მომთაბარე


ზაფხულის ფუფუნება, 
მისი აღმატებულება უდარდელობა. 
მზის ამოსვლა, მზის ჩასვლა.
იშვიათად, მკვდრის მზე. 
სამოსი ძველი, ნასხვისარი.
საზამთრო, ნესვი მინდვრებიდან
მიწის კაცების
გახუხულ პურისფერ მკლავებში მწიფდებიან.
მდინარე, ძველი ეკლესიის
გუმბათი ამოჩრილი ჭალიდან,
ხორბლის ყანების მიღმა, ცომივით რბილი.
ჯერ კიდევ, იქ მისვლა რომ იკრძალებოდა.
ერთხელ ეზოში შემოვარდნა მათი,
როცა მამაჩემმა ელექტროსადენებზე
ყვავები დაკიდა.
ერთხელ ვენახის გადაწვის მცდელობა
მათი მხრიდან,
როცა მხედრიონი დაკაკანებდა,
მამაჩემი კი ჩუმად ზვიადისტებს
დამშეული კიდობნიდან ფქვილს უნაწილებდა.
ჩემი სიმუნჯის მიზეზი.
ჩემი წამოსვლისაც.
როგორ არ მინდა ვგავდე გაზაფხულს, ბოტიჩელის
ნახატებიდან,
გომბეშოს ღიმილით მებურცებოდეს
ტუჩები,
იმ ანგელოზების გარემოცვაში ვიღვიძებდე,
ჯერ კიდევ ბოროტთან რომ თანაარსებობენ.
სიმარტივე ხელიდან გამტაცეს,
საზამთრო გახუხულ პურისფერ ხელებიდან
დაგორდა მოჭრილი თავივით.
ბადაგის სუნი ამდიოდა,
ცეცხლზე დადუღებული ყურძნის წვენით ვყარდი,
ათასი ბუზი მეხვეოდა,
მე კი მოხარშული გოგრისფერი სიყვარული
მესიზმრებოდა.
ნესტიანი სარდაფიდან ამომძვრალი
მზესუმზირის გამყიდველივით
ქალაქის ციხის ნანგრევებიც ნელ-ნელა ქრებოდა,
როგორ მჭირდებოდა ამის დასავიწყებლად,
ეს საწყალი ბუტაფორია,
ნამდვილობის ნაცვლად შემოჩეჩებული.
მინოსის ურჩხული მითია,
ამ ქალაქის ლაბირინთთან შედარებით.
მკვდარი სულებით განაშენიანებული
ახალი დასახლება, ახალი კვარტალი, ზღვამდე
ჩავლენ, მავთულხლართებს ნებით შემოირტყამენ.
ნესტიანი სარდაფებიდან ამომძვრალი
მზესუმზირის გამყიდველებივით,
გამყიდველები.
ფიროსმანი კი ქრისტესავით ცოცხალია.

Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო