დაბრუნების სიმღერა

ნოე მითია,
მის გარეშეც შეგიძლია ორმოცი წელი
უდაბნოში იხეტიალო და მირაჟების გჯეროდეს,
შენთვის, თუმცა გარშემო შიმშილისგან გაავებული
კაცები ჭამდნენ საკუთარ ხორცებს.
სახლების წინ ერთჯერადი ნემსები ეწყოთ,
ქვიშის გენერლებს არ გააჩნდეთ ნამდვილი ვნება
გაჰყვიროდნენ დუნიებს მიღმა სახელს „იესო“ და
ექოების რწმენას მარხავდნენ.
ამიტომაც, სოფლის სახლში დაბრუნება,
ზღვის გახსნაა და ბავშვობის გახსენება - სამოთხე.
აქ, არაფერი არ შეცვლილა, თუ არ ჩათვლი,
რომ მშობლები, ახლა შვილები,
და მაგიდაზე ვისკის გრაფინებს ბუფეტისკენ
აუნაცვლიათ - საიდან გაჩნდნენ წნევის აპარატი,
შაქრის საზომი, წამლები გულის...
თუმცა ახლაც, 40 წლის შემდეგ, აქ უამინდობას
შუქის წასვლა უდრის,
და მაისის სეტყვებს მიწის კაცების ჩუმი გოდება.
ან რა სიტყვით აღწერ, ნოემბრიდან რომ ელოდები,
ამოდის ხორბლის მწვანე ჯეჯილი და
ელია ისე გისეტყვავს, გულს გიფლეთავს ყინვის
ბურთები.
შუაღამისას, უშუქობა ნიშნავს წყვდიადს,
მე ვიხედები პალმების ბაღში,
მოდის და ჯდება დიდი ფრინველი,
ორი წუთი ერთმანეთს ვზერავთ:
მერე მოწყდება ტოტს და ინთქმება.
მეც გავრბივარ დერეფნისკენ, კიბისთავისკენ..
თითქმის მძინარე და...
ერთადერთი ახლა ეს ხის წითელი კიბე,
ვინც ვერაფრით დაიჯერა, რომ გავიზარდე.
და ვერ მპატიობს, რომ მასთან თამაშს,
სცენობანა, მღერა, კონცერტი,
ციგაობა, ზურგით სრიალი.... აღარ ვკადრულობ...
მან არ იცის რომ დავბერდი და ფეხიდან მეცლება,
როგორც მიწა -
მე მივფრინავ თერთმეტ საფეხურს და ბოლოს, იმ ჟანგიან
რკინის ურდულს ვეხები ხელით,
ვინც იყო ჩემი მთავარი დასაყრდენი,
90-იანი წლების მხედრიონობისას, უშუქობისას.
სასაცილოა,
ახლა პირველად ბავშვობის შემდეგ,
ვუყურებ დახეთქილ მუხლისთავებს,
იმ ხმაზეც კი მეცინება, კიბეზე რომ მივფრინავდი
და ჩემდა უნებურად ამომდიოდა.


Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო