მანანა კვირტია - (ნატა ვარადას პოეტური კრებულის „გამრავლების ტაბულა“ მიმოხილვა)



მანანა კვირტია

ლექსი თვითონ წერს...

(ნატა ვარადას პოეტური კრებულის „გამრავლების ტაბულა“ მიმოხილვა)

დღემდე ვერავინ ახსნა, როგორ იბადება პოეზია, მიუხედავად მრავალი ტრაქტატისა. არც შთაგონების ჯადოსნური მექანიზმის არსი შეუცნია ბოლომდე ვინმეს. პოეტებმაც სცადეს, მაგრამ ამაოდ. „მე არ ვწრ ლექსებს, ლექსი თვითონ მწერს“... - წამოსცდა ტიციანს. შემოქმედებითი საწყისის ამოუხსნელ ენიგმას ანტიკურ სამყაროში მუზების არსებობას უკავშირებენ. მხატვრული განჭვრეტის მექანიზმის ძიებისას მარსელ პრუსტი ჩვეულებრივი მოკვდავის მზერით აკვირდება თვით ავტორს: „პოეტი იმ საგნების წინაშე რინდდება, სოლიდური ადამიანის ყურადღებას რომ არ იმსახურებს, ასე რომ, ვერ გაგიგია, რას უყურებს ასე ხანგრძლივად, მზერა ხისათვის რომ გაუშტერებია“. ლიტერატურის ისტორია ამგვარი დაკვირვებებით ძალზე მდიდარია.
თანამედროვე ლიტერატურული პროცესის კვლევისათვის საინტერესო მასალას გვთავაზობს ნატა ვარადას პოეზია, რომლის ენიგმურ პლასტებში აშკარად იკითხება ლექსის მქნადობის ირაციონალური საწყისი. ნატა ვარადას მხატვრული სახეები სპონტანურად აღმოცენდება, მაგრამ საბოლოოდ ლექსი მთლიან, გააზრებულ, მოწესრიგებულ აბრისს იძენს. ეს პოეტის ახალ წიგნშიც შეინიშნება, რომლისთვისაც ავტორს „გამრავლების ტაბულა“ უწოდებია (კრებული 2017 წელს გამომცემლობა „ჩვენმა მწერლობამ“ დასტამბა (რედაქტორი როსტომ ჩხეიძე).
წიგნის ანოტაცია ნატა ვარადას პოეზიის ერთგვარი გზამკვლევია, სადაც აღნიშნულია“ „დესტრუქციის სულიდან იბადება მხატვრული სინამდვილე. ფრაგმენტი წარმოადგენს მთელს“ და ეს კონცეპტი ავტორის შემოქმედებითი ინდივიდუალობის გასაღებიცაა.
„პოეზია ნიჭია, მადლია“ - მედიტირებდა ილია ჭავჭავაძე და „გამრავლების ტაბულის“ კითხვისას გრძნობ, თუ ნატა ვარადას ლექსებიდან როგორ უშურველად იღვრება შემოქმედის ნიჭი. ავტორის პოეტური ხილვები მკითხველის რეცეფციას ეხმიანება და ყოფიერების სივრცეებს განსხვავებული ელფერით მოსავს. ნატა ვარადა სინამდვილეს ახალ ჟღერადობას ანიჭებს და მისი მითო-პოეტური სიმბოლოები, ბიბლიური თუ ფოლკლორული არქეტიპები XXI საუკუნის რეალობას ეხმიანება. წარმოდგენილ ლექსებში ავტორის ფილოსოფიურ-მეტაფორული აზროვნება მრავალპლასტიან ასოციაციათა ინსპირატორია.
მარინე ტურავას შესავალ წერილში, რომელსაც მკითხველი ლექსების საუფლოში შეყავს, საინტერესო დაკვირვებაა, ჩვენი თანამედროვე პოეზიის ჰორიზონტებსაც რომ გამოკვეთს: ქართული ლექსი თავის ფესვებსაც უბრუნდება და „ევროპული ლექსის რადიუსზეც“ სწორდება. „ოცდამეერთე საუკუნის ქართულ პოეზიაში ავტორთთერაპიას მკითხველის თერაპია ენაცვლება“, - ფიქრობს  მარინე ტურავა. ამგვარ ნოვატორ პოეტთა რიგში ნატა ვარადაც მოიაზრება.
ორიოდე სიტყვით „გამრავლების ტაბულის“ ნოვაციებზე: უცნობ სულიერ სიმაღლეებს მიმოიხილავს ბიბლიური მოტივების ლექსები, ავტორი უზენაესთან სიახლოვეს გრძნობს: „ხანდახან უფალი მამაჩემივით მექცევა, რაც მსურს, მისრულებს“. ნატა ვარადასათვის მისტიკურად მძაფრია სიყვარულის განცდა: „ასეც რატომ ხდება, ხდება ასე რატომ? გარდაცვლილ სიყვარულებს საფლავებზე ვაწყობთ, ყვავილებივით“ („ივლიტასთვის“). ამავე მარადიული თემის ორიგინალური მხატვრული გააზრება სტრიქონებში: „პურის სუნი აქვს შენს სიყვარულს, ოკეანეების შესართავია იგი, დედასთან დაბრუნებაა“ („გილგამეშის თვე“) და ა.შ.
განსაკუთრებული სიმძაფრე შესძინა პოეტმა წარსულიდან მოხმობილ ცნობილ ხატებს. ამჯერად ერთ-ერთს მოვიხმობთ. ნატა ვარადას ლექსი „ოქროს საწმისი“ მედეა“ ახლებურად გადმოსცემს ლეგენდარული კოლხი ასულის ამბავს: „იქნებ ეს მძივი, მინის ლურჯი ბურთულებით, ყვითელი, გაკლაკნილი ხაზებით, დარჩა მედეას, ასე ჩქარობდა. დარჩა ბაღში, აყვავებულ ფორთოხლების, ოქრიდეების“.
სხვაგან ადამიანთა გაუცხოების ტრაგიკული ინტონაციები შეინიშნება: „ერთმანეთს ისე ვათვალიერებთ, ვითომ ლუვრის ექსპონატები ვიყოთ, ვერც კი ვიხსენებთ, რომელ ფსკერზე აღმოგვაჩინეს“. განცდის სიმძაფრე აღუბეჭდავთ თანამედროვეობაზე შექმნილ ტექსტებს.
ლექსი სათაურით „თებერვლისათვის“ ახლებული ფერთა გამით ხატავს ჩემთვის მისტიკურ (ალბათ, იმიტომაც, რომ სამყარო პირველად ამ თვეში ვიხილე) თვეს: „დღეების ჯადომ მოიხმო თოვლი, ასეთ ამინდში ჭალები, ღმერთო. გადათოვლილი გარბის მდინარე. ასეთ ამინდში ხმელი ხეების წყევლა... დროა, პირ-ბადე აიხსნა, აიხსნა წყევლა. თებერვალში წყლით ორსულ ხეებს, უორთქლდებათ მერქანი - თოვლი“.
ავტორის ინტენცია ლექსების ორიგინალურად შერჩეულ სათაურებშიც მჟღავნდება“ „ონტოლოგიური მარტოობისათის“, „ანტარქტიდის ოაზისები“, „სტალაგმიტები - კვიპაროსები მზის ჩრდილში“ და სხვა.
ზემოთ ნატა ვარადას პოეზიის ირაციონალური საწყისი ვახსენეთ. ფრიდრიხ ნიცშე ირაციონალურობას (კარგი გაგებით) ზეკაცთა თვისებად განიხილავს. ჭეშმარიტი შემოქმედება ზე-კაცთა, ზე-ადამიანთა საუფლოდანაა. „გამრავლების ტაბულაში“ ნატა ვარადა მკითხველს სწორედ ამ ირაციონალურ სივრცეებს აზიარებს.

Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო