ნეკერას

შენი ფოტო ახლა ჩემი ავატარია,
მახსოვს, ზაფხულში გადაგიღო ფოტოგრაფმა ბათუმს
თუ ბეშუმს,
სუბტროპიკულ ყვავილებში, როგორც ელფი,
როგორც ზღვის გოგონა, ხმელეთზე, რომ
ვეღარ სუნთქავს.
თვალებდახუჭული მძინარეს უფრო ჰგავდი,
ტრანსში მყოფს, ვიდრე... რაც მე გავიფიქრე და არ კი ვთქვი
არ ვთქვი,
არ ვთქვი.....

და ახლა, შენ შემოდგომის ნოემბერებში
ხარ მძინარე და ყვავილების წვიმა გახურავს.
მუნჯი და ჩუმი მუსიკით გარემოცული,
მოედინება შენიდან სუნთქვა,
უხილავი, თან მარადიული.


იქნებ მეც რამეში ვიყო დამნაშავე:
მეთქვა რაც მაშინ გამაფიქრდა,
მეთქვა, გოგო, რა ლამაზი ხარ,
მაგრამ თითქოს ჭრიჭინობელების მხარეს წასულხარ,
მეთქვა, თუ როგორ შემაშინა შენმა სანთლისფერმა სახემ ან
ხელებმა,
მეთქვა, როგორ ჰგავხარ ამ ორქიდეების გადამკიდე,
ჰამლეტის გოგოს.

მაგრამ, არ გითხარი....
და ახლა, შენი ფოტო ჩემი ავატარია.
შენ გძინავს და ჩემ სიზმრებში მინდა გაცოცხლო.

Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო