მაქმანები
გამოდებული ვარ, ცასა და მიწას,
სიყვარულის გაქრობის, გახლავართ ჯადოქარი ...
არა, ოჰ, არა მორჩენისა, დაამების, ანაც დრამების,
პირიქით - გაქრობის.
როგორც ცირკის კლოუნი, ბაც, ბაც,
საახალწლო ნომერი -
სიყვარულის გაქრობა ერთი ხელის მოსმით.
გულძმარვაა ერთად ჰაერის შესუნთქვა -
მაინც რა საუცხოო ამბავი გამოცხვა.
მე ვითომ შენთვის დავიბადე და გადაგედე
სისხლნაკლებობად.
დეკემბრის ჩუმმა გათენებამ როგორ
ფრთხილად შემოიხედა გადახსნილ
ფარდების ხავერდის ღიობიდან -
ერთად თენდებოდა - ვითომ.
და ვინმე თუ მოვა, ფრინველივით აფართხალებული გულით,
მაშინ, ფეხისწვერებზე დავდგები, და არა ყირაზე,
ხელებს მოვხვევ, მის ზურგს უკან გადავიხედავ,
რადგან ყველა ბიჭს, თან აფრასავით მოყვება
ერთი გოგო, ერთი გულისწყვეტა - იალქანივით,
არც ერთ მომაკვდავზე ფეხით არ შევდგები,
თუნდაც ფეხისწვერებით.
შენ მოგქონდა ხელისგულებით უმძრახის წყალი
და მე პირში ჩავიგუბე, დაე, ეს სნეულება იყოს ბოლოსი.
სადღაც, უღრან ტყეში კი მაღალ ხეების კენწეროებს,
უფრო დიდი ჯადოქარი, მაქმანებივით უგრძელებს კვირტებს,
გამხმარ მერქანს, რბილ ხავსებით რთავს.
Comments
Post a Comment