ორფეხების არსაკითხავი


ასეც....
განა შორია იმ დილამდე, სარკეს რომ ზეწარს წააფარებ
სახლიდან გარეთ ფეხს არ გაადგამ, მხოლოდ
შინაურ ცხოველებს დაუყვავებ,
შესაძლებელია, არაფერია გამორიცხული
ორფეხაც გყავდეს.
ბუხართან ახლოს, ნოემბრის წვიმებს გამოუყოფ ფანჯრიდან ენას,
წიგნების ჭია,
მიივიწყებ ახალ გამოცემებს,
ანასტასია ერისთავ-ხოშტარიას და ბანოვანნი კითხვას
მიჰყოფ ხელს, ღამ-ღამობით,
ჩქარა გიქოლზე ისევ აღვარღვარებ ცრემლებს და იქნებ,
ჯეკ ლონდონის მწვანე ტომებიც შემოგეკითხოს,
რადგან როცა მამის გული გაიბზარა სოფლის სიბნელისგან
სწორედ მგელზე მოთხრობას შეაფარა მან თავი.
ალბათ, როცა სახლიდან გამოძრობაზე უარს განაცხადებ,
საკუთარ სხეულს წააფარებ ფლასებს,
თვალებს კი კუს ბაქნის სათვალეს მოარგებ -
სულ ის მზიანი დღე გედგება სულში
მამამ რომ ხორბლის ასაღებად მინვრად მომუშავე
კომბაინების სანახავად წაგიყვანა,
ღელეში რომ წუწაობდით,
ახლადდათესილ სიმინდის მინვდრებში
ქედნებს რომ ხოცავდით და ყოველთვის წყვილად
დაიჭრებოდნენ, რადგან არც ერთი არ დატოვებდა მომაკვდავს.
ერთხელ, ხოხობიც კი მოინადირედ. გემრიელად გახსოვს.
სათევზაოდ წასვლა ტბებზე -
კორომებში ნაადრევი ფურუსულებისა და იების ფესვიანად წამოყოლება
თევზების ლოდინში, გველგესლების გასრიალება
და მამის თოფის გრიალი,
ფერმის ძაღლების ყმუილის გამოწვევა.
სულ სოფელზე გადარბენა,
სულ სოფლისგან თავის არიდება,
სულ სოფლისგან შოორს...

Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო