თამარელა წოწორია - ,,ადამიანებს ვერ გავექეცი" - ნატა ვარადას საფიქრეთი

 თითქოს ერთი გაბმული მელოდიაა. პოეტის შემოკლებული გვარი, ლამის ფსევდონიმად ქცეული - ვარადა,  ჩერქეზულად თურმე სიმღერას ნიშნავს. სამეგრელოსა და აფხაზეთში (ნაწილობრივ რაჭაშიც) გავრცელებული მისამღერი „სივარადა“, ითარგმნება - „ჩემი სიმღერა“, „სივარადა ვარადა“ კი როგორც - „სიმღერავ, ჩემო სიმღერავ“.ნატა ვარადა ადამიანზე მოფიქრალი პოეტიადა  ყოველი ლექსის სტრიქონი ადამიანს მიემართება.   მის ლექსებში დევს პოეტის კრედო: ადამიანებს ვერ გავექეციო! ნატა ვარადას პოეტური შემოქმედება „სიშორის არსიდან“ ადამიანებამდე მოტანილი, ერთი ამოსუნთქვით ამონამღერის ასოციაციას ქმნის, რომელიც მოსმენას, ხმაზე ხმის დადებასა და გულის ხმის მიყოლას იმსახურებს. 
ნატა ვარადას მიმართავს მკითხვლსა: „ანუ მამრავლებ?! მითხარი: მე ვარ შენთან მოლაპარაკე“ დიახ, უნდა ვამრავლოთ პოეტური ესკიზებით შეფაქიზებული მისი ნაფიქრ-ნამუშაკევი, მკითხველის გულამდე უნდა მივაცილოთ ეს მეოთხე  კრებული - „გამრავლების ტაბულა“, რომელიც ალ. ორბელიანის საზოგადოებამ და ჟურნალმა „ჩვენმა მწერლობამ“ 2017 წელს გამოსცა.  რედაქტორი გახლავთ როსტომ ჩხეიძე, მხატვარი-ქრისტინე რობაქიძე. კრებულს ერთვის  „ჩვენი მწერლობის“ მიერ ნატას ლექსებისათვის მიდევნებული რეცენზია და ლიტერატურათმცოდნე მარინე ტურავას კვლევა „სიტყვის ორმაგი ცხოვრება (ნატა ვარადას პოეზიის შინაგანი სივრცე),“ ასევე პოეტ ნინო სადღობელაშვილის ბოლოსიტყვა  „მერვე დღის საიდუმლო“.
სათაურის გამხმოვანებელი ესკიზი „გამრავლების ტაბულა,“ კრებულის ბოლო სათქმელია. პოეტი იგონებს, ბავშვობაში როგორ იზეპირებდა გამრავლების  მარტივ პრინციპს, როგორ ასწავლიდა მამა არა მხოლოდ რიცხვების, არამედ ცხოვრების უფრო მარჯვედ და სხარტად დაჯამების წესს, მაგრამ მათემატიკური ალღო და „გამრავლების ტაბულა, როგორც ჩემი ჩინურიო“, - გვიმხელს პოეტი. „მე არ ვიყავი ამ სოფლისთვის, სოფლის ბრუნვისთვის, მხოლოდ ჭვრეტა მევალებოდა“. ნატა ვარადა ჭვრეტს გარე სამყაროს, ცნობიერებით განსაზღვრავს ცხოვრების საზრისს და ქმნის საკუთარ ღირებულებებს, შეიმეცნებს თავის თავს, ეს განაცხადი  საკუთარი თავის შექმნაა. ის არის მხოლოდ ის, რასაც საკუთარი თავიდან ქმნის, რასაც თავს დაუსაზღვრავს.  უპრიანი იქნება მისი ნათქვამის ასეთი ინტერპრეტირება, ნატა ვარადა ამ სამყაროსათვის უფრო „სიტყვის გამრავლების ტაბულის“ შემომწირველი გახლავთ. კრებულისთვის ასეთი სათაურის მორგება უპრიანია მსოფლმხედველობრივი სიტყვათმრავლობითობის გამოც. ტექსტებში იმდენი საინტერესო სახე-სიმბოლო და მეტაფრასტული შრეა, რომ „მზის დახატვასაც გაუძლებდა  ტილო!“ 
კრებული შედგება სამი პოეტური დაფისა და პოემისაგან.ამ 70 ლექსში „ვარადად დარჩენილი“ საკუთარი არსებობისა და პოეტადყოფნის სიმღერას მღერის პოეტი. პირველი დაფა: „მუნჯი კინო-ზღაპრები. სქოლიო ლექსები.“ მეორე დაფა: „სანოტო ნიშნები. თვენი და სხვანი.“ მესამე დაფა: „განდევნის ფსალმუნი მდინარეთა ზედა.“
ერთხელ, როცა ნატას ჰკითხეს: თქვენი რჩეული ლექსები დაასახელეთო, მან უპასუხა: „ბევრი ლექსი გამახსენდა, რატომღაც პირველად რომ დავიწყე ინტერნეტსივრცეში გამოქვეყნება, ისინი წარმომიდგნენ თვალწინ, მერე უფრო ადრინდელები, მერე ისინი, მერე ესენი და თითქოს ლექსების წრეში მოვექეციო“. მისი პოეზიის მკითხველნიც ნატას ლექსების რკალში ექცევიან, როგორც ახლა მე ვარ, თქვენი მონა-მორჩილი.
პოეტის დაფათა ნუმერაცია, „სუფთა დაფას“, ანუ იგივე „ტაბულა რასსას“ უკავშირდება. ამ დაფის არსებობას პირველად ინგლისელმა ფილოსოფოსმა ჯონ ლოკმა მიაქცია ყურადღება; რომ ადამიანი სუფთა დაფის სახით ევლინება ქვეყანას, ყოველგვარი ცოდნისა და  გამოცდილების გარეშე. ჩამოყალიბების პროცესში კი გარემო ფაქტორები და წრე წარუშლელ კვალს ტოვებს მასზე. ადამიანი უმეტესად  ისეთი რჩება, როგორიც 18 წლამდე ყალიბდება. ლათინებიც ამტკიცებდნენ, ბავშვი „სუფთა დაფაა“, რომელიც ისეთი იქნება, რასაც მასზე დაწერთო. გამოთქმას  „სუფთა დაფა“ ჯონ ლოკამდე იყენებდნენ არისტოტელე,  ალბერტ დიდი და სხვ. 
ნატა ვარადას პირველ დაფაზე 14 ლექსია უშეცდომო კალიგრაფიით, თითქოს სუფთა წერის პრინციპით დალაგებულ-გადათეთრებული. ტექსტები კი ამბავია იმის შესახებ, თუ როგორ გისხლტება ხელიდან ის სულიერი გამოცდილება, რომელიც თითქოს შენი იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც შექმენი და  ტექსტის ქსოვით მოგვრილი  ტკბილ-მწარე თრობა გამოსცადე, მასზე უარს ვერასდროს იტყვი, არამედ ცდილობ, სხვაც შემოიტყუო ამ თრობაში. არის კიდევ ერთი განცდა, რომელიც ტექსტის დაბადებას თან ახლავს: ტექსტი, როგორც იდუმალი მავანი, დაბადებისას და მერეც, ცდილობს თავის ნებას დაგიქვემდებაროს... და ეს  მშობლისა და შვილის მარადიულ თავგადასავალს ემსგავსება, შენი შექმნილი უკვე თავისი ნებელობით არსებობს და იწყებ შეგუებას და დანებებას იმ აზრთან, რომ შენი ტექსტი უკვე იმდენად არისშენი, რამდენადაც შვილია ხოლმე შენი, რადგან მუდამ გაურბის იმ საზღვრებს, წინასწარ რომ დაუსაზღვრე მას წუთისოფლური უსაფრთხო  და მშვიდი ცურვისათვის.
ნატა ვარადას ოთხსტრიქონიანი ესკიზი „თოვლის მამა,“ ეპიგრაფითა და რიტორიკული შეკითხვით თოვლი-მამისადმი, მზრუნველი მოკითხვითა და მარადიული უფალი მამის გამხნევებით გვამახსოვრდება: “ჩემო გოგო, როგორ(ა) მყავხარ“. ემფატიკური ხმოვანი (ა), მას სასაუბრო დიქციასთან აახლოვებს და მშობელი მამის ხატიც გაკრთება.
იწყება მისი ლექსების სამყარო და დედა ანუ მეტა ტექსტიც: „მთვარე არსიდან დაგვნათის... ვიწვებით ყინვის სიჭახჭახეში.“  ისეა აქაც, როგოც გალაკტიონთან: „დაათრობს მთვარე თოვლიან ალვებს, ივლისისფერი ყინვის თასებით!“ ნატას ლექსის ბუტკოში ასეთი  მოთვინიერებული აზრი,  მისი სათქმელის ზუსტი არსია, რომელიც ახალი აზრის გამოთქმის ხელოვნებას აზიარებს მკითხველს. მის ლექსებში სასიამოვნოდ ზუსტია გადატანითი აზროვნებანი და ასოციაციები, თვითონ პოეტურ ესკიზებად რომ ნათლავს და აქაც ზუსტია, რადგან სიტყვის არა მარტო გამოხატვის, არამედ მისი  ხატვის მაგი და ალქიმიკოსიც გახლავთ ნატა ვარადა.  კრებულში განფენილი მისი მხატვრული აზროვნება, გადამწიფებულია ლეღვის ნაყოფივით, რომელსაც „სიტკბო ჩაუდგა და  სითხე გასდის“. თვლიდნენ, რომ კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხე, რომელიც ედემის ბაღში ხარობდა, იყო ლეღვი და არა ვაშლი. ამიტომ, დაცემის გამომხატველ ფერწერულ ტილოებში ლეღვი ზოგჯერ ვაშლის ხეს ცვლიდა. შეცოდების შემდეგ ადამმა და ევამ წელზე გარშემოსარტყმელი დასაფარი, ლეღვის ფოთლებისგან გააკეთეს. ამიტომ ლეღვი ჟინის სიმბოლოდაც იქცა, ხოლო თესლის სიმრავლის გამო, იგი ვნებისა და ნაყოფიერების სიმბოლო იყო. მაცხოვრის მიერ ლეღვის ხის დაწყევლა (მარკ 11:13-21) ადამიანებს ზოგჯერ სიძნელეების წინაშე აყენებდა, რადგან ციტატაში ნათქვამია, რომ „არ იყო ლეღვობის დრო“. სწორედ მისი უნაყოფობის გამო დაწყევლა ქრისტემ ლეღვის ხე. მაცხოვარს მიზნად ჰქონდა, რომ მოწაფეებს ღრმად აღბეჭდოდათ გონებაში უდიდესი ზნეობრივი ჭეშმარიტება. ნატა ვარადაც არ ზოგავს ფიქრს, რომ გამოთქვას და გაგვიზიაროსცოდნა, რადგან პოეტებიც თურმე ისე ჩაიწურებიან სათქმელში, როგორც “მზესუმზირები მზეს იწურავენ მოჭრილ თავების გვირგვინებიდან“.
პირველი დაფის ქვეთავი მუნჯი კინო-ზღაპრები და სქოლიო ლექსებია. მუნჯ კინო-ფილმებს, ლექსების მსგავსად, აქვთ თავიანთი კანონები,ესთეტიკა და გამომსახველობითი ხერხები. ის ფაქტიც, რომ ისინი არ არიან ხმოვანნი, მათ ღირსებადაც კი შეიძლება ჩაითვალოს. ნატას მუნჯი ზღაპრებიც, ლექსებად მოთხრობილი, იმ გამოუთქმელს უკირკიტებს, რაც არც თუ  გრძელ, მაგრამ „კანონიკურ ბავშვობას“ მოიცავს, რომელიც სინამდვილში არც არასდროს მთავრდება, და ნამდვილი ადამიანი, დიდობაშიც თან დაატარებს ბავშვობას. იოლი არ არის იმ პერიოდის განცდა-ხილვების სიტყვით გადმოცემა, ამიტომ წერს: „მოიშველიე გრძნეულობა, მთვარეულობა ბავშვობისა, მოიშველიე“. ბავშვობაში სულ არჩევანში გსურს იყო და არა არადანში. ცხოვრებაც ხომ ძალიან ჰგავს  თამაშს ,,არჩევანი – არადანი” – ვინც დაასწრებს, ის ირჩევს საუკეთესოს. არადანი კი ადამიანის მიერ ართქმული აზრია, ანუ ის, რომელსაც არ ახმაურებს და მის გონებაში ილექება. არადანია ის, რაც ადამიანს პიროვნებად აყალიბებს და ხვეწს მას, არადანია ის, რაც ახალგაზრდასა თუ ხანდაზმულ ადამიანს გადააწყვეტინებს ჩაჯდეს  სავარძელში წიგნით ხელში, მოსწყდეს გარე სამყაროს, განმარტოვდეს და დაფიქრდეს, გაანალიზოს რა უნდა,  როგორ და რისთვის უნდა და გარკვეული მიზანი დაისახოს. არადანი ღირსეული საპასუხო სიტყვაა არჩევანისა. პოეტიც თამაშ-თამაშ აცხადებს: „ანუ არჩევანში გიცვლი არადანსო“ მუნჯი კინო-ლექსებით პოეტი  ისწრაფვის ფერისა და ხმის სრულქმნისაკენ, რაზეც მეტყველებს მუნჯი კინო-ზღაპრების ლექსითი აზროვნებანი.  ერთი რამ ცხადია, პოეტის მუნჯი კინო-ზღაპრების პერიოდმა მოამზადა სქოლიო ლექსების ციკლიც, რომლებიც აუცილებლად ითხოვენ განმარტებას, რადგან ისინი ზედმეტად მთავარი ტექსტებიც კი არიან, რომლებიც ძირითადი ტექსტის არა ქვეშ, არამედ გასწვრივ არიან და  განსაკუთრებული მისია აკისრიათ ამ კრებულში. ეს სიცოცხლის ის რკალია, რაც გაიარა პოეტმა  და რაც კონტრასტებითა და სინამდვილის კალეიდოსკოპური ბზრიალით ბავშვობის პერიოდთან აკავშირებს: „ო, სიყმაწვილევ, აწი არასდროს, იმგვარად აღარ ამეტყველდები!“- გალაკტიონის ფრაზის ექო ისმის ნატას ხმაშიც. ეს პერიოდი მჭიდროდაა დაკავშირებული ზღაპრის დაჯერების  ხიბლთან. კითხვაზე, თუ რომელ არქეტიპულ მოვლენას უკავშირდება ზღაპარი, ეს არის „ადამიანის ადამიანად გახდომის“ ისტორია. ზღაპრის სიუჟეტის განვითარება, კონფლიქტის გადაჭრა, დაბრკოლებების გადალახვა, ზღაპრის ეს თემები ადამიანის შინაგანი მე-ს ხვეწს და იდეალებს შეესაბამება. ზღაპრები გავლენას ახდენენ ადამიანზე „ადამიანად გახდომის“ პროცესში. მათ დაახლოებით ისეთივე ფუნქცია აქვთ, რაც ინიციაციის რიტუალებს კაცობრიობის ძველ რელიგიებში. ზღაპრის სიმბოლოებს  ორმხრივი ფუნქცია აქვთ: ისინი არა მარტო ადამიანის ცხოვრების ფაზებს გამოხატავენ, არამედ აჩვენებენ კიდეც  ცხოვრების გზის მიმართულებას, „ზღაპრები ხეტიალის სიმბოლოები არიან“. ნატა ვარადასპოეტური ესკიზებში მრავლად არიან ზღაპრის პერსონაჟები, რომლებიც ახალ შინაარსობრივ  დატვირთვას იძენენ: „ავიკარი გუდა-ნაბადი, ჩამოცვენილი ხმელი ფოთლების წითელ-ყვითელი მოსასხამით გზას გავუდექი, მდინარე, ცეცხლიც, ალვა და მთებიც, ოქროს ვაშლები და გველშაპი, ხახვის ფურცლები, ძაფის გორგალი, დევები, ქაჯნი და ღვთისშვილები გზად გადამაწყდნენ, დედაწულიან აყრილიყვნენ დამუნჯებულნი, წამოსულიყვნენ ჩემს საძებნელად....მე ფეხშიშველა, მტვრიან შარაგზას მოვყვებოდე, მოვღიღინებდე“.
ასეთი სულიერი ინიციაციების მაძიებელი პერსონაჟი გამოდის შარაგზაზე, რომლსაც შუბლს „ასფოდელოს ყვავილებისგან დაწნული გვირგვინი უმშვნებს“ და ჰგავს ადამიანს, რომელსაც სურს  ეზიაროს  საკუთარ საკრალურ წარსულს, „დამიდო თვალწინ ჩემი წარსული, თითქოს ვბრუნდები“, რათა წინაპართაგან მომდინარე სიბრძნემ დაიცვას იგი, უშუალოდ შეეხოს მას, ვინაიდან, სწორედ წარსულთან სულიერი ერთობა აერთიანებთ ადამიანებს. „სულო, შენც შენი უბრალოებით ნათელსა მფენდეო“. განახლება და თავიდან დაბადება ნიშანია იმისა, რომ ადამიანი ნაზიარებია  საკრალურ წარსულში შექმნილ და  დაკანონებულ ცხოვრების წესსა და სულიერ ღირებულებებს. ინიციაციების გავლის შემდეგ კი ხდება ადამიანის მიერ ჭეშმარიტი სულიერი ღირებულებების აღიარება. 
ესკიზებში დიდი სიფრთხილითაა დაცული ზღაპრის ფრაგმენტების კანონზომიერი გამოხმობა-მონაცვლეობის რიგი: ყამარ-ამირანიანის ეპოსის აბრსკილი, აფხაზური მითოლოგიის ამირანია ლექსში „ხელმწიფის შვილის ყამარის მოთქმა.“ ლექსი „ყამარის“ ეპიგრაფიც ზღაპრიდანაა მოხმობილი. ლექსში „ეთეროვანი ივნისის საღამო“ (მოსალოდნელია ცვალებადი მოღუბლულობა) აბესალომისა და ეთერის სევდიანი ეპიზოდების ანარეკლია: “ხელუკუღმა თუ შემოგაყარათ კაცმა ქორწილში მარცვლეული, იმისი სული ეშმასია, ფეტვივით შემესია მკბენარები... მურმანის წყევლის ეკლები მერჭობიან. აბესალომო, ვერ მიცანი, თვალში სიბნლე ჩაგწოლია.“
კრებულის  მომდევნო სამი ლექსი ზღაპრული სინამდვილის გავრცობაა. ამ სივრცეში ახალი სააზროვნო ველი იხსნება და საინტერესო ამბებს ნატეხ-ნატეხ გვაწვდის, ძველ სულებზე მონადირესავით თავის პერსონაჟებზე გვაფიქრებს პოეტი. გვიამბობს მიწის კაცების დარდებს, ნახევარღმერთების თავგადასავლებს, რომელსაც მონადირე სულკალმახი  კვლავ კუროს ფაშვში ვეღარ შემალავს და გრძნეულ ყამარზეც, რომელიც ინანიებს თავის ნაქნარს და „სიყვარულის და ერთგულების ხდება ქურუმი“ და ეთერ-ქალსაც, ზღაპრისგან განსხვავებით, პირიდან  შროშანები სცვივა. ლექსში „ოქროს საწმისი“ და „მედეა“ ნატა ვარადა საკუთარი პოეტური პრიზმიდან გვისურათებს მედეას გამგზავრებას. მინის ლურჯბურთულებიანი მძივის გაწყვეტა-დაკარგვის ამბავს; კოლხური, უიალქნო საბრძოლო ნავით ჩნდებიან ახალი გმირები, აღწერილია მედეას გამტაცებლების დევნა. დაუვიწყარია აიეტის სახე, რომელიც გაჩენის დღეს იწყევლის. ქალის მოტაცება უსამართლო კაცების საქმეა და ესკიზში მათი თავგადასავლების ახალი ვარიანტიცაა. გრძნეული ქალები - მედეა, ყამარი და“ალბინოსი მესეფენი“ (რომელთა სამყოფელი ზღვის გაღმა მხარეა), ესკიზში  საინტერესოდ ენაცვლებიან ერთმანეთს. აქ იშვიათიასახისმეტყველებითი აზროვნებაც: „ამოდიოდა ტალღა ქვიშის ხმით, კოლხებს სამძიმარს ეუბნებოდა.“
ესკიზი„ადიუხი გადასახლებაში“ იბერიულ-კავკასიური მითოსითაა ნასაზრდოები. ადიღეური ლეგენდის მიხედვით, მშვენიერი ადიუხი ღამით დაბრუნებულ ქმარს თავის მანათობელ მკლავებს უწვდის იმ მდინარის უსაფრხოდ გადმოსალახავად, რომელზეც ტილოს ხიდია გადაჭიმული. უმადური მეუღლე ადიუხის „ვარდისფერი მკლავის“ ნათელს უკადრისობს და  იღუპება. ამ ლეგენდას ქართული პერსონაჟიც დაეძებნება, ეს თავფარავნელი ჭაბუკია, ოღონდ განსხვავებული ისტორიით, მას სატრფოს დანთებულ სანთელს  ბოროტი დედაბერი შელოცვით  უქრობს და იღუპება.
ამ „მუნჯი კინო-ზღაპრების“ შინაარსს საინტერესოდ კრავს „მუნჯი გიოს შავ-თეთრი კინო-ზღაპრები“. აქ დრო კინოფირივით იხვევა და მოდიან ბავშვობის ამბები; მარტოსული და ბრაზიანი  გიოს დასახასიათებლად ლექსის ქსოვილში უზუსტესი ზედსართავები შემოდიან: ყრუ-მუნჯი გიო-ბავშვისთვალება, ჭერმებისა და ბატების თანაშემწე, კაჭკაჭების მესაიდუმლე, რომელსაც თმა ყვავის ბუდესავით ადგას, იგი გარეულია კაცთა შორის, და ამავე დროს, 5 წლის გოგონების შიშის მასწავლებელიცაა. ეს კინო-ლექსიგოგო ბავშვის მესიჯით იწყება და მთავრდება: „ხანდახან, უფალი მამაჩემივით მექცევა, რაც გულით მსურს, მისრულებს“... ესაა პოეტის ბავშვობის კინო, მხატვრულიც და დოკუმენტურიც.
მეორე დაფა: სანოტო ნიშნები, თვენი და სხვანი იწყება ესკიზით „ფლეიტისათვის“ და მესამე დაფაში ასეთი სათაურით და განსხვავებული შინაარსით კიდევ ოთხი ციკლია. ისინი ლირიკული პროზისაკენ იხრებიან და გარეგნულადაც არ ჰგვანან ლექსს. თუმცა მოვლენათა აღქმა ლირიკული ანუ ლექსითია, როგორც ნიკო ლორთქიფანიძის  მინიატურისა „გული“. აქ საკითხავი უფრო ისაა, თუ რამ განაპირობა ფლეიტისათვის ოთხი ესკიზის შექმნა: ალბათ, ინსტრუმენტისადმი პოეტის განსაკუთრებულმა სიყვარულმა. ფლეიტა, როგორც საორკესტრო, საანსამბლო და სოლო საკრავი, ჯადოსნურ ხმებს გამოსცემს. გერმანიაში აღმოჩენილია  35 ათასი წლის წინანდელი ძვლის ფლეიტა. ასევე, ჩინეთში ნახავთ 9 ათასი წლის ჩიტის ძვლის ფლეიტას, რომლის ჟღერადობა დღესაც მიმზიდველია. მისი მოსმენა არაბუნებრივ, უჩვეულო გრძნობებს აღძრავს. ფლეიტის პარტიის შემოტანა ნატას პოეზიაშიც განსაკუთრებული კამერტონია. თანამედროვე პოეტთაგან ცნობილია კატო ჯავახიშვილის „ფლეიტისათვის“ („და სისხამზე მკლავებჩამოყრილი ტიროდა ფლეიტა“).
საინტერესოა „თვენის“ ციკლი. იგი თვეთა ჩვეულებრივთანმიმდევრობას არ სდევს და მისი დატეხილი სიუჟეტებიც ათასნაირ საფიქრალებზე გვაფიქრებს. აქ ცოდნისა და სიყვარულის ახალი ლაბირინთებია. ქართულ პოეზიაში თვეთა ასეთი რიგის გალექსება არ გვხვდება. ნატასთან სემანტიკურად დატვირთული ახალი თვეებიცაა გამოგონილი: რამადანის თვე, შამანის თვე, გილგამეშისთვე, მამობილი გუგულისთვე, ბებოსთვე, ქარბუქისთვე... თვეები, როგორც მატიანეები, ხსოვნის სალაროები, საიდანაც პოეტი   „სულის სამზერიდან“ უყურებს სამყაროს. 
„VARADA MUDRA, მეცამეტე თვისადმი“ პრემია ლექსივით დგას თვეთა ამ სიტყვიერ მოზაიკაში. მართლაც, იგი მუდარა და ვედრებაა: „ის იქნებოდა წყალობა და მე მისი ჟესტი - მარცხენა ხელისგული მიწისკენ და ეს ნიშნავს ღვთისგან დამწყალობებას“. ხელის თითების განლაგებები გარკვეულ მდგომარეობაში ენერგეტიკულ კონფიგურაციებს წარმოქმნის. ყველა მუდრას თავისი დანიშნულება აქვს და ისინი გავლენას ახდენენ სხეულსა და სულზე. ამ საწელიწადო თვეების ნუსხაში ვერდატეულ მეცამეტე თვეს, უჩვეულო ჟესტიკულაციური ენის გარდა, გამოარჩევს სათქმელის ენერგეტიკა, რომელიც ასევე კრებულის სათაურის პოეტიკასაც გვიხსნი-„შვილებს შემოვისხამდით ქუთუთოების ქვეშ“, ანუ გავმრავლდებოდითო. პოეტმა შვილების შესაყუჟებელი უფაქიზესი ადგილი მონიშნა, რადგან, შვილები ყველაზე  უსაფრთხოდ მაინც ქუთუთოთა ქვეშ იქნებიან;ეს თქმა კი იმასაც ნიშნავს,  „მე ვიქნებოდი ვარადა და მთარგმნიდი წყალობად“... წყალობის ჟესტი - ესაა „მარცხენა ხელისგული მიწისკენ“. ამ კრებულში ორი ლექსია დამისამართებული და ერთის ადრესატი ნინა პავლოვნაა („ზურგიდან“) და მეორე კი-კახა წყალობას მიემართება („VARADA MUDRA, მეცამეტე თვისადმი“).
ლექსი „ჯერ არდამდგარი ივნისის თვისთვის,“ პოეტური წინასწარმეტყველებაა მოულოდნელ მოსალოდნელზე. ეს ამბავი  ეხმიანება ესკიზს „ივლიტასათვის“, რომლის გმირსაც, შვილის მომლოდინე გოგოს,საბედისწერო 13 ივნისის ღამემდე შეეძლო კეთილად ეფიქრა: „ჩემში, ჩემსავე შვილს უღიმის მამაჩემი, ჩემი ნახვისას“. ესკიზი სიუჟეტურად ახლოსაა ასევე ლექსთან სამი ეპიგრაფით „ფარული ნიშნების, სკრიპტოგრამების შესახებ“, ეს დაუთმენელი ტკივილები დასათმენი რომ გახდეს, შეზავებულია ზღაპრული სიუჟეტებით. ლექსში აქცენტირებულია ტრაგედია, რომელიც ვერა-მდინარის კალაპოტის არასწორმა  დაგეგმარებამ გამოიწვია: „წყალი სიცოცხლის წყალი არ ყოფილა, მოდიდდა და გარეული ცხოველები გაიტაცა. წეროებს არ სცოდნიათ სად დატოვონ შვილები, როდესაც მოჰყავთ. წეროებს უკან მიჰყავთ გაზრდილი შვილები.“
ალუზიური სურათ-ხატების ზუსტი მარკირება დამორჩილებული სიტყვის მადლია და პოეტური აზრის ცხადად გადმოცემის გამოცდაა. ზღაპრული სიუჟეტების ჩართვით,  სინამდვილის გარდუვალი კოშმარი გადასატან სულიერ რეგისტრში გადაჰყავს პოეტს. „სახლებმა ქათმის ფეხები მოიბეს, წყალს გაჰყვნენ სახლები“, ან: „წვიმად გადავიქეცი, ვერ მიცანი, წკაპ, წკაპ“, მხიარული სიმღერა გოდებად გადაიქცა. შუა ქალაქში მგლებმა და ვეფხვებმა დაგლიჯეს ადამიანები. შემდეგ სტრიქონებში ზღაპრის ოფიციალური უარყოფაა, რასაც  მოულოდნელი ეფექტის ფუნქცია აქვს: „კარლსონს სახურავზე სულ არ უცხოვრია, - არც პროპელერი ჰქონია ზურგზე, კარლსონი მატყუარა, არ ფრენს“. 
აქვე  გარდასული დროის სხვა, არანაკლებ ტრაგიკული ამბავია გადმოღვრილი და  ძველი და ახალი ტკივილების  სინთეზია: „მიდიხარ, საბავშვო პოეტის საფლავთან, მიწა ატიტინდა: „ორი წლისას, ბაჩანა რაზიკაშვილი ხელში ამიყვანდა, მაფრიალებდა- ფრი, ფრიი, ფრიიი... მაღალი იყო, ლურჯთვალა, ვამბობდი: ჩემი შეყვარებული ბაჩანაა, დები კი იცინოდნენ ხმამაღლა. 100 წლის შემდეგ, ბაჩანა და შენ ხართ გვერდი-გვერდ (უკვე საფლავში-თ.წ.).“ ამ ამბავში ნატა ვარადას  საკუთარი ბავშვობა შემოჰყავს, ის დრო, მამას „როცა მანქანით მივყავარ და უკან ვზივარ, ის კი სარკედან მიღიმის და თავადაც ბავშვი, ჩემში ჩემსავე თავის ანარეკლს ეთამაშება“ ეს მშვიდი და სიყვარულიანი ხსოვნა როგორ ბუნებრივად გადასხვაფერდება და როგორი სევდით გვამცნობს ივლიტას მამის ტკივილს, ასევე გვაზიარებს ტრაგიკულად დაღუპული ზარანდიების მამის განცდებს, ორ შვილზე მწუხარე,  უხილავ კოცონზე  როგორ დაიწვა. წყლის პირას მჯდომი მამა მთვარეს უამბობს „შვილ-გოგოების ანკარა გულზე, რომლებიც ზღაპრის გულებისაკენ გაუჩინარდნენ.“
ესკიზებში  ორჯერა წარმოჩინებული მაისისთვის გეგმა და ორივე  რელიგიურ მოტივზეა. პირველში იკვეთება ჯვარცმისა და ვნების კვირის ამბები: „არ გადავარდეს დედამიწიდან ყველა სიმართლე, ჯერ ჯორი იყო სილამაზე, შესვი, ატარე, ქუჩ-ქუჩა, დაუფინე ბზა, პალმის რტონი... სამი დღე გავა. გადაიღებს წვიმა და თავსხმა. ჯვარს ვაცვით იგი. იგი ჯვარს ვაცვით.“ ინვერსიული წყობით გამეორებული მარადიული სათქმელი აქ გვეთავაზება ნატა ვარადასეული სიტყვათა განწყობითა და ხელწერით. მაისისთვის გეგმა-ბ აღწერს სასაფლაოზე ხეტიალის უჩვეულო მისტერიას. ბავშვები ყველა მიცვალებული სულებს სცნობდნენ, ისევე როგორც სულები ცნობდნენ მათ. ზოგის სულს ფეხზე ოფოფი ება, ზოგისას - ჩხართვი, ბეღურა ან მიმინო, აქ ცოცხალი ბებოებიც ილანდებიან, „ვენახისკენ მიმავალი სევდები“, რომლებიც თვალს არიდებენ მკვდრის სულების მცნობ ბავშვებს და ეს ბებოები შინმოუსვლელ, აფხაზეთში მოკლულ და უჯვაროდ დამარხულ ბიჭებზე, „ყვებიან ამბებს, ებრაელების მსგავსად გულებზე, ფაშიზმს რომ ღმერთი ამოუქარგეს“. სულების მიგრაციაზეა კიდევ უფრო უჩვეულო ესკიზი „ეგზოცირზმი“-სულის ან დემონის განდევნა ადგილიდან ან ადამიანისგან. ქრისტიანობაში განსაკუთრებული უნარით დაჯილდოვებული ადამიანი ხატების, სიმბოლოების, შელოცვის, თილისმისა და ჟესტიკულაციის დახმარებით შესთხოვს ღმერთს, მთავარანგელოზსა  და ანგელოზებს. აქ პოეტი გვევლინება ეგზორცისტად და ითხოვს: „ჩემი სული გაშორდეს და შევიდეს ხეში, ჩემი სული ხემ ჩაისახლოს...ქვამ შეინახოს... წყლად გადაიქცეს... ქარმა წაიღოს.“
ესკიზი „აპრილისთვის“ კვლავ ბიბლიურ სიუჟეტს ეხმიანება: „ლაზარეს შაბათს მოსულმა წვიმამ არ გადაიღო, არამედ დადგა. იწვიმა დიდხანს, იწვიმა მთელ დღეს, ბეთანიელი მართა, მარიამ მოდუღბული რძესავით ადგნენ ლურჯი მთებიდან და ნისლებს აყვნენ“. ხილვა - სასწაულის სიტყვებად გამოხატვის შესანიშნავ ნიმუშად მოიაზრება ლიტერატურული, არაკანონიკური პოემა-საგალობელი. სადაც ლაზარეს აღდგინების ამბავს კვლავ უბრუნდება პოეტი. პოემაში „მერვე დღისა, უადამიანოდ,“ მართალი ლაზარეს აღდგინების  სიტყვიერი დეფინიცია და ასეთია: „ლაზარე, არ გამოხვიდე!“ ეს სიტყვები ამ სასწაულის უარყოფად და ლამის მკრეხელობადაც შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ უფრო დიდი სათქმელი არ ივარაუდებოდეს. ამ ფრაზა-გაფრთხილებამ კი სრულიად ახლებურად უნდა გვასმინოს ბიბლიური სიტყვები: „ლაზარე, არ გამოხვიდე!“- რადგან არის კი კაცობრიობა ლაზარეს გამოსვლისათვის ამჯერად მაინც მზად?  მისი გამოსვლა განა ყველამ შეიგნო და დაიჯერა? განა ამ სასწაულის მიუღებლობამ არ განაპირობა გოლგოთა? პოეტის სიტყვითი გამოწვევა „აზრის რომელიღაც მემწვერვალედიდანაა“, თვითონაც რომ ჩანიშნავს: „ვიღაცა დადის ხის კენწეროზე“, ისევე, როგორც თვითონ მოექცევა ხოლმე ლექსის სათქმელით აზრის კენწეროზე! 
„მარტისთვის“ სიმღერა ეძღვნება ტბორს, რომელიც ცას ძირავდა დაახრჩობდა თავის წიაღში, ამიტომაც არ უკვირთ პოეტს და ტბორს  ბავშვობის უჟმური ამბავი „როცა ორი წლის ბიჭუნა, მდინარეში იპოვეს მარტო.“ ტრაგედიების  ასედაწყვილების უნარი, ბუნებრივია ნატას ლექსის ტკივილიანი სტრიქონებისთვის.
სოციალური მოტივივით მძიმეა „თებერვლის თვის სიმღერა,“ „ბეტონის ქალაქში სული მოუკვდათ სახლებს, სადაც, ომებახდენილ მამებს, გადახეთქილი კეფები სტკივათ, სადაც, დედები გაიხიზნენ მონებად და თბილი ქვეყნებისკენ იმზირებიან მოწყენილი შვილები“. ასეთი ტკივილიანია მოკლე თებერვალიც, რადგან ეს ის დროა, „როცა წყლით ორსულ ხეებს უორთქლდებათ მერქანი-თოვლი.“
წმინდა გიორგის საყდრის ისტორიასა და წმინდა ხეებზე მოგვითხრობს ესკიზი „იანვრისთვის, დაგეროტიპიდან ამოჭრილი ამბავი“. „იდგა ქარში, სკოლის წინ, სწავლის დაწყებისას, დამთავრებისას, სოფლის თაობას დაბადებდა, მონათლავდა, წესს აუგებდა. ყველა ობლის ცრემლს ინახავდა, ყველა ქვრივის მუხლზე დაცემას. ყველა დედის ფეხშიშველ ლოცვას - ავადმყოფი შვილის მორჩენას. ყველა დროის ამბავს, გაშავებულ კედლებში მარხვას, იდგა წვიმაში, მგზავრებს იფარავდა.“ სოფლის წმინდა ხეების მწყალობელიცაა ეს თვე, მრავალი ღამისა და გათენების მომსწრე, მოხუცების გამცილებელიცაა და მათი მოჭრა არ ეგების, რადგან მოჭრილი ხეები, ძველ ფოტოზე ამოჭრილი ადამიანის გამოსახულებას ჰგვანან. შედარების ასეთი ასოციაციური ხედვის კულიმინაცია  კრებითს და დასამახსოვრებელს ხდის ნატას ლექსის პერსონაჟებს.
„ბებოსთვესაც“ გამოიგონებს პოეტის სული. მისი დიდი ბებო, მარგარიტაც,  ანუ  რუსო ბებოს ბებო, ახლა მხოლოდ სლექსის სტრიქონედში სუნთქავ: „დედაშენის ხელებით შემეხე, მე დედაჩემის სიტყვებით გცნობდი, შენა ხარ ჩემი ქრისტეს საფლავი, ბეთლემის ვარსკვლავო, რუსო ბებო!“ საკრალური სურათ-ხატების გვერდით საკუთარი ბებოს ასეთი თამამი წარდგენა, ალბათ უზღვავი სიყვარულის გამო თუ არის დასაშვები. ეს მიწიერი ამბავი, უსასრულო სიყვარულით, უზენაესი ხატის რანგშია აყვანილი, შვილიშვილის სიყვარულის რეგისტრში.
„მამობილი გუგულისთვის“ ლექსის სათაურად გატანა შეიძლება სემანტიკურ სიახლედ არ აღიქმებოდეს, მაგრამ სასიამოვნო შორეული ასოციაციებია  დადაფანტული სიყვარულის მოგროვების დღესასწაული დგას ესკიზში. როგორი მოფიქრალია იგი: „ჩვენ დავატარებთ ადამიანებს, ვის ხელშიაც დავიბადეთ. აი, ეს ზარი, შემოსული ტელეფონში, მამიდასი, მეტყველებს იმაზე, მას ჩემში შემორჩენილი მამამისის ნაწილი ენატრება. ისეა, თითქოს, 20 წლის წინ გარდაცვლილი მამა საყვარელ ქალიშვილს შორიდან, მზერით ეფერებოდეს“. ლექსის ფინალი ეხმიანება პირველი დაფის საუკეთესო ლექსს, „გოგონა საათის კოლოფში“, რომელიც გუგულიანი საათებისადმი ბავშვობიდან გამოყოლილი სიყვარულის გაცხადებაა, ვედრებაა იმ გოგონასი, რომელიც გუგულიან საათში ცხოვრობს და საათში ერთხელ,  თანასოფლელების ცხოვრების  ნიუანსს, ავსაც და კარგსაც, ამცნობს ყველას. გოგონა თხოვს მამებს, ბიძებს, პაპებს, პაპის ნაცვალებს და სახლიკაცებს: „ნუ აშენებთ, შუა სოფელში მაღალ სახლებს, თეთრებს და ლამაზაივნიანებს, ოქროს გოგოებს, სულის დარაჯებს, ნუ გამოკეტავთ“ ამ დამეგობრებულ ლექსებს ლოგიკური დასარულიც აერთიანებთ: „მოულოდნელად, მე თვითონვე გადავიქეცი მამიდის მამობილ გუგულად, საგვარეულო საათის კოლოფში: -გუ, გუ, გუუ - თან დაგატარებ“. ამ თვის სიმღერის სათაური დაპირისპირებულთა, ცნებათა შეთავსებას ემყარება და ალიტერირებული სტროფიც „მამიდის მამობილი გუგული“, სათაურის სემანტიკას ხსნის.
„გილგამეშის თვის“ ესკიზში სიყვარულის ახალი დეფინიცია ცნაურდება: „ახალგაღვიძებული ბავშვი დედის მკლავებში, ასეთია სიყვარული, შენ ჩემ მთავარანგელოზო, ეა.“
მეტაფორული აზროვნების საუკეთესო ნიმუშია სტრიქონი: “და თვალის თხელი გარსაკრავიდან, გადმოცვენილი ცრემლების ასხმა, მარგალიტების დაბადებას ჰგავს.“ „შამანის თვე.“  
„რამადანის თვე“- იგივე (რამაზანისა) სამი ნაწილისგან შედგება და აქ პოეტი სულის სიმაღლით დაგვატარებს, რომ  სიყვარული შემოვუშვათ გულში, რათა „მეოთხე დადებითი სისხლის ანალიზით იქცე ანგელოზად“, - აქამდე უთქმელის გამოთქმის, დიდი მჭვირვალი სიფერადის სულში შემოშვების სადარი დრო დგას ამ ესკიზში. პოეტი თვითონაც სულის ფრფინვითა და გრადაციით განიცდის: „სანამ რამადანს გადაიხდიან მწვრვალებზე მსხდარი მლოცველნი... რამადანის უცნაურ თვეში, ბუნიობას, შემოდგომის ამინდის ცვალებადობას მინდა ვაჯობო“. ამ თვის გენიალური გამონაგონია ეპილოგი, პაპა-ბებიების ხსოვნას რომ ასათუთებს და მათი სულის საკითხევებს რომ გვინახავს. კალენდარში სანამ თვე შეიცვლება: „ბოლო ფურცელზე, 1966 წელს, პაპას ფანქრით მიუწერია: „სექტემბრის ბოლოს ჩვენი მერცხლები შინ მშვიბობით მიბრუნდბიან. წვიმას იწყებს, დილა“. და აქვე, ძილქუში „რუბაქის თვეც“ შემოსულა, რომელსაც კრებულში ცალკე სათაური არ აქვს, მაგრამ აშკარად პაპის მინაწერის გაგრძელება იკითხება: „სეზონები, თვეები, წლები, კარტის ქაღალდის მსგავსად ავრიე, კედელზე პაპის ნაქონ კალენდარს, ჩამოვკიდებ და გზას გავაგრძელებ“. და ეს გზა პოეტის გზაა, რომელსაც სიმართლით მიუყვება და იცის, საიდან მოდის და სად მიდის... მისი გზა ადამიანებისკენ მიდის და ჩვენც ამ ესკიზიდან ვისესხეთ წერილის სათაურიც „ადამიანებს ვერ გავექეცი“.
მესამე დაფის მთავარი თემატიკა ბიბლიური მოტივებითაა შთაგონებული, ქრისტეს სიტყვის ჩვენამდე მოსატანად იგი ფილოსოფიასაცმიმართავს. კანონიკურად, დავითის მესამე ფსალმუნი დევნილობაში დაიწერა, როცა საკუთარმა შვილმა, აბესალომმა განდევნა იგი იერუსალიმიდან. ეს სათაურიდანაც ჩანს და ამასთანავე, 136-ე  ფსალმუნი „უძღები შვილის კვირის“ცისკარზე იგალობება, „მდინარეთა ზედა ბაბილოვნისათა“ და ეს დაფა არის პოეტის გაცნობიერებული ცდა, ქალაქის წიაღში  ერთი მართალი  მაინც ნახოს. თბილისის წაშლილ ისტორიაში პოეტად გაჩენილი, ამ ბუტაფორიულ, ნიღბებიან  ქალაქში ამხელს ყველას, რადგან „ამ ქალაქში პოეტებს ქოლავენ მიმიკური ნაოჭებით, აუცილებლად ზურგსუკან, მათივე ლექსებით, წიგნებით. ქოლავენ გულდაგულ, ცივი სარკაზმით. ათას ხინჯს რომ მოუგონებენ, პოეზიის მცოდნეებად მოიტანენ მოჭრილ თავებს, საკუთარ სისხლში მოახრჩობენ.“ კიდევ უფრო მკვვთრია პოეტის ბრალდება, არა მოგონილი, არამედ რეალური: „პოეტი, ქალაქის გადაკეთებულ მოედანზე ჰყავთ გამოკრული, საკვირაო აფიშასავით, ვისაც არ ეზარება, ხინკლის სახლიდან, სუში ბარიდან, ჩინური სამზარეულოდან პირს იხოცავს. პაოლო, ტიციან, გრანელი. მეორე მხარეს - ვაჟა, ილია, გალაკტიონ - ასევე ცოცხლად ქუჩებზე გაკრულნი. ისინი ჰგვანან ქუჩის სახლების და მიმართულების ბოძზე აღნიშნულ ისრებს - იქეთ წახვალ, მოკვდები, აქეთ წახვალ, მოკვდები, პირდაპირ მოკვდები, უკან მოკვდები.“ თბილისის „თბილი ხელების“ ასეთ სიცივეს პოეტების მისამართით უფრო დიდი დოზით,  სხვა დროშიც უჩიოდნენ და ეს სიმართლეა... “და აირეკლა სნეულმა მზემ ჩვენი შიში“, ლამის ონტოლოგიური (არსებობის არსის შიში!), რადგან უტიფრობის ქანდაკებებად ქცევა „ჯინოსნობაა ამ ქალაქისა“.
სრულიად მოულოდნელი პოსტმოდერნული ეპატაჟია სექენდჰენდის(კ)აბების მთლიანი პასაჟის გადასმა სხვა პოეტურ ესკიზში. განსხვავებულ თემატურ რკალში ნათქვამი აზრების გადაადგილება არ არღვევს სტრუქტურულ წესრიგს და იაპონური ტრაგედია (ჰიროსიმაზე) ისე ნატიფად ჩაემატა პაპის იაპონური ხურმებზე ნათქვამს, რომ ეს სიუჟეტური მიგრაცია ყველაფერგანცდილ პოეტებს შეუძლიათ. მისი პაპა კი იაპონელი სახლიკაცივით, მარჯვენა ხელის ზევით აწევითა და ღიმილით ესალმება შვილიშვილს, ეს კი ხდება „შემოდგომაზე, ოქტომბრის ბოლოს, ცაზე მერცხლების უეცარი გაქრობისას“. მერცხლების გადაფრენით კი ნაგზნებია პაპის სიცოცხლის  დასასრულის ამბავი.
ესკიზი „მზესუმზირებიანი კაბა“ გულმკერდზე ლენინისთავიანი მედლით, სექენდჰენდების კაბების სერიიდანაა, სადაც ქართული კაბა ნარინჯისფერი აბრეშუმია, რომლის სიმბოლოდ დეკის ყვავილი აურჩვია პოეტს! ნატა ვარადას ყვითელმზესუმზირებიანი მწვანე კაბა მაია სარიშვილის ასევე სექენჰენდის წითელ თეთრკოპლებიან კაბის ეწყვილება და ესეც თანამედროვე კაბა-ამბების ციკლიდანაა. ასეთი  მინდვრის დედოფლის ნაქონ კაბებს თანამედროვე (ქალღმერთივით!) ქალები ხან ყიდულობენ, ხანაც ვერა!
განსაკუთრებულია ნატა ვარადას სამშობლოს ხმაზე ნატირალების ციკლი, მათ ერთად შეიძლება ნატას ლექსის სათაურიც კი  ვუწოდოთ ანუ „სამშობლო ელეგიურია“. სამშობლოს უბედობითა და მასზე დარდით ზოგნი სიკვდილამდე კვდებიან, სხვებს კი სამშობლო სათარეშო ადგილი ჰგონიათ. სათვალავი არა აქვს პოეტის ბრალდებებს იმათ მიმართ, ვინც უძველესი ოქროს  საბადო მოასწორა, ვინც მდინარები წყალსაცავებში მოამწყვდია, ვინც ელექტრო დენით ამოხოცა და გადააშენა კალმახი წითელკოპლება, ვინც ალპურ პეპლებს მუსრი გაავლო  და ათასწლოვანი მუხის ხეები მორებად დააგორა. პოეტი მიმართავს სამშობლოს ასეთ მოყვარულებს: „მოდი, დედაშვილობას მეტს არ გთხოვ. გათხრილ ოქროს საბადოში, ქრისტემდე და ქრისტეს შემდეგ, ნებითა ჩვენითა ჩავესვენებით, შენ არ დაიზარო, ოქროს როდი გთხოვთ, კაზრეთული ქვიშა მოგვაყარე,“ „წყალი დააგუბე და ისტორია წაშალე!“ ასეთი სამშობლო არაა პოეტის ხმის ღირსი არაა დაიგი მოთქვამს : „ჩემი ხმა მინდა ამოგართვა, სასულედან ამოგაცალო“, მწარეა პოეტი ქალის გოდება, მისი სათქმელი: „სამშობლოო, ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტი, აღარც ერთი რომ არ შეირჩინე, ცა ტყუილ, ხმელეთ ბერწ სიმართლეს გაწვეთებს, სარეცელს ხარ მიჯაჭვული სამშობლოო“... მის სამშობლოში სასუნთქი ჰაერის უკმარისობაა   და ამ უჰაერობის  გამოსახატად ზუსტად და მიგნებულად, ჟანგბადის ბალიშის  აუცილებელოასავით არის დამოწმებული ხესუს ლოპეს პაჩეკოს თამაზ ჩხენკელისეული თარგმანი: „კივილი. ჰაერი, იქნებ ჰაერი აღარ არის ჩემს სამშობლოში? ჰაერი-მეთქი, ჰაერი“. ნატა ვარადას ეს ტკივილიანი გოდება ელა გოჩიაშვილის  ლექსად ნათქვამის გაგრძელებაცაა: „სამშობლო ხარ - ამას აღარ ეშველება, მაგრამ თუ არ მოგვიკითხავ დიდხანს, მე წინდაწინ მებრალები იმ დღისათვის, როცა მოგვიკითხავ“. („მათქმევინე, დე!“).
ნატა ვარადას ამ სიბრძნით გაჯერებულ კრებულში საინტერესოა მისი საყვარელი პოეტი ქალების სახე-ესკიზები. განსაკუთრებული ხიბლით გვესაუბრება სილვია პლათზე, რომელიც თვითმკვლელობის შემდეგ, ფემინისტბმა, მამაკაცურ ძლიერებას შეწირულ ქალურ გენიად აღიარეს. გვიყვება ენ სექსტონზე-მეოცე საუკუნის ამერიკელი პოეტზე. ფორუყ ფაროხზადეზე - ირანელ პოეტ ქალზე, რომელიც ჩადრისა და ქალთა უუფლებობის წინააღმდეგ იბრძოდა. ქართველ პოეტთაგან ესმა ონიანს გამოარჩევს, რომლის ფერსავსე და ღრმა ფილოსოფიური პოეტური ნაკადის შენაკადად თვლის საკუთარ პოეტურ მემკვიდრეობას და  იდეურ მასწავლებლად თვლის მას: „რა მუდმივია ეს სიყვარული, ესმა ონიანის ხელებში აყვავებული, გაქათქათებული, თვალს რომ გჭრის და სულ თან დაგყვება“.
ნატა ვარადას თანამედროვეთაგან  გამოარჩევს ბიბლიის ტექსტის ცოდნა და ფართო რელიგიური განსწავლულობა. დაუჯდომელივით იკითხება „საშინაო საკითხავი“,? რომელსაც საკითხავივით კანონიკური კომპოზიცია აქვს და დაწერილია ადრიანესა და ნატალიას მიმართ, რომლებიც ითვლებიან როგორც მართლმადიდებლური, ასევე კათოლიკური ეკლესიის წმინდანებად.
ამ პოეტურ ესკიზში ნატა  ვარადა სიტყვის მხატვრული თავისებურებითაც იქცევს ყურადღებას. თითქოს რა სიძნლე უნდა იყოს ასეთი ხელრთვით წერა. ერთი იგავისა არ იყოს, რომელსაც „სამიზნე“ ჰქვია, სადაც შმვილ-ისრით მსროლელმა კაცმა გადაწყვიტა თავისი ოსტატობა სრულეყო და უკეთესი მასწავლებლის საძებრად წავიდა. ვიდრე ერთ სოფელში არ მიაგნო სამიზნეს, რომელსაც ისარი პირდაპირ ცენტრში ჰქონდა მოხვედრილი. ეგონა იპოვა საუკეთესო მასწავლებელი და პატარა გოგონას კი გადაეყარა, რომელიც თამაშ-თამაშ ახერხებდა ამას.  ჩაარჭობდა ხეში ისარს და  მერე მის გარშემო სამიზნეს შემოხაზავდა. ბავშვის მიგნების გენიალურობისა არ იყოს, ნატას ესკზების კითხვისას ასე ფიქრობ, აიღებ ფურცელს და კალამს, დარგავ სიტყვებს, შემოუსვენებ სასვენ ნიშნებს და გამოვა პოეტური საოცრებანი. როცა ნატა ვარადას ლექსებს  კითხულობ, გრძნობ, რომ პოეტის დაწერილია, პოეტისა „ნამდვილობის ხეივნიდან“, როგორც ესმა ონიანი წერდა. ამ ნამდვილობის მისაღწევად კი მხატვრულ-გამომსახვლობით ხერხებს დიდი ადგილი ეთმობა. საოცარია მისი სახეობრივი აზროვნებანი: „ჰამელნეში ახლა ჯვრის ფორმის ლოდებია-დედების დარდი“, „პირდაღებული ფეხსაცმელი კი შუაღამისას ქოფაკივით იწყებდა ყეფას“. „საღამოს სიმშვიდე აიბაცებს“. „კვარცხლბეკზე თმა რომ გაიშალა, თითქოს ბაღს ატამი აუყვავდა“. „უმთვარო დედამიწის გარეკანზე“. „ერთ ცისარტყელ და შვიდფერ ცაზე“. „დღის ნათელი შუადღე“. „ვარდების მელოდია - ჩემი ზეციური ხმა“. „შემოდგომური ბოსტნეულის სევდა-ტკბილი სიცივე“. „ფოთლების სიყვითლემ კენწეროები დაჯაბნა“. „როცა ზამთარში ცას  წასკდება უეცარი თოვა“. „ხეები თოვლის სიწმინდეში გათხუპნულები“. „უმთვარო ღამიანს ფანჯრიდან ნაძვის ხით გაპარვა, რა დიდი ცოდვაა“. „ეს ღამე დღეს ჰგავს, ქალწულია“. „და სინანულის ცრემლის ხიდს მოვქსოვთ“. „ნისლებდაყრილი თეთნულდის ძირას“. „მრავალწლიანი ბალახივით უტიფარი“. „სამშობლოს სისხლით გავუმთელდებით“. „მიწისქვეშეთი ცაა ჩამქრალი“. „სურვილი იყო ცალხელა“. „ჰაერს ყივილი ამოსდიოდა“. „ახლა კვამლის ხიდზე გავდივარ“. „მზე, დღის ყვითელი ვარსკვლავი“. “ნაღების დარი ნისლით მოცული“. „ღვინოსავით ხასხასა სამოსელი“. „დღეების ციცინათელა ამინთე!“ „სადაც სული მოუკვდათ სახლებს“. „საკუთარი ჩრდილი მზეში მემალებოდა“. „გადათოვლილი გარბის მდინარე“. „უკარო ციხესავით სხეულში თავი შევიმწყვდიე“. „სვილისფერი კანი-ჯიხვები მწვერვალებს გადარბიან“. „ღიმილი- მაღალი მწვერვალი იცინის“. „ამ ბაღში დამშრალი ლოცვებით, ერთად არასდროს ვყოფილვართ“. „სიშორის არსიდან შენამდე“. „ზოგი მკვდარი სიყვარული უკვდავისფერი, გაღიმებული ღიღილო“. „გაკაჭული ვაზის ძირებში ჭირხლმოდებული მიწასავით დავსევდიანდი“. „ხმელი ფოთლების წითელ-ყვითელი მოსასხამით გზას დავადექი“. „ თითქოს მე ვუამბობდე შენზე ჩემს თავს“.
საინტერესოა აზრობრივი ალიტერაციული სიახლეები „თავის ქალებით, მათი ქალების თავის ქალებით ამოტვიფრე?“. „სადაც მოწმედ დაგვიდგება ახალი მოწამე“. „შენიღბულ დღეში დავდიოდი შუაღამეს“. „მინები მღერიან ფერებით - მე სისხლში ვბანაობ, ფერიების მოფარებით“.
მის ვერლიბრში აქა-იქ რითმის განცდაც ჩნდება:  „გადახმა ხე და ბუჩქი, ბალახი გადახმა ხმა“. „გადახიდე- მოიხადე - სახადია“. „ძუ მგლის ყივილი ედება მინდვრებს. ხნულში ჯიჯვლდება თესლი. ამოსდის მწვანე ბალახი ჩვენ პაპა-ბებოთა უხმო საფლავებს ამოდ სდით, ჩვენი ბავშვობის სიწმინდე ცრემლი“.
ანჟანბემანი ზოგადად, მთლიანი სიტყვის სტრიქონიდან სტრიქონში გადატანას და სტრიქონთა დატეხვას თუ ნიშნავს,  ნატა ვარადა თვით სიტყვის დატეხვასა და გადატანას იწყებს: „ღრუბლიდან ხეთა მწკრივებს გამოვე-დე მოულოდნელად“. „გული კი მო-ლაღურს ასწავლის გალობას“. „ჩემ-კენ - გულ-მკერდიდან გოროხი, მო-გიშავდა, ზურგი-დან ხალები ხეებს ჰგავს საფლავის“.
პოეზიას და ზოგადად, ქართულ მწერლობას არ აკლია ფერის სიტყვებში გადმომხატავნი, მაგრამ ნატა ვარადა ესკიზებში ფერებითაც სხვანაირ ორიგინალობით გვეფერება და დაუვიწყარია მისი ფერთამეტყველება: „მელნისფერი მარტოობა“. „კედლებისფერი ოთახი“. „მიწას იასამნისფერი კვალი დაამჩნია დაფქვილმა საკმეველმა“. „ლურჯი მონატრებით იღიმი“. „მის ზღაპრებში თეთრი იყო უმანკოება“. „ანგელოსს ექვსფრთოსანს, ასთვალას, ატმისფრი ყლორტივით ხელები  გაუწვდია“. „ხახვის ფურცლების ფერის თმითა და ლილიისფერი თვალებით, თივისფერი თმითა, ტბისფრი თვალებით“. „ცისფერს გავურევ შაბიამნისფერს“. „ნაღვლისფერი ჩალმა“. „ვაშლის ყვავილობის ფერი მკლავები“. „ცვილისფერი ხელები“. „შინდისფერა მწვანე“ „საკლავისფერი ფრესკები ჩამოთოვენ წყალობას“. „შაბიამნისფერი ხურმის ხეებზე შეფენილი ლურჯი ჩხართვები“. „კუმურდოსფერი“. „თეთრ თეთნულდს ვხედავ გარკვევით“. „აღდგომისფერში, ხახვის ფურცლებისფერში მომლოდინე დედისფერ საღამოს.“ და ა. შ.
ასევე საინტერესოა ესკიზებში -ყე ნაწილაკის გამოყენება. ყე-ობიექტის მრავლობის აღმნიშვნელი ნაწილაკია. იგი შოთას პოემაში გვხვდება „რა ისარი დაელივის, მონანი-ყე მოართმიდეს, მხეცნი, მათგან დაკოდილნი, წაღმა ბიჯსაც ვერ წადგმიდეს“. ამ ნაწილაკს საუბრისას თურმე ფერეიდანშიც იყენებენ. ნატა ვარადას ლექსში „უკანასკნელი“ ორჯერ გვხვდება ყე-ნაწილაკი და იგი დეფისით არ გამოიყოფა, არამედ სიტყვის ნაწილია: „გამოვჭრიდიყე კაბის კალთას, შეგიკერავდიყე თოჯინას ახალს“.
კიდევ ერთი მოულოდნელობა ნატას ესკიზებში. გრამატიკული ნორმის დარღვევა ხდება,  თუმც, აღსაქმელი და გასაგები: “ეკრძალე სიტყვებს, ვმმარხავ. ხილვებია“. გრამატიკისთვის აქამდე უცხო და უცნობი, სუბიექტური და ობიქტური პირის ნიშნები ერთდროულად ჩნდება, ორი მ-დან ერთიც  ფუძისეულია.
პოეტური ესკიზის „გამრავლების ტაბულას“ გამოჩენა სალიტერატურო სივრცეში არის  დასტური იმისა, რომ გაჩნდა ნატა ვარადას ახალი სააზროვნო  ნიშა. და ადამიანები როცა მის ლექსებს მიეახლებიან, არასდროს დაავიწყდებათ  გულით ნასათუთევი,  მზით და ლოცვით გამთბარი ასეთი სტრიქონები : „ყინვა-სიცივემ გადამხადა ყვავილთა ფარდა, ნისლებში რბილად მწოლიარემ მზისთვის ვილოცე“

თეთრი აპრილი, 2017 წელი. 


Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო