ამნეზიური
ტყუილი ნამცხვრის გემო აქვს სიტყვას,
სიტყვას, რომელიც,
ჯვარცმასავით გაკრულია მთავარ მაგისტრალზე.
ზღვაში დაკარგული მეზღვაურივით,
მხოლოდ მისი ცოლის სიზმარში რომ ჩნდება ნაპირთან,
მხოლოდ სიზმრებში გაცოცხლდება,
მხოლოდ გულში, სუბტროპიკული სიმწვანესავით
იხასხასებს.
მარილიანი ჰაერი, სულ ოდნავ ნესტი,
ჩაისუნთქე და ჩაიგუბე ფილტვებში და აღარ ისუნთქო.
ასეთია ეს სიტყვა,
რომელიც, გამოდებულია გზაგასაყარზე,
და როდესაც სწრაფი სიჩქარით უახლოვდები, ზუსტად იმავე
მანძილით შორდები,
და ყოველ ჯერზე გულდაწყვეტილი, რადგან მის გასწვრივ გზის
მშენებლებს კილომეტრები დავიწყებიათ.
ღმერთო ჩემო, როგორ ჰგავს სიყვარულს,
როგორ ჰგავხართ ერთმანეთს -
სოხუმი. შენ.
სოხუმი არ მახსოვს.
თუ იყო ჩვენი.
არ მახსოვს, არ მახსოვს.
არ მახსოვხარ... და რად გიხსენებ?!
Comments
Post a Comment