფერს ყვებოდა, მალე კი გარდაცვლილა და აღარავინ შესულა ამ სახლში საცხოვრებლად. მეზობლები იმასაც ამბობენ, რომ სახლიდან შუაღამეს უცნაური ხმები გამოდის, ქალის კივილი, ხანდახან კი წივილიც კი.
ამ სახლს რომ გავცდით, გამოჩნდა კახის წმინდა გიორგის ტაძარი. ბზობას აღნიშნავდნენ კახელები. ჩვენც შევედით. ამ ტაძარს ძალიან საინტერესო ეზო აქვს, აქ იმ ადამიანების საფლავებია, ვინც ისევ გააქართველა ჰერელები, ვისაც ამაგი აქვს მათ თავიდან ქართული ენის შესწავლაში და მოქცევაში.
უცნაურია, რომ თუთის ხე მათი საფლავებისკენ ბუნებრივად გადახრილა, დაუჩოქებია და კვლავ ასულა მაღლა. 

მოძღვარი, როგორც ქრისტეს მხედარი ასე მყარად იდგა და აღასრულებდა თავის საქმეს. ლოცვითი წიგნი თამარა ბებოს იქ შევუძინეთ, სანამ საქართველოდან ჩავიტანთ. სანთლები დავანთეთ, ვილოცეთ წმინდა გიორგის ხატთან და იქ მყოფებს ბზობის დღესასწაული მივულოცეთ.
ტაძრის ეზოში სახელდახელოდ გავმართეთ ქართული სკოლისა მოსწავლეებთანდა ასევე, ქართლი სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის წევრებთან ერთად პოეზიის საღამო. ბევრი ლექსი ითქვა, მერე ვისაუბრეთ თანამედროვე ქართველ მწერლებზე, ბოლოს კი ჰერეთელმა ბიჭებმა გვიმღერეს და გამოგვაცილეს.
ანსამბლს ქართულის ფორმები არ აქვს. აქ ჭირს ჩოხა-ახალუხების მოძიება და შეკერვა მით უმეტეს, არც გადმოტანაა ადვილი.
შემდეგ ხეობისკენ ავინაცვლეთ და თამარის ხიდისკენ წავედით.

ეს ხეობა და მიმდებარე მიწები ქართველების საკუთრებაა, თუმცა შეუსყიდიათ ბაქოელ აზერბაიჯანელებს და დაღესტნის საზღვრამდე საკუთარი დასასვენებელი აგარაკის სახლები აუშენებიათ. გზაზე შემოგვხდა მაღალგალავანშემორტყმული ალიევების რეზიდენცია. თურმე ალიევების ოჯახს ყველა რაიონში სწორედ ასეთი გრანდიოზული რეზიდენცია აქვთ და საზაფხულოს, ან საზამთროდ ან სტუმრებისთვის იყენებენ.
დაღესტნის საზღვარზე კი უცნაური ციხე შემოგვხდა, ისეთია ფეხს არ მიგაკარებინებსო, როგორც ჩანს ძველი მეციხოვნეებისაა და იქვე, უკვე ხეობის ბოლოს თამარის ულამაზესი ხიდია, მდინარე ქურმუხზე გადებული. ორ კლდეზე ამოშენებული აგურის ხიდი აგერ მერამდენე საუკუნეა მყარად დგას, დგას და თამარის და ჩვენი საქართველოს ოქროს ხანას, საუკუნეს აცოცხლებს, მდინარე ქურმუხსაც უძლებს.
იქაურობა აზერბაიჯანს ნაკრძალად აქვს გამოცხადებული. ზაზას ბიძამ, აქვე ახლოს არის ლეკების სოფელიო. ციხე-ქალაქი. ლეკები გვეძმობილებიან ქართველებს, ნათესავებს გვიწოდებენო და გვაქვს ასეთი ძმობა, სანადიროდ გვეძახიან ხოლმეო. თურმე ამათ საზაფხულოდ მაღლა ალპურ ზონებისკენ აჰყავთ საქონელი, და იქ ლეკები და ქართველი მწყემსები ერთად ბინადრობენ. შატილს ჰგავსო ძალიან ის სოფელი, გადაბმული სახლებიაო და ბანიანი ციხეები. აგიყვანდით, თუმცა ახლა იქ დიდი თოვლია და შეგცივდებათო.
შემდეგ კი დავეშვით კახიდან და შემოვუარეთ ამ ულამაზეს ხეობას და წავედით ქურმუხის წმინდა გიორგისაკენ.
ასასვლელი ჰგავს ნეკრესის გზას. იქვე აზერებს გამოუკრავთ თავიაანთ თათრულ ენაზე, რომ ეს ძეგლი ალბანურიაო და მესამე-მეოთხე საუკუნეებს ეკუთვნისო. აბრეშუმის გზაზე რომ დგას ეგეც კი ეწერა, მაგრამ აი, შემდეგ ცამეტ საუკუნეზე მეტი რომ უკვე წმინდა გიორგისაა ეგ კი დავიწყებიათ.
აქ, მართლაც უცნაური გარემოა, როგორც ჩანს ვულკანურ ქანზე, რომელზეც ულამაზესი აკაციების ტყე გაჩენილა ხანძრის ჩაქრობის მერე, შავ-შავი ვულკანური ქანები აქლემების კუზებს წამგვანებია. ზაზამ, ერთხელ თურმე აქაურ ბერებთან აქლემების მექარავნეებს რაღაც შეეშალათ და ბერებმა ძაან ცუდად მიაწყევლეს, და დილით გაქვავდნენო და ახლა ამ აქლემებს ვუყრებთო, ბორცვებზე. ადიხარ და თვალწინ გეშლება მთელი მიწიერი სასუფეველი. ზურგს უკან კავკასიონია, მთების ზურგიდან ერთი-ორი თეთრი ფთილა ღრუბლისა თუ ამოიპარება, დანარჩენი სანახაობა კი წინაა. შირაქის ველი, მთელი ალაზნის ხეობა, მთელი ველი და სიგიჟე შენს თვალ წინაა, მთავარია თვალი არ მოგჭრას ამ სილამაზემ, იტვირთო, შეძლო დაიტიო შენს პატარა მოლეკულა კოსმოსში.
მოხდა კიდევ ერთი უცნაური ამბავი: ღიაა ეკლესია. ეს იმდენად იშვიათი რამეაო, ზაზას მამამ და ბიძამ ვერაფერს ვიტყვითო. მხოლოდ გიორგობას, 6 მაისს იხსნებაო, დანარჩენ დღეებში სულ დაკეტილიაო. აგურის ტაძარს ახლა გუმბათიც აქვს და ჯვარიც. გურამ თიკანაძის ფოტოზე რომ არის დაქცეული, იქ მართლა წარმართულსა ჰგავს. ეს ხომ ადრე მთვარის ტაძარი იყო და თურმე ბერად ადამიანს შეუთქვამდნენ, ზურგზე ჯაჭვს მოახვევდნენ და ნატები, ტაძრის ქურუმებიფეხშიშველს ატარებდნენ ტაძრის გარშემო, ეს ფეხშიშველა სიარული ხომ ახლაც არის შემორჩენილი, მერე კიდევ ზღრუბლთან დანას, მახვილს დაარტყამდნენ და ამ კაც-მსხვერპლზე უნდა გაგევლო, ფეხი დაგეგდა, რაღაცა მადლი წაგეღო.
სანთლები დავანთეთ, ვილოცეთ. საქართველოს ჯვრიდან ჩამოსვლა და აღდგენა-გამთლიანება ჩავუთქვით, ლექსებიც გადავძახეთ ქვევითა საქართველოს და დავბრუნდით. სატაცურები და უამრავი მწვანილობები, ყვავილობები, და უცნაური ხატის ტყე. 



ასეთი საოცარი რამეა ჰერეთი.
სახლში დაღლილები მოვედით.
სახელდახელო სუფრაც გააწყვეს.
ისეთი გემრიელი რამე მოგვიხარშეს სხვაგან რომ ვერ ჭამ, ჰერეთული ამბავია, ნაზი ბებომ გვასწავლა:

რეცეპტი ჰერეთიდან
ნაკეპი ცომი მოხარშული ქათმის წვენში
ცომს მოვზელთ და გავაპრტყელებთ, დავჭრით კუბიკებად,
მერე ცერა თითის გასმით მივცემთ ფორმას.
ჩავყრით მდუღარე მოხარშულ დედლის წვენში, ბულიონში და
მოვხარშავთ.
იჭმევა წვენთან ერთად, სურვილისამებრ მოხრაკულ პამიდორთან ერთად, რომელიც ახალი ქინძითაა შეკაზმული.

კიდევ, სხვანაირი გემრიელი ღვინო აქვთ აქურებს, ღვინო და ჩაი. აღმოსავლეთია, კავკასია.
წამოვედით და დავემშვიდობეთ ულამაზეს საქართველოს, რომელიც საზღვრების იქეთაც და აქეთაც საქართველოა.
ნადირმა არც ერთი წამით არ დააგვიანა.
გზაზე ამირანმა აიწყვიტა, რა თქმა უნდა, ჯაჭვი და ბევრი იმღერა, სიმღერა ამირანისა სხვა დროს.
ჯარიდან ახლადჩამოსული ბიჭის ეზოში გაშლილი სუფრებიც ნელ-ნელა ირეოდა. სოფელი თითქოს ბზობას დღესასწაულობდა, ამ ახლაწვეულის სახელით.
.. უკვე ბზობა, 9 აპრილი მთავრდებოდა. საზღვარს ისევ ფეხით ვკვეთდით, ისევე გაწვიმდა.
მე, ძეგვის ბავშვთა სახლისთვის მზიურის პარკში პოეტებთან ერთად საქველმოქმედო საღამო უნდა გამემართა, მაგრამ ჰერეთი დამემართა. ჩემი მეგობრები კი ქარსა და წვიმაში, ზუსტად 25 ლარის გამო გაიყინენ, ასე, იყო.
აზერმა მესაზღვრემ, სანამ დამიდასტურებდა უკან დაბრუნებას, ორჯერ ამომხედა და ერთხელ კამერაში ჩამახედინა, ზაზას უთხრა თავის ენაზე, შეხედავ ბავშვს ჰგავს და აქ კიდევ მეეჭვება თარიღიო.
გამაღიმა, რა. ალბათ, სახე ჩამომტიროდა, მაინც. ჰერეთის გამო და ისეც.
ატმის ბაღს კოკისპირულ წვიმაში გავცდით.
და დავბრუნდით საქართველოდან საქართველოში.

ისტორია გვახსოვს:

ივანე ჯავახიშვილი 

 “საქართველოს საზღვრები”

შესავალი

საუკუნეთა განმავლობაში საქართველოს სახელმწიფოს სამზღვრები ტომობრივ მოსახლეობის სამზღვრებს არა ერთხელ გასცილებია, და ძლიერების ხანაში XI-XI საუკუნემდე, განსაკუთრებით მე-XII საუკუნეში დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის დროს საქართველოს, მთელი ამიერი კავკასიაც კი ეკუთვნოდა. ქვემო მოყვანილს მონოგრაფიაში განხილულია საქართველოს მხოლოდ მჭიდროდ შემოფარგლული სამზღვრები, ისე როგორც თვით იგი ისტორიული და პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი. აგრეთვე გეოგრაფიულ და ეკონომიური პირობების წყალობით ჩამოყალიბდა.
თითქოს თვით ბუნებას შეუქმნია ქართველ ერისათვის ბუმბერაზი დარაჯი კავკასიონის მთავარი უღელტეხილი ჩრდილოეთით და მაღალი მთების ზღუდე სამხრეთით, დასავლეთით კი მის ტერიტორიას შავი ზღვის, ხოლო აღმოსავლეთით მდინარეების ზოლი აქვს შემოვლებული. ამ მხრივ საქართველო ერთს საუცხოვოდ გარემოზღუდვილს ქვეყანას წარმოადგენს. სხვათა შორის ამ პირობების წყალობითაც შესძლო ქართველმა ერმა თავი ხანგრძლივ ისტორიულ არსებობის დროს მრავალ, ხშირად თავისზე გაცილებით უფრო ძლიერი მტრების მოგერიება და თავისი ეროვნების დაცვა.
ეს გარემოება საქართველოს მტრებსაც ესმოდათ და ამიტომ არა-ერთხელ ყოფილა, რომ ჩვენი ქვეყნის ამა თუ იმ მონაპირე კუთხის დაჭერა და ჩამოშორება უცდიათ. მაგრამ საქართველოს პოლიტიკურ მოდვაწეებსა და მთავრობასაც თავისი სახელმწიფოს ამ ბუნებრივ სამზღვრების დაცვის უაღრესი მნიშვნელობა ჩვენი ერის არსებობისათვის მშვენიერად ჰქონდათ გათვალისწინებული და ამის გამო მტრების ყოველს ამგვარს განზრახვასა და წადილს მედგარს წინააღმდეგობას უწევდენ.
წინამდებარე მონოგრაფია სწორედ საქართველოს სამზღვრებს არკვევს ისტორიულადაც, — თუ როგორი მოხაზულობა ჰქონდა მას წარსულში ან როგორ იცავდა ამ სამზღვრებს ქართველი ერი საუკუნეთა განმავლობაში, — და თანამედროვე ცხოვრებისა და აწინდელი პირობებისდა მიხედვით, — თუ რა ნაირად უნდა შემოიხაზოს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო სამზღვრები ამ ჟამად, რომ საერთაშორისო სამართლისა, 1783 წ. რუსეთთან დადებულ ხელშეკრულობითა და ეროვნებათა თვითგამორკვევის უფლებით უზრუნველყოფილი ქართველი ერის პოლიტიკური უფლებები არ შეილახოს და სამართლიანობა აღდგენილი იქმნას.
სამზღვრების მიმოხილვა ჯერ დასავლეთ-ჩრდილოეთითგან იწყობა, შემდეგ აღმოსავლეთისაკენ მიდის, მერმე აღმოსავლეთის სანაპირო ხაზს და სულ ბოლოს სამხრეთის სამზღვარს ეხება აღმოსავლეთითგან მოყოლებული დასავლეთის ხაზის უკიდურეს წერტილამდე.
 

I . ჩრდილოეთის სამზღვარი.

§ 1. ჩრდილოდასავლეთის ხაზი. აფხაზეთჯიქეთი.

სრულიად საქართველოს ჩრდილო-დასავლეთის უკიდურეს სამზღვარზე აბხაზეთი იყო და ეხლაც იგივე კუთხე ჰსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკას.
ისტორიულის ცნობების მიხედვით მე-XI-ე საუკუნეში ეს მოსამზღვრე ხაზი საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებს შორის ძალიან ჩრდილოეთით მდებარეობდა, სახელდობრ, იმ ადგილას, სადაც კავკასიონის მთავარი ქედი იწყობოდა. მოსამზღვრე ხაზად მდ. ყუბანის შესართავი და კავკასიის ქედის წვერი ითვლებოდა (ლ. მროველი იხ. ქართველი ერის ისტ. II, 311 და 266).
ასე ჩრდილოეთით იმიტომ იყო სამზღვარი წაწეული, რომ მაშინ ჯიქეთი და ალანთა ქვეყანაც აბხაზეთს ეკუთვნოდა. თუ ჯიქნი აბხაზთა მოძმე ტომი იყო და მათი აბხაზეთთან ერთობა სრულებით ბუნებრივად უნდა მიჩნეული იქმნას, ალანთა შესახებ ამის თქმა არ შეიძლება. მაინცადამაინც ცხადია, რომ დოაბზუ ანუ ტუაფსე აფხაზთა საკუთრება იყო იმიტომ, რომ თვით ეს საგეოგრაფიო სახელი სწორედ ამასა ნიშნავს. მაგრამ საკუთრივ აბხაზების ჩრდილოეთის სამზღვარი ბიჭვინტის მონასტრის ჩრდილოეთით მდებარეობდა. (იხ. ქართველი ერის ისტ. II, 315). ხოლო ამის შემდგომ უკვე აბხაზთა ტომის ჯიქების მიწა-წყალი იწყობოდა.
ვახუშტის სიტყვით მის დროინდელს, მე-XVIII-ე საუკუნის, აბხაზეთსა და ჯიქეთს შორის სამზღვრად ზღვა და კაპოეტის წყალი იყო (გეოგრაფია 406 და 408), ჯიქეთის ჩრდილოეთის სამზღვარი კი წინანდებურად კავკასიონის ქედი ყოფილა. დასავლეთ საქართველოს 1732 წ. რუკაზეც ჯერ სწერია ”კაპოეტის წყალი”, შემდეგ ხაზია გასმული და ნათქვამია “აქეთ ჯიქეთიო” (იხ. რუკა), ე. ი. ჯიქეთი კაპოეტის წყლის იქით, ანუ ჩრდილოეთით მდებარეობსო. თანამედროვე რუკებზე კაპოეტის წყალი არ არის აღნიშნული, მაგრამ 1732 წ. ალექსანდრე მეფის ბრძანებით შედგენილს დასავლეთ საქართველოს რუკაზე და სრულიად საქართველოს მოსკოვში 1743 წ. გადახატულ რუკაზე ეს მდინარე ბიჭვინტის ჩრდილოეთით არის აღნიშნული. მაშასადამე კაპოეტი ეხლანდელი მდ. ბზიბის ძველი სახელი უნდა იყოს.
თუ 1743 რუკას დავხედავთ, იქითგან სჩანს, რომ სამზღვარი მდ. კაპოეტის წყალზე ანუ ბზიბზე კი არა ყოფილა, არამედ ამ მდინარის ჩრდილოეთით მდებარე კავკასიონის ქედ-ქედ. ბურნაშევის მიერ შედგვნილს რუკაზედაც სამზღვარი კაპოეტის წყლის ანუ ბზიბის საკმაოდ მოშორებით, ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს და მიმდინარეობს. ყველა ამ საბუთების გამო უნდა დავასკვნათ, რომ მდ. ბზიბი მთლად თავის შემდინარეებით აფხაზეთის სამზღვრებში იყო, ამიტომ მოსამზღვრე ხაზი უეჭველია ამ მდინარის აუზის ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ მდებარე გამყოფელი ქედის-ქედ უნდა ყოფილიყო გავლებული. ამ ადგილითგან მოყოლებული აფხაზეთის ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ გადახრილი სამზღვრის ხაზი კავკასიონის მთავარ უღელტეხილის ქედ-ქედ მიდიოდა და ეხლაც მიდის სვანეთამდის.
ტომობრივ მოსახლეობის მხრივ მე-XVIII-ე ს-ის დასასრულს აფხაზეთი შემდეგ ნაწილებად იმყოფებოდა: ერთი იყო ბზიბის ხეობა, რომელიც შეიცავდა მდ. ბზიბის ქვემო ნაწილისა და აღმოსავლეთით გუდაუთამდე, მეორე გუდაუთსა და მდ. კოდორს შუა საკუთრივ აფხაზთა სათემო იყო. მესამე, აფშილეთი, მდ. კოდორსა და ღალიძგას შუა მდებარეობდა. მეოთხე სამურზაყანო, რომელშიაც მოსახლეობა მეგრული იყო და ეხლაც არის, მხოლოდ აბხაზური ენა და ზნე-ჩვეულებაც შეთვისებული აქვთ, მოთავსებული იყო ღალიძგასა და ენგურს შორის შავი ზღვის ნაპირას და მეხუთეს, წიბელდას მდ. კოდორის ხეობის შუა ნაწილი ეკავა.
ცნობილია, რომ აღმ. საქართველოს 1783 წ. რუსეთთან დადებულმა ხელშეკრულობამ და შემდეგ 1801 წ. შეერთებამ მთელი საქართველოს ბედ-იღბალიც გადასწყვიტა და სრულიად საქართველოს რუსეთის მიერ შეერთება მხოლოდ-და-მხოლოდ ხელსაყრელ დროზე იყო დამოკიდებული. ვერც აფხაზეთი გადურჩა ამ ბედს. თუმცა 17 თებერ. 1810 წ. აბხაზეთის მთავარმა სეფერბეი შარვაშიძემაც რუსეთის მფარველობა მიიღო, მაგრამ კარგა ხანს მე-XIX-ე საუკუნის მეორე ნახევრის დამდეგამდე აბხაზეთში მაინც რუსებმა ფეხი მტკიცედ ვერ მოიკიდეს და მხოლოდ 1 მაისს 1864 წელს აბხაზეთი რუსეთთან საბოლოოდ შეერთებული იყო, თვით აბხაზეთის მთავარს-კი მთელის შთამომავლობით მთავრის უფლება სამუდამოდ ჩამოერთვა.
აბხაზები უბრძოლველად არ შეჰრიგებიან დამოუკიდებლობის მოსპობას და I866 წელს აბხაზეთში აჯანყება დაიწყო, რომელიც რუსთა ძლიერ ჯარის მოსვლისთანავე ჩაქრა. მაგრამ 1877–8 წ. ომის დროს აბხაზეთში კვლავ აჯანყება მოხდა. ყველაზე ძლიერსა და მედგარს წინაარმდეგობას რუსეთის გაბატონებას აბხაზეთში წიბელდა უწევდა. მე-XIX-ე საუკუნის 30 წლებითგან მოყოლებული რუსეთის მთავრობა არა ერთხელ ამ კუთხეში დამსჯელ რაზმებსა გზავნიდა ხოლმე და ბოლოს მკვიდრი მცხოვრებნი იქითგან აყრილ და განდევნილ იქმნენ (Маевскій. Кутаисская губернія. Военно-статистйческое описаніе. ტფილისი, I 96 წ. დამატ. N 1, გვ. . 4). 1884 წ. ატეხილ ამბოხების გამო ამ კუთხის მაღლობი ადგილებითგან, დალითგანაც, რუსებმა ყველა მეკომურნი აჰყარეს (იქვე 6). ხოლო 1867 წლის აბხაზეთის აჯანყების შემდგომ, წიბელდის მოსახლეობის უკანასკნელი ნაწილიც დიდით პატარამდე, დედაბუდიანად აყრილი და ოსმალეთში განდევნილი იყო (იქვე 57).
ჯერ კიდევ 1850 წელს აქ 14000 სახლობა ითვლებოდა. 1867 წელს-კი მთელს ამ კუთხეში რუსთა წყალობით 27 ოჯახის მეტი აღარავინ იყო (Иваненко. Гражд. упр. 430). ამ დროითგან მოყოლებული კოდორის და მის შემდინარეების ხეობანი სრულებით გაუკაცრიელდა. ამის შემდგომ რუსეთის მთავრობა მთელს თავის პოლიტიკას შავი ზღვის ნაპირას ადგილობრივ მკვიდრთა, განსაკუთრებით-კი ქართველთა საწინააღმდეგოდ აწარმოებდა. ქართველებს აქ დასახლება და უძრავი ქონების შეძენა აკრძალული ჰქონდათ, რუსებს-კი, განსაკუთრებით მოხელეებსა და სამხედრო პირებს, ჩალის ფასად აძლევდენ ამ სამოთხესავით მშვენიერსა და ბუნებით უხვად დაჯილდოვებულს მხარეს.
მხოლოდ რუსეთის მთავრობის პოლიტიკის წყალობით გაჩნდა ქართველების გვერდით სხვა ეროვნების ხალხიც. რუსეთის მთავრობის ზემოაღწერილი პოლიტიკისა და საახალშენო მოღვაწეობისდა მიუხედავად სამურზაყანო აბხაზეთში და ჯიქეთის სამხრეთის მცირე ზოლში, ანუ სოხუმისა და სოჭის ოლქებში 1916 წ. აღწერისდა თანახმად 141.000 მცხოვრებთა შორის 71.000 ქართველი და 43.000 აბხაზი იყო, 6.000 სომეხი და 21.000 სულ სხვადასხვა ეროვნებისა.

§ 2. ჩრდილოეთის ხაზი. დვალეთი.

საქართველოს ჩრდილოეთის სამზღვარი აფხაზეთის შემდგომ სვანეთის ჩრდილოეთის საზღვრით არის მოხაზული და აქაც ეს ხაზი ჩვენი ქვეყნის ბუნებრივ ზღუდეს მისდევს, კავკასიონის მთავარ უღელტეხილის მარადთოვლიანს ქედს რაჭის სამზღვრამდის. შემდეგ საქართველოს უკიდურესი ჩრდილოეთი თემი რაჭაა და მისი სამზღვრის ხაზიც ჩრდილოეთით იმავე უღელტეხილის მთავარ ქედზე მიდის დვალეთამდე.
 დვალეთის შესახებ საგანგებოდ უნდა იყოს აღნიშნული, რომ იგი კავკასიონის უღელტეხილის ორ მთავარსა და პირიქითელს, ქედებს შუა არის მოქცეული. ეს ქვეყანა ყოველმხრივ მარადთოვლიან მთებით არის გარშემოზდუდული, ისე-კი, რომ ჩრდილოეთით მდებარე ქედი. ე. ი. პირიქითელი სამხრეთისაზე უფრო მაღალია და ერთს ალაგს გარდა სრულიათ გაუვალია. ეს დვალეთი ამ ადგილას საქართველოს უკიდურესი ჩრდილოეთი მონაპირე ქვეყანა იყო. ძველითგანვე დვალეთი საქართველოს ეკუთვნოდა. მაგრამ ამ სამღვარს განსაკუთრებული ყურადღება მე-XII-ე ს-ითგან მიექცია და პოლიტიკურადა მტკიცედ აქ ქართველობამ ფეხი დავით აღმაშენებელის დროს მოიკიდა (ცხოვრება მეფისა. დავითისი, გვ. 301, ქართველი ერის ისტ. II. 515). შემდეგშიაც, თვით საქართველოს პოლიტიკურ დაუძლურების დროსაც, მე-XVIII-ე ს.-ის დამდეგსაც, დვალეთი ქართველთა ხელში იყო და ვახუშტის მოწმობით “მეფეთა ქართველთა… მისცემენ დღემდე ხარკსა (გეოგრაფია 460). ვახტანგ მე-VI-ე იყო ის მეფე, რომელმაც საქართველოს ჩრდილოეთის სამზღვრის ეს მონაპირე კუთხე 1711 წელს ჯარითურთ შემოიარა, შევიდა შიგ. “ჩავლო ზრამაგა და შემოვლო ღელის-ხევი და გარდმოვლო კედელასა ზედა და მოვიდა კუდაროს და კუდაროდამ ქართლს გამარჯვებული… სწორედ მან კვლავინდებულად მტკიცედ “დაიპყრა დვალეთი და დასდვა ხარკნი… (ვახუშტი. საქართველოს ცხორება 118).
აღმოსავლეთით მას საზღვრავს “თრუსოს და ხევის საზღვარი, მერმე მყინვარის კავკასი და ახოტის კავკასი, რომელნი ძენან სამხრიდან ჩდილოდ და დასწყდების ხევის ბოლოს მდინარესა ზედა ლომეკსა, მერმე ლომეკის მდინარე ვიდრე ხეთაძე ჩერქეზის მთამდე. სამხრით მზღრვრის კავკასი ხევის ყელიდამ წარსული დასავლეთად, რომელ არს ბრუც-საბძელამდე და ზეკარ-კედელა და რაჭა-დიგორ-ბასიან შორისი კავკასნი, ხოლო ჩდილოთ ჩერქეზსა და მას შორის მთა მაღალი… და დასავლეთით მზღვრის კავკასივე რაჭასა და ღელეს შორისი, მერმე ბასიანსა და სვანეთს შორისი… (იქვე 428 – 430) ეხლანდელს რუსულს საგეოგრაფიო რუკებზე მიღებული სახელები რომ ვიხმაროთ, მაშინ დვალეთის სამზღვარი ასე გვეხატება, ჩრდილოეთით ადაი-ხოხითგან (=ქართულ ხოხის მთას) ხაზი მიდის აღმოსავლეთ-სამხრეთისაკენ არხონამდის (=ქართულ ახოტს), ხოლო დასავლეთით ამავე ადაი-ხოხის მწვერვალითგან ხაზი სამხრეთისაკენ მიდის ქედ-ქედ მწვერვალ ყაზი-ხოხამდის. შემდეგ სამხრეთის სამზღვარი იწყობა ამ ადგილითგან და ქედ-ქედ მიდის საუხოხზე, ხალიწაზე, ზეკარზე, ბრუტსაბძელზე, ხოხზე, შემდეგ როქზე არხონამდის.
დვალეთი ძველადაც და ეხლაც რამდენიმე ხეობად იმყოფებოდა. კასრის ხევად, ზრამაგად, ღელედ, ნარად, ზროგოდ და ზახად (ვახუშტი. გეოგრაფია 428). ამ დვალეთზე “გარდავლენან გზანი დიგორსა… და… გზანი ვალაგირსა და ფაიქომსა” (ვახუშტი. გეოგრაფია 444). იქ, სადაც კასრის ხეობა “მოვიწროვდების ხოხის მთის ჩამოსულის კლდითა და გლოლისა და ამის შორის კავკასის ჩამოსულის კლდითა.., გაკეთებული ყოფილა “კარი კლდისაგან და ქვითკირით ქმნული, დიდ-კამაროვანი მდინარესა ზედა. ეს კარი-ბჭე თურმე საქართველოს “მეფეთაგან ქმნული ყოფილა იმ მიზნით, რომ “არა ვიდოდენ თვინიერ მათსა ოვსნი…” ამგვარად ბუნებრივადაც და ხელოვნურადაც “არს ხეობა ესე ფრიად მაგარი და შეუვალი. (იქვე. 444). ძველად ამ კუთხეს საქართველოსთან პოლიტიკურს გარდა სარწმუნოებრივი და კულტურული კავშირიც ჰქონდა: ქრისტიანობა აქ ქართველი მქადაგებლების მიერ იყო გავრცელებული და თვით ეკლესიის ნანგრევებს, მაგ. როქის ხეობაში ეხლაც ეტყობა ქართული ასომთავრული წარწერები. ვახუშტის სიტყვით ამ ქვეყნის მკვიდრნი იყვნენ “სამწყსონი ნიქოზლისანი.” (გეოგრაფია 434).
მე-XVIII-ე ს.-ის დამდეგს ბლომად ყოფილა “ციხენი, კოშკნი, ეკლესიანი ქვითკირისანი…” რომელნიც საქართველოს “მეფეთაგან ნაშენნი” ყოფილან. თვით ხალხში ამ ძეგლების შესახებ თქმულებები ყოფილა და ვახუშტის ცნობით “უმეტეს იტყვიან… თამარ მეფისაგან” აგებულადო (იქვე 438).
მე-XVIII-ე ს-ში ეს კუთხე ეკონომიურადაც საქართველოსთან ყოფილა დაკავშირებული. მარილს. ცხვრის ტყავს, სვიას და სხვა სახმარს, რაც-კი თავიანთ ცივს ქვეყანაში ვერ შოულობდენ, თურმე ქართლითგან და რაჭითგან ზიდავდენ (ვახუშტი. გეოგრაფია 438). ბუნებამ დვალეთი მადნით უხვად დააჯილდოვა და იქ ვახუშტის სიტყვით “გამოიღებენ მიწიდამ ბრპენსა, გვარჯილასა, გოგირდსა (იქვე 438), ამასთანავე “ლითონი ბრპენისა მრავალი ყოფილა. ხოლო “გოგირდი ფრიად კარგი”. ზემოაღნიშნულს გარდა იქ არსებობდა “ლითონიცა ვერცხლისა (იქვე 444).
ამ ჟამად ამ კუთხეს არდონის ანუ ნარდონის ქვაბ-ხეობა ეწოდება. ეს არდონის ქვაბ-ხეობა, რომელიც ყოველმხრივ გარშემოზღუდულია, მაგრამ რომელსაც ჩრდილოეთისაკენ მხოლოდ ერთად-ერთი ზემოაღნიშნული ხეობაზე მდებარე გასავალი აქვს, სამხრეთით-კი საქართველოსთან მას 11 გარდმოსავალი აერთებს, მე-XIX-ე საუკუნეშიც თავდაპირველად ტფილისის გუბერნიის სამზღვრებში იყო მოქცეული და ამ გუბერნიის მთიულეთის ოლქს ეკუთვნოდა, (Филиновъ. Военный обзоръ Тифлис. Губ. СПБ. 1872 წ. გვ. 7-8). მისი სივრცე 497 ოთხკუთხ ვერსს არ აღემატება. შემდეგში რუსეთის მთავრობამ დვალეთი ანუ არდონის ქვაბ-ხეობა საქართველოს ჩამოაშორა და თერგის ოლქს შეუერთა.
საუკუნეთა განმავლობაში, როგორც დავინახეთ, საქართველოს მთავრობა ამ კუთხეს საქართველოსთვის ფრიად მნიშვნელოვან კარად სთვლიდა და ამის გამო მას ფხიზელ დარაჯად უდგა, საგანგებოდ არდონის გასავალთან ზღუდეც-კი ააგო, რომ თუ საჭირო იქმნებოდა მტრის შემოსვლის მხრივ ამ სახიფათო გზის კარის დახშვა ადვილად შესძლებოდა. ამ კუთხის ბუნებრივ აგებულებასა და თვისებას თუ დავაკვირდებით, ცხადი იქმნება, რომ იგი საქართველოსთან უფრო მრავალრიცხოვან გზებით, სხვადასხვა მხრით თერთმეტი გარდმოსავლით, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოსთან არის შედარებით მჭიდროდ დაკავშირებული. ჩრდილოეთთან-კი მას მხოლოდ ერთი გასავალი აერთებს. ყველა ამ მოსაზრების გამო უფრო ბუნებრივია და ხელსაყრელი, რომ წინანდელი მდგომარეობა კვლავ აღდგენილ იქმნას. რუსეთის მთავრობის შეცდომა შესწორდეს და დვალეთი, ანუ არდონის ქვაბ-ხეობა ისევ აღმოსავლეთს საქართველოს, ტფილისის გუბერნიას დაუბრუნდეს, მაშინ ამ ადგილას საქართველოს სახელმწიფო სამზღვარი იმ ხაზს გაჰყვება, რომელიც ხოხის მთას (ადაი ხოხ) და ახოტის მთას (არხონ) შუა გაივლება.

§ 3. ჩრდილოეთის ხაზი. დარიალანი და საქართველოს კარი.

დვალეთის აღმოსავლეთით საქართველოს ჩრდილოეთის სამზღვარი ისევ კავკასიონის მთავარ უღელტეხილის ქედზე მიდის და მხოლოდ დარიალის ხეობასთან იგი ქედს იქით გადადიოდა და უფრო ჩრდილოეთით იყო წაწეული. მისაბჯენ ციხედ ჰქონდა “გორის ციხე, ფრიად ძველი, ძველებურ წესზე აგებული, კოშკებით შემკული სიმაგრე, რომელიც მდ. თერგის სათავის მიდამოებში, მთებში მდებარეობდა”. ამ ციხეს “ფრიად მაგარი მდებარეობა ჰქონდა (Бурнашевъ. Картина Грузіи или описаніе полит. состоянія царствъ Карталинскаго и Кахетинскаго. Тифлисъ изд. Бегичева 1896 წ. გვ. 9). ეხლანდელ რუკებზე ამგვარი საგეოგრაფიო სახელი არ არის აღნიშნული, ამის გამო ამ ციხის მდებარეობაც გამოურკვეველი რჩება.
 მაგრამ უფრო დაწვრილებითი და მკაფიო ცნობები საქართველოს ჩრდილოეთის სამზღვრის შესახებ ბატონიშვილს ვახუშტსა აქვს. მისი სიტყვით თერგს “გველეთს ქვეით ერთვის… ხევი”, რომელიც “სამხრეთ-აღმოსავლეთიდამ გამოსდის გუდამაყრისა და ძურძუკის კავკასსა… ამ ხევს ქვეით დავიწროვდების ხევი ესე კლდითა და აქა არს ციხე დავითისა… აღმაშენებელის აღშენებული. ამას ქვეით არს დარიელა.., თერგის “აღმოსავლით კიდესა ზედა მეფის მირვანის მიერ” აგებული. მან “შეაბა კარი და ქმნა სიმაგრე ხაზართა და ოსვთათვის, რათა უმისოთ ვერაღარა ვიდოდნენ… ხოლო “ამას ქვეით ნასასახლევი მეფეთა. ოდეს გაილაშქრიან ოვსეთად მუნ დადგიან”-ო (გეოგრაფია 228).
სახელოვან ქართველ გეოგრაფის აღდწერილობა იმდენად ნიშანდობლივია, რომ თვითეული მის მიერ დასახელებული ადგილის პოვნა ეხლანდელს 5-ვერსიან რუკაზე ძნელი არ არის. ამაში მისივე შედგენილი რუკაც დიდად გვშველის. გველეთის ჩრდილოეთით თერგს მართლაც სამხრეთ-აღმოსავლეთითგან ერთი პატარა წყალი ერთვის, რომელსაც ქისტურა (Кистинка) ეწოდება. აქ ვიწრო ხეობაში ყოფილა მეფე დავით აღმაშენებელის მიერ აგებული ციხე. ეს ის ადგილი უნდა იყოს, რომელსაც საქართველოს-სამხედრო გზაზე რუსებმა სად. დარიალისა “Даріальское ” უწოდეს. აქ მართლაც რუკაზე ნათქვამია (”Бывшее укрепление”) “ციხის ნანგრევიო”. ამის ჩრდილოეთით მირვან მეფის მიერ აგებული ყოფილა დარიალის კარი, რომელიც ოს-ხაზართათვის გზის შესაკრავად იყო განკუთვნილი. ეს ის ადგილი უნდა იყოს, სადაც ეხლა სად. ლარსია. ამაზე უფრო ჩრდილოეთით კი ყოფილა საქართველოს სამფლობელოს უკანასკნელი ფეხმოსაკიდებელი ადგილი “ნასასახლევი მეფეთა”, რომელიც დაახლოებით ეხლანდელს “ჯერახოვსკოე”-ს მიდამოებში უნდა ყოფილიყო. აქაც, 5-ვერსიან რუკაზეც ნათქვამია ციხის ნანგრევიო (Бывшее укрепленіе) თვით ბატონიშვილ ვახუშტის დაწვრილებითს რუკაზე (იხ. ბროსსეს გამოც. N 3, Karthli au N. du Kour) “ნასასახლევი მეფეთა (Résidence royale) მართლაც “ჯარიეხის” (=ეხლანდელს “ჯერახოვსკოე”-ს) მახლობლად, ცოტა სამხრეთით არის აღნიშნული და სწორედ საქართველოს სახელმწიფოს ჩრდილოეთის სამზღვარი ამ ადგილის წინ, დაახლოვებით ჯარიეხითგან ერთი ვერსით, სამხრეთით მიდიოდა (იხ. იგივე რუკა).
ზემოაღნიშნულ მოსამზღვრე ადგილითგან მოყოლებული სამზღვარი მდ. ქისტურის ხეობის გაყოლებით სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ იხევდა და კვლავ კავკასიონის უღელტეხილის მთავარს ქედს აღწევდა, ხოლო შემდეგ საქართველოს სამზღვარი მუდამ სწორედ ამ მთავარ უღელტეხილს ქედ-ქედ მიდიოდა იმგვარადვე როგორც მე-XIX-ე საუკუნეშიაც რუსთა მფლობელობის დროს აღმოსავლეთ საქართველოს, ტფილისის გუბერნიის სამზღვარი იყო მოხაზული.

II თავი. აღმოსავლეთის სამზღვარი.

§ 1. აღმოსავლეთის ხაზი. ჰერეთი.

საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთს კუთხეს მტკვრამდის ძველ დროს ჰერეთი ეწოდებოდა. ჯერ ამ კუთხის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი, რომლის სამზღვრად ჩრდილო-აღმოსავლეთით დაღესტანის მთები იყო, სახელდობრ კავკასიონის მთავარ უღელტეხილის ალაზნის შემდინარეების გამყოფელი ქედი. ჩრდილოეთით მას არიშის წყალი, სამხრეთით-კი ჯერ ალაზნისა და იორის შესართავი ჰსაზღვრავდა, ხოლო შემდეგ საზღვარი ალაზნის პირას ჩრდილოეთისაკენ მიდიოდა იმ ადგილამდის, საცა გიშის წყალი ალაზანს ერთვის. მერმე მოსამზღვრე ხაზი ამ გიშის წყალს სამხრეთით მდინარის გასწვრივ მისდევდა მის სათავემდე, რომელიც კავკასიონის უღელტეხილში იყო (ქართველი ერის ისტ. II, 309 და ვახუშტი. გეოგრაფია 304). რომ სამზღვარი გიშის წყლის სამხრეთით იყო, ეს ბურნაშევის 1784 წ. რუკითაც მტკიცდება (იხ. რუკა). მაგრამ სამხრეთის ამ ხაზის მდებარეობა ჩვენთვის მხოლოდ მაშინ გახდება ცხადი, თუ-კი გიშის წყლის მდებარეობა გამორკვეული გვექმნება. თანამედროვე რუსულ რუკებზე ამგვარი მდინარე და ციხე არსად არის აღნიშნული, მაგრამ ძველ ქართულს გიშს 5-ვერსიან რუკის მდ. კიში (р. Кишъ) უდრის, ხოლო გიშის ციხე დაახლოვებით იქ უნდა ყოფილიყო, სადაც ეხლა კიშ-კიშლაღი (Кишъ-кишлахъ) არის აღნიშნული (ჟ 9,64ø 30-4.1).
ამ ჟამად რუკებზე სახელები ისე სწერია, რომ გიშის წყალი არსად ერთვის ალაზანს, არამედ იგი ე. წ. აგრი-ჩაის შემდინარეა. ცხადია, რომ ძველ დროს თვით ეხლანდელს აკრი-ჩაისაც იმ ადგილითგან მოყოლებული, სადაც ეხლანდელი გიში (Кишъ) ერთვის, გიშის წყალი რქმევია. თუ ამ გარემოებას გავითვალისწინებთ, მაშინ გიშის წყალი მართლაც ალაზნის შემდინარედ გამოვა და ამ ადგილას საქართველოს განმსაზღვრელი ხაზის მდებარეობა სრულებით ნათლად წარმოგვიდგება.
საქართველოს ამ ნაწილს დიდი კულტურული მნიშვნელობა ჰქონდა. აქეთგან ავრცელებდა ქართველობა თავის გონებრივსა და სარწმუნოებრივს გავლენას დაღესტანზე და შაქზე. მაშინაც-კი, როდესაც საქართველო მონღოლთა შემოსევისა და ბატონობის წყალობით პოლიტიკურად დასუსტებული იყო, ქართველ ერს იმოდენი კულტურული ძალა შესწევდა, რომ თავისი განმანათლებელი მოღვაწეობა არ შეუწყვეტია და დადესტანში ქრისტიანობა გაუვრცელებია. ის ტორიას შენახული აქვს ცნობა, რომ მე-XIII-ე ს-ის დასასრულს გამოჩენილმა ქართველმა საეკლესიო მოღვაწემ პიმენ სალოსმა ბელაქნითგან თავისი ქადაგება ლეკეთშიც-კი გადაიტანა, “ნათესავი ლეკთა წარმათობისაგან მოაქცივნა” და გააქრისტიანა (ჟამთააღ. 89, გვ. 731). წერილობითი მოწმობის გარდა ქართველთა დაღესტანში განმანათლებელ მოღვაწეობის ძეგლებიც, ეკლესიის ნანგრევების სახით არის შენახული და თვით ხუნზახშიაც-კი იყო შერჩენილი იქაურ ეკლესიის ნანგრევის ქვა, ქართული ასომთავრული წარწერით შემკული (იხ. ე. თაყაიშვილი Арх. экскурсія II, 63).
ვითარცა მოსამზღვრე კუთხეს საქართველოს ამ ნაწილსაც ბედმა მრავალჯერ მიაყენა ზიანი და არა ერთხელ გაანადგურა. პირველად ჯერ კიდევ მე- XIII-ე ს.-ში მონღოლთა ბატონობის წყალობით სხვათა შორის ჰერეთიც ძალზე დაზიანდა (ჟამთააღ. * 875, გვ. 719). მაგრამ ამ ქვეყანას განსაკუთრებით შაჰაბაზმა მიაქცია თავისი მსახვრელი ყურადღება და ჯერ ისე ააოხრა და გააუკაცრიელა, რომ მცხოვრებნი აჰყარა და სპარსეთში გადაასახლა, ხოლო შემდეგ მათ მაგიერ თავის ერთგულ მაჰმადიან ტომს მისცა. მეტადრე მე-XVII-ე ს-ითგან მოყოლებული სპარსეთის შაჰების წყალობით და დაღესტანელთა შემოსევის და დაშენების გამო, მაჰმადიანობამ ჰერეთში ქრისტიანობას დაძლევა დაუწყო და ქართველი მოსახლეობაც შემცირდა. ძველი საგეოგრაფო სახელების მაგიერ ახალი გაჩნდა. გარეშე ძალის გავლენით ეს კუთხე სამ ერთეულად გაიყო. ერთს დაერქვა “ალის-სასულთნო”, მეორეს “ელისენი”, მესამეს “ჭარი”. უკანასკნელი სახელი ფიფინეთის ხეობას დაერქვა. ვახუშტის ცნობით ეს ხეობა არჩილ მეფის “შემდგომად იწოდა ჭარი”. (გეოგრაფია 306). რუსულ 5-ვერსიან რუკაზე ფიფინეთის მაგიერ მთა ფიფანი (დიდი და პატარა — Пипанъ, Б- Пипанъ) არის აღნიშნული, ჭარის მაგიერ-კი “ჯარი”-ა (Джары) დაბეჭდილი. მეფე ლევანმა ვახუშტის სიტყვით აქ თურმე ლეკები დაასახლა და ყოველწლიურად გადასახადად მხოლოდ ის მოვალეობა დააკისრა, “რათა უზიდონ ზაფხულს კავკასიდამ ყინული” (იქვე 306). მაშასადამე ფიფინეთის ხეობა ანუ ჭარი დაღესტნის მოსამზღვრე ნაწილია ელისენად იწოდებოდა ქვეყანა ბელაქნის “წყალსა და გიშის წყალს შორისი ალაზნამდე და კავკასამდე. (ვახუშტი. გეოგრაფია 306) მაგრამ ნამდვილად-კი ელისენსა და კავკასიონის ქედსშუა, შუაგულში მაინც, ჭარი იდვა. ამიტომ ცხადია, რომ ამ ადგილას ელისენი აღმოსავლეთ-ჩრდილოეთით კავკასიონის ქედს ვერ აღწევდა.
ალისულთნის სამფლობელოს სამზხღვრები ვახუშტს გარკვევით არა აქვს აღნიშნული (გეოგრაფია გვ. 304, შეად. 306). ანტონ კათალიკოზს თავის 1757 წ, დაწერილს თხზულებაში ნათქვამი აქვს ალისულტანი თაედაპირველად “კახის სულტნად სახელდებული” ყოფილა (იხ. მ. ჯანაშვილის საინგილო. ძველი საქართველო. II, 14). მაგრამ სამზღვრები არც მას, აქვს დასახელებული. ე. წ. თათრებისა და დაღესტნითგან ლეკების ჩამოსახლებამ საქართველოს მტრებს ჩვენს ქვეყანაში ამ მხრითგან შემოსევა გაუადვილა, რათგან სარწმუნოებრივი ერთობის წყალობით სპარსეთის შაჰის ჯარს ადვილად ემხრობოდენ ხოლმე. საქართველოს მეფეებსა და იმ დროინდელს მოღვაწეებს კარგად ესმოდათ ამ კუთხის უაღრესი მნიშვნელობა, რომ რაკი “არს ქვეყანა ეს. ძნელად შესასვლელი, ტყიანი, მრავალ-წყლიანი და მაგარი” (კათალიკოხ ანტონი, იხ. მ. ჯანაშვილის საინგილოში, გვ. 15), ამიტომ საქართველოსთვის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით საუცხოვო საფარს წარმოადგენდა. თუმცა ლეკები, რომელნიც ჭარში იყვნენ ჩასახლებულნი დრო-გამოშვებით არამც თუ ურჩობდნენ. არამედ ცარცვაგლეჯასაც-კი მისდევდნენ კახეთში, მაგრამ მაინც ერეკლე მეფის დროს, რუსეთთან 1783 წ. ხელშეკრულობის დადების დროსაც ეს კუთხე, როგორც საქართველოში მყოფ რუსეთის იმდროინდელ ელჩის ბურნაშევის რუკაზეც აღნიშნულია, საქართველოს სამზღვრებში შედიოდა და კახეთის ნაწილად ითვლებოდა. როდესაც რუსეთის მთავრობამ აღმ. საქართველოს დამოუკიდებლობა მოსპო და შეიერთა, ჭარი და ბელაქნის ოლქი, როგორც მას რუსები უწოდებდენ, ანუ საინგილო, როგორც ქართველები ეძახიან, ამ დროს არ დაუპყრიათ, არამედ მხოლოდ 1803 წ. დაიდო საინგილომ ხარკი და მორჩილება განაცხადა, საბოლოვოდ-კი 1830 წ. იყო შემოერთებული.
1886 წელს ზაქათალის ოლქში სულ 74449 მცხოვრები ითვლებოდა, აქეთგან 40225 ლეკი იყო, 21090 მუდანლო და 12430 ქართველი, 521 სომეხი (მ. ჯანაშვილი საინგილო 6). 1916 წელს ზაქათალის ოლქში მცხოვრებთა საერთო რიცხვი 76000 იყო. აქეთგან 19000 ქართველი და 45000 ლეკი, ხოლო თურქები, სპარსელები და ქურთები 12000 ითვლებოდა.

III თავი. სამხრეთ-აღმოსავლეთის საზღვარი.

§ 1. ჰერეთი: ქიზიყი, ყარაია.

ზაქათალის ოლქის შემდგომ საქართველოს უკვე სამხრეთ-აღმოსავლეთის სამზღვარი ეწყობა. ძველ დროს მთელი ეს სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილიც მტკვრამდე და დებედას წყალთ-გამყოფელ მთებამდე ჰერეთის ნაწილად ითვლებოდა. მისი უკიდურესი აღმოსავლეთი კუთხე, რომელიც ზაქათალის ოლქს ზედ ეკერის კამბეჩოანის ანუ ქიზიყის სახელით არის ცნობილი. ძველი ქიზიყის, რომელიც ეხლა სიღნაღის მაზრად იწოდება, სამზღვრად იყო “სამხრით უფადარი და წინამინდორ ხორანთამდე… (ვახუშტი. გეოგრაფია 310). წინამინდორად იწოდებოდა ის ველი, რომელიც სამხრეთით იორისა და ალაზნის შესართავთან თავდებოდა (იხ. ვახუშტის რუკა . – 4). იგი დაახლოვებით ეხლანდელს ელდარის მინდორს უდრის, უფადარად-კი, დაახლოვებით ის სამხრეთით მდებარე ადგილი იყო, რომელსაც ეხლა ჯეირანჩელი ეწოდება.
მაშასადამე სამზღვარი იწყობა ჯერ იქ, სადაც გიში ალაზანს ერთვის, შემდეგ სამხეთისაკენ მიდის ალაზნის გასწვრივ მისი და იორის შესართავამდე. აქეთგან დაწყობილი სამზღვარი პირდაპირ მტკვარზე გადადიოდა (ვახუშტი გეოგრ. 310-312 და ბურნაშევის 1784 წ. რუკა) და მერმე საქართველოს სამხრეთის სამზღვარი ამ მდინარის პირს დასავლეთ-ჩრდილოეთით მიმართულებით მისდევდა დაახლოვებით იმ ადგილამდის, სადაც მდ. აღსტაფურა მტკვარს ერთვის.
ძველად საქართველოს ეს სამხრეთის კუთხე, როგორც აღნიშნული იყო, ჰერეთის ნაწილად ითვლებოდა. საქართველოს სამხრეთის მოსამზღვრე ქვეყნის აღმოსავლეთს კიდეს იმ ადგილითგან მოყოლებული, სადაც სამზღვრის ხაზი იორ-ალაზნის შესართავითგან მტკვარზე გადმოდიოდა ყარაიამდე ჯეირანუდურეთის ველის სახელი ერქვა. შემდეგ-კი ყარაია იწყობოდა. ამ ყარაიას ველის მდებარეობის შესახებ ვახუშტს ნათქვამი აქვს, რომ მთა “იალღუჯის აღმოსავლით და მტკვრის გაღმართ არს ბოსტანქალაქი, რომელი არს რუსთავი, ხოლო აწ ნაგები”-ო. ამ ნაგებისა და მაშასადამე იალღუჯის “აღმოსავლით და სამხრით არის ველი დიდი ყარაიისა. (ვახუშტი. გეოგრ. 180).
აი სწორედ ეს ველიც ძველად ჰერეთს ეკუთვნოდა, და შემდეგში-კი, და უკვე ვახუშტის დროს, მას თურმე “ყარაიას” უწოდებდენ (იქვე 182). ეს სახელი მას ეხლაც შერჩენილი აქვს. ჰერეთის ამ ნაწილს სამზღვრად ჰქონდა ჩრდილო-დასავლეთით მთა გარეჯისა მწარე-წყლამდე, ხოლო სამხრეთით მწარე წყალი (იქვე 180), ე. ი. დაახლოვებით იმ ადგილამდის, სადაც აღსტაფურას წყლის შესართავია.
ეს კუთხე ოდესღაც ქართული კულტურის დიდებული კერა იყო (იქვე 182). საკმარისია ადამიანმა დაათვალიეროს ქართული ხუროთმოძღვრების ისეთი შესანიშნავი ძეგლი და ქართული მხატვრობის მრავალი განმაცვიფრებელი ნაწარმოები, რომელნიც დავით გარეჯის უდაბნოში შენახული არიან და რვა საუკუნის განმავლობაში ყოველგვარ მტრის გამანადგურებელ შემოსევას გადურჩენ. რომ ნათლად წარმოიდგინოს ადამიანმა რამდენად დაწინაურებული ქართული კულტურული ცხოვრების ასპარეზი იყო ეს კუთხე.
სამხედრო ბედის ულმობელმა ტრიალმა მონღოლთა შემოსევისა და ბატონობის წყალობით ეს ქვეყანაც გააუკაცრიელა და უდაბნოდ აქცია. შემდეგში სპარსთა შაჰების გეგმისაებრ აქ უბინადრო ელი დემურჩიასანლუ შემოვიდა, რომელიც თარაქამათა ტომს ეკუთვნოდა და მესაქონლეობას მისდევდა (ვახუშტი. გეოგრ. 182).
ჰერეთის იმ ნაწილს, რომელი ბოლოს დროს ყარაიად იწოდა, დასავლეთ-სამხრეთით უკვე ქვემო-ქართლი ეკვროდა და ამ ადგილითგან მოყოლებული სწორედ ეს ქვეყანა იყო იმავე დროს საქართველოს აღმოსავლეთ-სამხრეთის სამზღვარი და მონაპირე კუთხე.
 






Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო