ყურსასმენის ჰიმნი
საჯარო მოხელის
მოხსენებით ბარათში
უეჭველი შესატანია:
თხოვნა, ლოცვა, მოხსენება -
როგორც გენებოთ.
ღმერთო, გკარნახობ,
ვკადნიერდები მსურს რომ
დავლოცო ყურსაცმელები.
ქერუბიმნი კი უკეთ
ახსნიან,
თუ რატომ ლოცავს
რიგითი საჯარო მოხელე
ყურსაცმელებს, მათ
უბრალოებას
რად ასხამს ხოტბას
სამუშაო დროს
და რად არღვევს
შინაგანაწესს?! იქნებ, ამიტომ,
მე მოგიყვები, მე
ვიქნები მაცნე ახალი,
მე მოვყვები, თუ
რაოდენ დასანანია,
რომ დროს ვკარგავ
ახლა ამაზედ:
ვოი, ყურსაცმელო
წითელო, რამდენ სიტყვას გადამარჩინე,
რამდენ წყევლის
შხამიან ისარს.
რამდენ ზურგის შექცევას
და ირიბად ხითხითს.
როცა მიყვარდი,
შენ, იესო და მამა ანდრია,
ავისხლიტე და მაპატიე,
თუ ხატებისკენ წამოვიდა
ნარ-ეკლიან, მრავალწლოვან
ბალახის მგვანი
ქალის ენა და მიეჭყლიტა
ღვთისმშობლის სასწაულმოქმედ
ხატზე,
ზუსტად იქ,
სადაც, ჩვილ იესოს
ხელს ხვევს დედაშვილურად,
სიყვარულით, სხვა
სინაზით და სხვა სიკეთით,
რომელიც საჯარო
დაწესებულების თეთრ ოთახში
არ იძებნება.
აქ სიტყვების და
აზრების ხაფანგებია, ისე ვერაგი,
სიტყვას დაგცინცლავენ,
დაგფლავენ სიტყვის თეთრ პერანგში.
ამიტომაც, ყურსაცმელის
მე ვწერე ჰიმნი,
მე დაგალოცინე ჩემი
სოფლის სანთლებისგან
გამჭვარტლული საყდრის
მოწყენილო იესოვ,
რათა ამ გაწვალებულ
ქალებს ბოროტი დაეხსნას,
გააღიმოს იმ სიკეთით
გამოკრული ღვთისმშობელივით,
მომღიმარი ყრმა
იესო რომ გულზე აუკრავს და იცის,
რომ სიმწრით გამოზრდილს
ჯვარს გაუკრავენ.
ვოი, ჩემო წითელო
ყურსაცვამო,
არ შეაჩერო ბეთანიელი
და ზარზმელი ბერების
გალობა მწუხრისა,
არ შეაჩერო ბობ
მარლის ხმა, არ შეაჩერო მაიკლ ჯექსონი ცეკვისას,
არ შეაჩვენო კაროლინა
და მადონა.
არ შეაჩერო ჩემი
სამსახურის ბებერი ვინჩესტერის ყრუ გუგუნი,
რათა არ მესმას
სოფლის ბოლოდან, ქარიშხლის ყურით მოთრეული
უწიგნურების ბლუყუნი.
ვოი, წითელო, ჩემო
ტანწერწეტა ყურსაცვამო,
როცა რომ რომელიმე
მუნიციპალიტეტის საკრებულოს ანგარიშს
ვარედაქტირებ,
და ვახშობ ამ გაუთავებელ
სისინს გვერდიდან, ზურგიდან.
მაღლიდან შენ კი
მაპატიე,
აგრემც გენაცვლები,
ღმერთო, რომ ქრისტეს მხედარივით
მიცავს ყურების
დამცავი და მე კი არ ვინდობ.
ღმერთო, დალოცე
ჩემი წითელი ყურსაცვამი და ისინიც კი,
თუ: მათ თავიაანთი
მშიერი შვილები სახლის
ზღრუბლთან ტირილისგან
დაოსებულნი, ჩაძინებულნი ელოდებიან.
თუ: მათ ბავშვების
ფერად სიზმრებში ვარდების რიგში დადიხარ,
ზეციური მანანის
ფაფით აპურებ, კეთილსურნელებას აკმევ –
მაშინ, დიახაც.
Comments
Post a Comment