ახალი ამბავი




ეს პოეზია ჩემი არ არის, ჩემი არ არის სხვა ფესტივალი,
ჩემი არ არის საერთაშორისო შეხვედრები, ვორქშოპები,
თავპირისმტვრევა.
ჯერ მე უნდა გავიზარდო, ჯერ მე უნდა მოვიცადო
დავწურო სათქმელი პოეზიაში და ლექსად ვიქმნა ჩემში ყოველი.

ჩემი არ არის ეს პოეზია, გარს რომ მომეკრა დაბადებისთანავე,
რადგან დედაჩემი გაეპარა მამას გინეკოლოგთან აბორტზე და
მამაჩემმა გამოგვიჭირა გაჩერებაზე.
რადგან, მეოთხე გოგო ეს იმედგაცრუებაა ქართველი მამის და
სამშობიაროს N პალატაში აღარ მოვიდა მამაჩემი ჩემს წასაყვანად.
რადგან, ხუთი წლისას „დედაენის“ წიგნი მომინდა, ავეტირე უფროს დას
და აღარ შემხვდა ნოლჯგუფში ძალით მისულს, არც წიგნი, არც ადგილი -
მხოლოდ მაღალი კლასელების ზემოდან ცქერა.
და დედაჩემის ხელით შეჭრილი თმა იმსახურებდა მუდამ ქილიკს
მათი მხრიდან, თვალებიდან.
რადგან, ყველა ბიჭი გამირბოდა, თმაში უხვი მოსავლის გამო,
ტილების ფერმა ხარობდა ჩემი ხვეული თმის გაუვალ ტევრით.
მე მათ არ ვხოცავდი და არ ვტოვებდი მათ სისხლს რვეულების თეთრ ფურცლებზე,
რადგან სისხლით ნაწერი მეზიზღებოდა.
მე ხომ ათთერთმეტი წლისა სოფელში, მხოლოდ ქართან ვდაქალობდი.
მთელი ორღობე შემალული საკუთარ უსახურ კედლებში,
მე კი ქართან დაჭერობანას აკიდებული,
ხანდახან ცხენის ურემზე ამხედრებული თეთრი პაპა გადმომხედავდა,
ქუდი გვერდზე უცურდებოდა და თვალებით ცას ახედავდა,
ალბათ გულში ევედრებოდა თავის გამჩენს: არაფერი აღარ მინდა,
ამ ბალღ უშველე.

არ არის, არა, გასწი-გამოსწი ჩემთვის
ეს პოეზია.
მე აკვანთან უნდა დავართო ბალღი, სამშობლოს გამოვუზარდო ვაჟი,
რომელსაც დაუნანებლად გამოვიბამ კალთაზე,
რომელიც 20 წლის შემდეგ გარდაუვალ სამოქალაქო ან ერთმორწმუნე ომში
უნდა შევაგდო დაუზარებლად.
არ არი არა ჩემთვის საერთაშორისო ფესტივალები,
უცხოელ მაგარ პოეტებთან პირისპირ დგომა,
სამარცხვინოა, მინდა დავმალო ხელისგულები, ჭუჭყიანი, ტალახიანი და ქვიანი.
ჯერ უნდა მოვკვდე...
ეს პოეზია გარს შემომერტყას, შემომისახლდეს,
გამწიოს და გამხრას ძვლამდე, სადმე გულამდე,
კაპილარების ამოჭმამდე, შემომიხორცდეს.

Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო