ყვითელი
ყვითელი ავტობუსის დრამატულ მძღოლს,
რომელსაც არ სურს იყოს მთავარი ფიგურა,
ან წამყვანი,
რომელიც ყველა გაჩერებას დედას აგინებს,
ვითომ ვინმე აძალებდეს
ფარეხიდან გამოვიდეს და ქალაქის უბნებს ჩამოუაროს,
ან ცოლის გმინვა იყოს რამე შუაში,
ან შვილის შიმშილს გამოეყვანოს,
რა ჩვენი ბრალი?!
ჩვენ, უბილეთო მგზავრები ვართ და ველოდებით ლურჯ ავტობუსს,
რადგან მერიც კი სარეკლამო კლიპში ლურჯ ავტობუსში გვანახეს,
და მერის პირუჩუმარი ქვეშევრდომებიც ბავშვებით მგზავრობენ
ლურჯი ავტობუსებით.
და ჩვენ, ლურჯი ავტობუსები შეგვიყვარდა, რადგან ტრენდულია,
და ყვითელ ავტობუსში კი სხედან ბევრად ჩვენზე ტრაგიკული
სტუდენტები ან
პენსიონერები, ან მოსწავლეები ბარათებით ხელში
და ოცნებობენ გაჩერებაზე კონდუტორი და ზედამხედველობა
არ დახვდეთ.
რათა მეორე დღესაც ჰქონდეთ შანსი გამოვიდნენ სახლებიდან,
გამოიქცნენ გარეუბნის დეპრესიული აურიდან,
ქუჩის ინდიფრეტული ძაღლებისგან,
უბნის სულჩაქნეული ლოთებიდან,
ჩაჯდნენ ყვითელ ავტობუსში არც მწვანე რომ არ გაქვს და
არც წითელი
არც მიდიხარ და არც დგახარ,
სადღაც შუაში, ან უფასო სასადილო ან სასწავლებელი
ან ბოლო გაჩერება, მეორე უკიდურეს გარეუბნამდე,
რათა ყოველდღიურ მოწყენილობას თავი დააღწიო,
დედის გაშეშებულ ავადმყოფობას დაუძვრე ხელიდან,
მამის უმწეობას და სოციალურად დაუცველობას ამნეზია დამართო,
ეს უილაჯობა ქუჩების მონოტორული შუქნიშნებით შორს ჩამოიტოვო
და იარო, იარო, იარო....
შემდეგ გაჩერებამდე.
არ შეგხვდეს შემთხვევით სადაც არ ელოდები
ყოფილი ადამიანი, მოქმედი უფალი,
არ მოგთხოვოს ზურგსუკან დამალული ხელისგულის ჩვენება.
იმედი არ გქონდეს.
გამოიწვდი და ცარიელია......
Comments
Post a Comment