შეღებვა


ჯერ კიდევ ცოცხალია ბებიაჩემი მარო,
უვლის თავის ლურჯ სკივრს,
ხის ზანდუკს.
ახდის და ტილოს ფერად ჩანთებში ჩირი, ჩურჩხელა,
ძველი კაბები მზევდებიან.
აგროვებული კაბებია, ზოგი ვისი, ზოგი სად,
ძალოსი, ბიძაშვილის, ჩემი, სოფოსი.
სკოლის ბოლო წლებს ძირითადად ამ კაბების
იმედად ვრჩებით - ეგ არაფერი
თუ ბოლოები სახელოების მოკლეა ან
კაბის სათავე დიდია ან არ იკვრება ღილი.
ერთხელ, მეზობლის ოსი ანეტა,
დახეული კაბა გაცვია, ჰიო, ჰიიმეჯღანება გახარებული.
დაავიწყდა მის მშიერ ბადიშს დედაჩემმა რომ გაუტანა
ცხელი პურები,
დაავიწყდა პაპაჩემის კალთაში რომ იზამთრებდა,
ომიანობას.
ძველმანების სიყვარული ჩემი სისხლია,
გადარჩენაც, დავიწყებაც, ახლის სურვილიც.
ერთხელ, სოფლის ბაზრობაზე საკაბეც კი მიყიდა მამამ,
შავი, სასკოლოდ.
თუმცა, მე ღებვის ამბავი მაქვს დასიზმრებული, შეღებვისა.
სტუდენტობისას, ეს ქალაქი მშიერ მონობას
არ შეელია ჩაცმის ვნება.
მე და სოფო დავერიეთ ბებიაჩემის სკივრის ბოლოსკენ,
გახუნებულ დიდი ბებიის შავ-შავ ტანსაცმელს,
საუკუნის ხნისას, გაცვეთილს,
ნაქვრივალს,
ვინ დაეძებდა, ნათლუღის ბაზრის შავ საღებავში
გვსურდა ხელახლა მათი გაჩენა.
და სოფლის სახლის, ეზოს ბოლოში, ალუჩის ძირას, ჭასთან ახლოში
დავანთეთ ცეცხლი, თხილის ბაღების გამხმარი ფიჩხით
შევდგით სპილენძის გამურული ხაშლამის ქვაბი,
ჩავყარეთ შავი საღებავი, მერე ცოტა გამოვუჩხრიკეთ,
დაბალ ცეცხლზე იღებება ძველი სამოსი,
ჩავყარეთ ნაზად, ნელა, მერე ბამბუკის ჯოხი დავაჭირეთ
თითქოს უხსენებელს ვახრჩობდით -
და დავტოვეთ, მაღალ კამაში, ნიახურში, სტაფილოებში.
მეორე დილას,
ჭის წყალში ვავლეთ, დიდ ხანს, დიდ ხანს,
გავფინეთ ჩვენი სახლის მწვნე ეზოში,
კომშებისა და ალუბლების ჯინაზე,
შავ-შავები,
ხასხასები,
მთელი გლოვის საიდუმლოს მატარებლები.

Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო