როსტომ ჩხეიძე ბეთლემის ათინათი


როსტომ ჩხეიძე


ბეთლემის ათინათი
(ნატა ვარადას პოეტური კრებული „ერთი საათით გვიან")




ღამის ბეთლემიც და გამოქვაბულის თავზე ვარსკვლავიც, წერტილივით მიბნეული, ქრისტიანთათვის ნაცნობზე ნაცნობი პეიზაჟია, მოუნათლავი დრო-ჟამის სიღრმიდან ამოკაშკაშებული და რაღაც დიდი ფერისცვალების მაუწყებელი.
თუმც ეს ხილვა მოჩვენებითიც შეიძლება აღმოჩნდეს და გულისგულში გამოტარებულიც - ამა თუ იმ პიროვნების რწმენის სიმცირისა და სიღრმის შესაფერისად.

***
ვინ აკვირდება ამ სურათს - ღამის ბეთლემსა და გამოქვაბულის თავზე წერტილივით მიბნეულ ვარსკვლავს?
ვის მოუნდომებია იმ საიდუმლოსთან ზიარება, მაინცდამაინც იქიდან გამოწურვა საკუთარ ხილვათა საზრდოსი და მასზე ლირიკული განცდებისა და განსჯის ამოშენება?
ამჯერად ეს ნატა ვარადაა.
ერთფეროვნებას, უსახურობას გამორიდებული კიდევ ერთი პოეტი.
კიდევ ერთი საიმედო სახელი.
და ეს - ასერიგად აბურდულ რეალობაში, როდესაც ძალაუნებურად გიმძაფრდება ეჭვი, თუ ეყოლება ჭეშმარიტი მომსმენი შენს სიმღერას, ამომცნობი - შენს გულისთქმას, გამზიარებელი შენი ტკივილისა და სიხარულის.
იქნებ კიდეც - რატომაც არა...
ან ეგებ...ეგებ ეს ყოველივე გულგრილობი კედლებზე შესანარცხებლადაა განწირული?
რას ეძებენ ესენი ჩემში,
ეს შემთხვევით გამვლელები,
რას გამტაცებენ, ამომაცლიან -
ფეტვს გაარჩევენ მარცვლისაგან
ან მეც რას ველი?!
არა უშავს რა, თუ უეცრად გამჟღავნებული სკეპსისი წამიერი განწყობილებაა, დროდადრო აუცილებელიცაა დაეჭვებანი საკუთარ თავსა თუ გარშემომყოფებში, მაგრამ განწყობილება ერთადერთ მოტივად აღარ უნდა გადაიქცეს, თორემ ეს ის ხელოვნური ბარიერი აღმოჩნდება, რომელსაც შემოქმედი ძალით შეიქმნის თითქოს ბუნებრივ ბარიერთა ნაკლებობა იგრძნობოდეს.

***
ახალგაზრდული ლირიკისათვის ყოველთვის ნიშანდობლივი ყოფილა გაორება, ცრემლი, ოხვრა, კაეშანი, სასოწარკვეთა - სულისკვეთებად და არა მარტოდენ მოტივად თუ შეფარულ ფონად.
გაორებაც, ცრემლიც, ოხვრაც, კაეშანიც, სასოწარკვეთაც ხან წრფელიც ყოფილა, რეალურ განცდათაგან ნასაზრდოები, ხანაც გამოგონილი, თუ მთლად ყალბც არა.
ჩვენს ამჟამინდელ ახალგაზრდებს, რომელნიც ლიტერატურის ასპარეზზე სცდიან საკუთარ თავს, გამოსაგონებელი არაფერი სჭირთ, ისედაც თავზე აყრიათ უზომო სატკივარიც და სადარდებელიც, მაგრამ რაოდენ მწუხარეც უნდა იყოს გარემომცველი ყოფა, ცხოვრებისეულ სინამდვილეს მაინც არ უნდა შეაჭმევინოს მხატვრული სინამდვილე.
უნდა გაირღვეს შემოზღუდული გარსი, სხვა თუ არაფერი, ალაგ-ალაგ მაინც დააჩნდეს ნაპრალები - ერთი ლირიკოსის პოეტურ ნიმუშებშიც, არამცთუ ახალ თაობის ზოგადი სურათი გამოყურებოდეს ერთფეროვნად და ისეთი შთაბეჭდილება გრჩებოდეს, თითქოს მრავალი პოეტის ლიტერატურულ გარჯას კი არ ადევნებდე თვალყურს არამედ ერთი ლირიკოსის დაუსრულებელ მოთქმას.
ამიტომაცაა, რომ სვადასხვა პოეტის ლექსები ერთმანეთის გაგრძელება გგონია, და არა ერთმანეთთან გადაძახილის, თემების გაღრმავების წადილით, არამედ ზედაირულობით, განცდათა შეზღუდულობითა და განათლების სნობური იერით, რაც საშუალებას აღარ გიტოვებს, მოინდომო სტერეოტიპთა დამსხვრევა. ის კი არა, სწორედ იმ სტერეტიპთა გარემოცვაში გრძნობენ თავს ყველაზე მყუდროდ და სიწრფელე, გინდაარ გინდა, თვითმოტყუებით ეცვლებათ.
თუმც როგორ უნდა აღონებდეს მკითხველს ზოგადი სურათი, დროდადრო იმედით ავსებს ამ ერთფეროვნებაზე მკვეთრად დაჩნეული სწრაფვა გარღვევისაკენ, საკუთარი თავის პოვნისაკენ, რათა უნიათობას ყველა არ შეემატოს და, სხვათა შემყურემ, ოლად არ გაფლანგონ ის ნიჭიერება, რაც სულ სხვაგვარ მოქმედებას გავალდებულებს.
ვისთვის როგორ და:
ნატა ვარადასთიდ გზამკვლევი საკუთარი თავის საპოვნელად რელიგიური მოტვები და თემატიკა აღმოჩნდა - სწორედაც სიწრფელიდან ამოზრდილი და არა იმ მოდურობიდან, რაც მოლოდ აკნნებს და აუფასურებს ადამიანის მიმართებას სამყაროსთან - წუთისოფელთან და მარადიულ სოფელთანაც.
შემთხვევით არ ჩნდება მის ხილვებში ეს უჩვეულო სწრაფვა, ნიკო სამადაშვილისა (ქრისტემ ბავშვობა აქ გაატარა და ღვთისმშობელი უგვიდა ეზოს) და შოთა ჩანტლაძის (სციოდა მარიამს და დედის მკლავებში სციოდა პატარა იესოს) სტრიქონთა თავისებური გაგრძელება:

ღვთისმშობელს მარცხენა მაჯიდან
ყრმა ჩამოართვი
და სიტყვებად არწიე.

და შემთხვევით არ ეძღვნება მისი პირველი პოეტური კრებული (ერთი საათით გვიან) მამა ანდრიას - მოწამებრივად აღრულებულ სულიერ მოძღვარს. მის სახელზე შეთხზული სამგლოვიარო სიმღერა მარტოდენ ერთი ამოთქმა კი არ არის, არამედ თითქოს ყოველ მხარეს იტოტება შინაარსობრივი ასპექტებითაც და ვერსიფიკაციური ძიებებითაც და ახალ-ახალი ნიუანსებით მდიდრდება, რათა კომპოზიციურად ასე მარჯვედ გამოძებნილ საყრდენს მოხდენილად და მტკიცედ დაეშენოს მთელი კრებულის არქიტექტონიკა.
ნატა ვარადასთვისაც ნიშანდობლივია პოეტთა მეტად მცირე გუნდისათვის მახლობელი სწრაფვა - ყოველი ლირიკული რკალი იყოს კარგად გააზრებული მთლიანობად და არა ლექსების - თუნდაც წარმატებულ მხატვრული ნიმუშთა - თავმოყრა. ამ ყაიდის შემოქმედნი კი განსაკუთრებული სიფრთხილითა და რუდუნებით ეპყრობიან ყოველი ახალი, მითუფრო პირველი წიგნის წარდგენას.
ზოგჯერ გადამეტებულადაც.
ძნელი დასაჯერებელია ჩვენს ამჟამინდელ რეალობაში, რომ პირველი პოეტური კრებული ასე დაგვიანებით ჩნდებოდეს მზის სინათლეზე.
და ეს იმ იროვნების, ვისი პირველივე ლექსებიც საკმაოდ გახმაურდა ვირტუალურ სივრცეშიც და მკითხველთა ტრადიციულ წრეებშიც და... მიმბაძველებიც კი გამოუჩნდნენ.
ვთქვათ ის ლექსი, რომლის სათაურის (ვთხოვდები) მითუფრო მინაწერიც (ვარადას ჭორები) ულ სხვა განწყობილებათა გასაზიარებლად მომართავს მკითხველს და ფინალამდე მოლოდინის შესაფერისადაც იქსოვება ლიიკული გმირი - ყოფითი დეტალებბი, შინაგანი ფორიაქი, იუმორისტული გაელვებანი და... უეცრად ის მოკვეთილი, გულისშემძვრელი დასასრული, ლირიკული გმირის სულში ღრმად რომ ჩაგვახედებს და თითქოსდა თამაშ-თამაშით მოყოლილ ამბავს ახლებურად გაგვააზრებინებს:

ამ შაბათს ქორწილი მაქვს,
გეპატიჟები.
ბებერ ხეს მივყვები.
თუმცა პარასკევს
თიკუ საბელით, თოკი საბელით
დავეწინდები.

ბევრი რამ წაგვიკითხავს იმედგაცრუებულ შეყვარებულთა სასოწარკვეთაზე, ტრაგიკულ სიყვარულზე, რაც უმთავრესად სენტიმენტალობის რკალში ტრიალებს და, სტერეოტიპთა ზეგავლეით, ვეღარ აღწევს იმ ექსპრესიას, რასაც ნამდვილი პოეტური ხორცშესხმა უნდა იწვევდეს და რაც ასეთი ხელშესახებია ნატა ვარადას ამ ლირიკულ ჩანახატში, ნოველური ფინალით დაგვირგვინებულში.
მოულოდნელი შემოტრიალებანი ნიშანდობლივია ამ პოეტის შემომედებითი ძიებებისათვის, და ეს მხატვრული ხერხი ხან თუ ანელებს ტრაგიკულ ტონალობას, ხანაც უკიდურესობამდე ამძაფრებს და განწყობილებათა ამგვარი მონაცვლეობანიც არიდებს ავტორს მონოტონურობის იმ საშიშროებას, რისთვისაც თავი ადვილად ვერ დაუღწევიათ თვით ნიჭიერ პოეტებსაც, რომელთა ცალკეული ლექსები კიდეც გვხიბლავს, მაგრამ ერთად თავმოყრისას მკითხველის შთაბეჭდილება თანდათან მკრთალდება თუნდ რამდენიმე მახვილგონივრულად მიგნებული თემისა თუ მოტივის დაუსრულებელი განმეორებით.
და კიდევ -
მოდურ თემატიკაში გახლართულნი მოჩვენებითად ეფექტურ სქემებს რომ აგებენ, ამასობაში ეკარგებათ ბავშვური გაოცების ის უნარი, ურომლისოდაც ყოველი ასეთი ეფექტი უსიცოცხლო და გაყინული რჩება, ნატა ვარადას სულიერებისა და პოეზიის უზენაესობის შემგრძნობი შემოქმედნი კი სიცოცხლის ბოლომდე ისე გაოცებულნი იცქირებიან აქეთ-იქით, თითქოს თვალი პირველად გამოახილესო.
ამიტომაცაა თუნდ ეს სტრიქონები, ვითომდა საკუთარი თავის დაძრახვა პირველქმნილ შეგრძნებათა შენარჩუნებისათვის, არადა, გამჭვირვალე მინიშნება საკუთარ არსებაში სიყმაწვილის გადარჩენის აუცილებლობაზე - რა მინდა ამ დიდ ფოიეში, რას დავგდგავარ ბავშვივით და გრძელ სარკეში რას ვიყურები - მთელი კრებულის ერთ-ერთი აზრობრივი საყრდენი.
ბავშვური გაოცება და სიწრფელე, სიზმარეული ხილვები და ფოლკლორული და ბბლიური ალუზიები - ხან ზედაპირზევე ამოტანილი, ხანაც სტრიქონებს შორის გამჭვირვალედ ნაგულისხმევი.
ესეც ნატა ვარადას მხატვრულ ძიებათა კონტურები.

***
მისი სადებიუტო კრებული ათი წლის წინათაც შეიძლება გამოცემულიყო, თუ უფო ადრეც არა, და ახალგაზრდა პოეტთა პირველი წიგნების ფონზე მაშინაც ერთბაშად გამორჩეულიყო თავისი არაორდინალურობით.
აუხნელია ასეთი თავშეკავება.
ერთი საათით შეგნებული დაგვიანება.
ან იქნებ... იქნებ ადვილი ასახსნელიც, რაკიღა გრძნობდა, რომ რაღაც აკლდა, რაღაც ისეთი, ურომლისოდაც ოდესმე დანანებით გამოხედავდა საკუთარ დებიუტს: ნეტა არ ავჩქარებულიყავი, ხომ მქონდა ნაბოძები ის ერთი საათიო.
სულიერების ის მოტივები, ღვთისაკენ სულის ის გაუცნობიერებელი, ინსტიქტური მისწრაფებანი ბოლოსდაბოლოს უნდა გარდაქმნილიყო იმ განცდად და მხატვრულ მრწამსად, საკუთარ თავს რომ მიაგნებინებდა და ოეტური თვითშეწირვა, შთაგონებული ქრისტიან მარტვილთა თვითშეწირვით, გამოკვეთილ იდეალად გაუნათდებოდა, იმ გზით სვლა კი გათვალსაჩინოვდებოდა სულიერ მღელვარებათა ყველაზე უკეთეს გარდამსახველად მძაფრ ლირიკულ ხილვებადაც და მათ ნატიფ, ექსპრესიულ სამოსელადაც.
მოვა იესო და... დაგითმობს ჯვარცმას, იმ მისტერიის ექოს მოგსმენინებს, თუკი შენი სიწრფელით აგრძნობინებ, რომ გამზადებულხარ ამ რწმენაში შთასათქმელად, რელიგიურ ძიებათა ნაყოფის მოსამკელად.
ჯვრიდან ხომ... ჯვრიდან ხომ სხვანაირი მოჩანს სამშობლოც - ღვთიურ ემბაზში ამოვლებული.

***
ნატა ვარადა დიდი სულიერების კარიბჭესთანაა - სევდაში, შინაგან მიმოწყდომაში გამონატანჯი ფიქრებითა და... ჩვენი დროის ქრისტიანული საგალობლებით.


Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო