მეთევზის გოგო

პეტრე-პავლობა –  მოციქულების მარხვა,
მეთევზეების მარხვა
ირმა ბერიძე
ჩემო გოგოო,
დაიძახებს მამაჩემი და
ბამბუკის ანკესს მხარზე გაიდებს.
მეც გავყვები,
როგორც მეზობლის ლეკვი. 

მამაჩემი მოყვარული მეთევზეა,
მდინარეებსა და ტბებზე,
ჭალებსა და გზებზე ტყე-ტყე მიდის,
კორომზე გადადის და აკვირდება დინებებს.
იცის, როდის გაავდრდება, როდის ილევა მთვარე, 
იცის როდის მოვა გაზაფხული, 
როდის მოიყვანს იადონებს მზე და
როცა იტყვის, დაე, დათბეს, 
დათბეს და თბება, და იფეთქებს ალუბალი, 
და ბალი, და მსხალი ისე თეთრად გაიდაიპენტება, 
თითქოს მე ვარ დედოფლის კაბაში, 
ხელისმომკიდეა მამაჩემი და სათევზაოდ 
ასე მივდივართ.



მამაჩემმა ჯერ გაიკვირვა, მერე წყრომით
გამოიხედა,
როცა ლოცვისას შემომისწრო, 
როცა
ვამბობდი „მამაო ჩვენოს“ -
განა მე არ ვარ მამა და შენ კი
ჩემი გოგოო?! დაიყვირა
და გაიბუტა.

მან არ იცის, რომ
წყალზე დადის, მან არ იცის რომ მოციქულებს
მეთევზეებიდან არჩევს,
მან არ იცის რატომ
უყვარს თევზაობა და რას ეძებს,
როცა ანკესი მდინარეში ტივტივებს,
როცა თევზი ქვების ქვეშ ძვრება,
როცა მოდის ჭავლივით ქრისტე
და მამაჩემს შვებასაც ჰგვრის, 
მადლსაც უტეხს, 
გვერდით უჯდება და ჩემზე 
უამბობს, რაც არ იცის მამაჩემმა
ჩემზე. 

მე მინდა ერთგაზაფხულისმდინარიდან 
მამაჩემმა ქრისტე გამომიყვანოს. 





Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო