ნატა ვარადა

ამბავი ბესო სოლომანაშვილისა,

რომელიც „საბას“ სიაში მოხვდა, გაიმარჯვა და გადარჩა

„სპარსეთში კი არა, რუსეთში ვართ, რუსეთში! სადაც რუსის სისხლი დაიღვრება და სადაც რუსის სამხედრო დროშა ჰფრიალებს, ის ქვეყანაც ჩვენია-მეთქი!”

„ლამბალო და ყაშა”. მიხეილ ჯავახიშვილი. 1925 წელი

 

თანამედროვე ქართველი მწერლის, სცენარისტის ბესო სოლომანაშვილის რომანი „ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ამბავი ახალი დასახვრეტებისა“ (სულაკაურის გამომცემლობა) პრემია საბას აიღებს 2020 წელს. ეს მწერლის პირველი საბაა.

„ბაბუა მყავდა დრაკულა“, წააწერა კანდელაკზე კორპუსის სადარბაზოს კარს უცნობმა ბიჭმა და ამით, დანარჩენ საბურთალოებს გზა მისცა, დროა აღიარებისა და სიმართლის თქმისაო. თუმცა ვინ დაუჯერა?! ეს ამბავი ნამდვილად მოხდა და თუ მოგიწევთ გასვლა გაგარინის ასახვევში, კედელს შეხედეთ. ნახავთ.

ამ კედლის წარწერის ფსიქოდელიური გაგრძელება მეორე კორპუსზე იქნებოდა „ბაბუა მყავდა კულინარიო“, მაგრამ ეს თბილისის უახლოესი ამბავია და ჯერ ისტორიული ანალიზისთვის მომწიფებული  როდია, ამიტომაც დუმილი მოსალოდნელიც არის - როგორც ჩანს არც ქუჩის კედლების წარწერებისთვის.

პაპა რომ ჯალათი გყავს, ეს საბჭოთა ეპოქის  შვილებს თუ ნაშვილიშვილებს, ვერაფრით გააკვირვებს, მითუმეტეს თუ ეს რომანში ხდება, თან ეს რომანიც საბჭოთა ოკუპაციის ყველაზე სასტიკ განთიადს აღწერს.

ჯალათი პაპის ყოლას, სულ არ გყოლოდაო -  ვერც ამას იტყვი - მაშინ შენ საიდან მოცუნცულდებოდი, ან რომანიც როგორ გაჩნდებოდა?!

ესე ამბავიც ასე იწყება - ქართველი მწერლისა და სცენარების დიდოსტატის ბესო სოლომანაშვილის წიგნში „ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ახალი დასახვრეტებისა“ -  ჯალათი პაპის ავზნიან ხასიათზე, რძეში გაზავებული იების სუნსა და იმ ისტორიულ ფაქტების არაისტორიულად გადმოცემაზე, რომელთა დაჯერებაც თაობები მიდიან-მოდიან და მაინც არავის სურს.

ბესოს წიგნის გამოცემის მერეღა, ქართულმა ლიტერატურამ ამოისუნთქა 90-იანი შავ-ბნელ თბილისურ წლებზე, ქუჩის გაუთენებელ ღამეებზე, წამლისა თუ იარაღის კონტრაბანდისტებზე, პოლიტიკოს აფიორების ოთხ წელში გამდიდრებასა და იშვიათად, სახალისოდ მოყოლილი სხვა დიდ და მცირე ტრაგედიებზე დაწერილი წიგნებისაგან. ამოისუნთქა, მაგრამ უფრო ნამდვილ ტრაგი-კომედიას კი მიუბრუნდა. აი, ისეთს კაზლოვის „შეშლილის“ თარგმანზედა, ან გიორგი ერისთავის „გაყრას“ რომ არაფრით ჩამოუვარდება. მაკო საფაროვას თამაშს რომ გაგახსენებს. არც მეტი და არ ნაკლები თბილისში შეჭრას აღწერს და სისხლსა და ცრემლებს.

გორზე კი რომანი ვერ დაიწერებოდა, თუ შიგ სტალინის სახელი არ იქნებოდა სამჯერ მაინც ნახსენები. და აკი ახსენა კიდევაც ავტორმა. ახსენა კი არა, რომანის ძაღლის თავი, სწორედ სტალინთან ერთად დამარხა. თუ სადმე დასახვრეტების, დახვრეტილების სია იდება, იქ თავშიც და ბოლოშიც სტალიანია - მეწაღის ვაჟი იოსებ სოსო ჯუღაშვილი, სემინარიის პოეტი და უსისხლო გენერალსიმუსი.

ბესოს პერსონაჟს  კი ჰგონია გამომცემლობა ჭამსო, თუ ვიტყვი რომ პაპაჩემი ჯალათი იყოო და მასზე წიგნს გამიპრავებს ანუ გამომიცემსო, მაგრამ გამომცემლობა რასაც ჭამს, იმას მკითხველი არ იკადრებს. მითიურ საბურველში ამოვლებული და გასროლილი წინადადება, პაპაჩემის ამბავს კი არ ვყვები, არამედ ვიბრალებო, ეგეთები არიფებმა ჭამონ, ჩვენ კი გულზე დაგვადგა, მაგრამ ეს ლუკმა მაინც ვერ მოვინელეთ...

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ანოტაციით: „ბესო სოლომანაშვილის რომანიამბავი ძველი დახვრეტილებისა და ამბავი ახალი დასახვრეტებისა“, რომელსაც ავტორიალუზიურ მისტიფიკაციასუწოდებს, მოგვითხრობს 1921 წელს საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ, როდესაც ქვეყანამ 1918 წელს მოპოვებული დამოუკიდებლობის შენარჩუნება ვერ შეძლო და ბოლშევიკებმა აქ თავიანთი ძალაუფლება დაამყარეს.“.

რომანში სიუჟეტი ფსიქოდელიურად ვითარდება, აქა ამბავია ერთი ჯვარნაკრავისა (ხალხურად ეს მოითარგმნება „შიგნაკარავისა“, მშვენივრად ჟღერს წითელი ხიშტიანი გენერლების ზოგად სახელად), რომელიც დახვრეტს მღვდელს, ჯვარი მესამე ტყვიას აისხლიტავს და ჯერ ჯვარნაკრავი რომ არ ჰქვია იმ კაცს თვალში მოხვდება. აქა ამბავია ერთი გაბოროტებული ჯვარნაკრავისა, რომლის გარშემო ტრიალებენ სხვა პერსონაჟები და ჩართულები არიან მთელ მის მიერ დატრიალებულ მარაზმში. და ეს ერთი ჯვარნაკრავი განასახიერებს მთელ ბოროტების იმპერიას. განა ასე ადვილადაა საქმე?! ნამდვილი გენერალი, თავადყოფილი, უხსენებელი საბჭოთა ბოლშევიზმის მამები, ბელადი და მისი ბუნაგი და სხვა რეალური სახელები ცოცხლდებიან და კვდებიან ამ რომანში. ერთი კაცის ოჯახური ტრაგედია, თუ სიყვარულის დრამა, თუ მისი ბავშვობის მძიმე წლები მთელი ქვეყნის უბედურებად არის ნაქცევი. იქნებ ასეცაა, რეჟიმი ასეთია - ვერცერთი ადამიანი ვერ გაექცევა თავისი კვალი რომ არ დაამჩნიოს, საყოველთაოდ.

საბასაუკეთესო რომანის კატეგორიაში ბესო სოლომონაშვილს გადაეცა - წერდა დეკემბერში ქართული პრესა.

 

დეკემბრამდე კი ხუთი წიგნი და ხუთი რომანი აირჩა.

სიაში პირველი ნომრით მოხვედრილმა ბესო სოლომანაშვილმა დანარჩენებს გაუსწრო და გაიმარჯვა.

ასე მარტივად მოიგებდა ის მარათონს, მის უკან რომ ტიტანები არ მდგარიყვნენ. მაინც რატომ გადაწყვიტა „საბა 2020“-ის ჟიურმა ბესოს წიგნისთვის გადაეცა „საბა“?

გულუბრყვილო მკითხველი იქნებ ფიქრობდეს, მხოლოდ ბესო იყო საბას გარეშე დარჩენილი, დანარჩენები კი უკვე მოღლილებიც კი იყვნენ იმ შენობის იმ კიბეებზე სირბილით, საბას დაჯილდოება სადაც იმართება, ხოლმე. არა, ასე მარტივად ვერ იქნებოდა საქმე.

აბა, მაშ?!

იქნებ სოციალურ ქსელებში გამოძახილმა ექომ ქნა?! რადგან, ბესოს ამბავი დიდად გახმაურდა, როდესაც მისი ეს წიგნი სხვა მავან ლიტერატურულ კონკურში, რბილად რომ ვთქვათ, დაჩაგრეს?!

არც ასეა საქმე.

ჩემი აზრით საქმე ჟიურშია. ჟიურმა წელს გადაწყვიტა ხალხური და სოციალური საბა გამოსვლოდა და გამოუვიდა.

ლიტერატურულ პრემია „საბას“ დაარსებიდან უცნაური ბედი დაჰყვა. ანდამატივით რომ იზიდავს მწერალ-გამომცემელთა არმიას, ამასთან ნაწილი სხვა რაზმეულისა მის ლანძღვა-გინებაში ატარებს შემოდგომა-ზამთარს.  ხშირად მას უფრო არა და მოძრავ ჟიურს ერჩიან, ხან ავტორს ამოიჩემებენ, ხან დამაარსებელს, ხან სპონსორს. თუმცა ფაქტი ჯიუტია, „საბა“ მწერალსაც ახარებს და გამომცემლობას გამოცემულ წიგნს წარმატებით აყიდინებს ბაზრობაზე, წიგნების.

ბესო სოლომონაშვილის პირველი საბა ნამდვილად დამსახურებულად შეხვდა. ეს იმ რომანისთვის მიანიჭეს, სადაც ავტორი სისხლს, შიგნეულს, სულსა და გულს აყოლებს სიტყვებს და წერს, გაბრაზებულიც, განრისხებულიც, დამარცხებულიცა და ამავე დროს, გამარჯვებულიც.

ესაა წიგნი, სიყვარულზე, რომელიც ყველაზე ბინძურ, გარყვნილ და გათახსირებულ ადგილას ისე ნაზად ამოიჭრება, როგორც რძის სუნიანი იები. როცა სიმახინჯესაც სურს რაღაც ნამდვილი, ლამაზი და სულიერი. როცა ღალატი ისე არაფერს არ უხდება, როგორც თავგანწირვას. და რაც მთავარია,  ხალხის ისტორიულ მეხსიერებაში მომხდარ ეროვნულ ტრაგედიას, სწორედ ხალხოსნური, მდაბიური და ყველაზე პლებეური ენით წერს.

მთავარი პერსონაჟი აქ ბევრია. თუმცა ჯვარნაკრავის საკრალური სახელი რომანის მთავარი ხაზია. თუ ბოლშევიკებს რამე ხალხის მიერ შერქმეული მეტსახელი მოუხდება, ჯვარნაკრავი ზედგამოჭრილია. ეკლესიების და მღვდლების მკრეჭავი, თავადაზანაურებისა და მათი მცირეწლოვანი ოჯახის წევრების, ქალებისა და მოხუცების მხვრეტავი და გამქურდავი ბოლშევიზმი და ჯალათი შემსრულებელი ანუ ხელის ბიჭი, შავი საქმის გამკეთებელი - უბრალო ხალხში ერთ კრებით სახელად - ჯვარნაკრავად მოიხსენიებოდა, ნამდვილად და ზუსტად, როგორც იცის ასეთ დროს საერთოდ სოფლის ხალხმა.

„თოვდა და თბილისს ებურა თალხი,

დუმდა სიონი და დუმდა ხალხი“. - ეს რომანტიულ-პოეტური ფორმულა ამოაყირავა მწერალმა ბესო სოლომანაშვილმა, იმ ფსკერამდე ჩაყვა, იმას, რაც შობს ბნელ, ნაბიჭვარ და გაუკუღმართებულ ადამიანების რასას.

ისტორიული ფაქტები და ისტორიკოსის კალამი ბევრად უფრო დახვეწილია და მშრალ ამბებს მოიცავს. ისტორიულ წყაროებში კალაპოტის მოძებნა შესაძლებელია, აქ შესაძლებელია ისე მიჭრა-მოჭრა ამბავი, რომ გაყალბებას დაეტოლოს, მაგრამ მწერლის მიერ მოყოლილი ისტორიული ამბავი დაუნდობელია ეროვნული გმირისთვისაც და მოღალატის სამარცხვინო სახელისთვისაც.

ამ ამბავში, რომელიც ორ სიას ჰგავს, ბოლშევიკებისა და მენშევიკებისას, წითელი და თეთრი დროშების ამბავში, ძველისა და ახლის გადაკვეთის ამბავში, მწერალი საბურველს გადახდის 1921 წლის 25 თებერვლის საბჭოთა წითელი არმიის მიერ თბილისის ანექსიას და ომის და ოკუპაციის მძაღე სუნსაც არ აარიდებს მკითხველს... შეულამაზებელად, დაჩეხილად, შეშლილის გონებით და სადისტურ-რასისტული სურათებით აწყობილ ამბავში ერთი განტოლებაც ამოხსნილია - ის, რაც სახადივით მოიხადა ქართულმა დემოკრატიამ - საბჭოთა წითელი გაუმაძღრობა - რომლის მხუთავი სასისკვდილო სუნი ჯერ კიდევ ტრიალებს საქართველოს ცაზე, რომელსაც ახსოვს რძეში ამოვლებული იების სურნელი.

ქართველმა კლასიკოსმა მიხეილ ჯავახიშვილმა „ლამბალო და ყაშა“ რუსეთის კოლონიურ რეჟიმს მიუძღვნა. იქ, მოღალატე ციციანოვი, ქართველი თავადი და გენერალი და ქრისტიანი რუსი მღვდელი პავლე, აისორებისა და აზერების მჩაგვრელები, მწამებლები არიან, კლასიკოსი ამ გაბედულებით თავად გახდა რეჟიმისა და ბერიას მსხვერპლი, იგი ჯერ დააპატიმრეს, ხოლო შემდეგ მას სასტიკი მეთოდებით გაუსწორდნენ და ბოლოს 1937 წელს, დახვრიტეს. 

 1921 წლის 25 თებერვალი, რუსეთის მიერ საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის ოკუპაციის ისტორიული თარიღია. მოთხრობა „ლამბალო და ყაშა“, სადაც ცარიზმის ერთმორწმუნეობის ფარსია  მხილებული, მიხეილ ჯავახიშვილმა 1925 წელს დაწერა.  იმავე წელს ჟურნალ „მნათობში“ იბეჭდება, ხოლო, შემდეგ ის ქვეყნდება 1926 წელს სახელგამის მიერ გამოცემულ კრებულში „ორი განაჩენი“. ამის შემდეგ მოთხრობას კიდევ ორჯერ, 1933 წელს და 1937 წელს ეღირსება დღის სინათლე.

1937 წელს წითელი სატანა მწერალსაც მისწვდება.

მწერალს, სიმართლისთვის ფიზიკურად უსწორდება რუსეთის თვითმპყრობლური, დამნაშავე ხელისუფლება, როგორც მის პერსონაჟს ლამბალოს. გასაოცარია, ასე წინასწარმეტყველება საკუთარი აღსასრულისა, თუმცა სულიერებას, დაწერილსა და უკვე კეთილ თესლს, რომელიც ხალხის გონებაში ჩაინერგა, ვერა ძალით ვეღარ ამოძირკვავს.

 

ბესო სოლომანაშვილთან წითელი ტერორი იმ სასტიკი და ბილწი ენით არის ჩვენამდე მოტანილი, როგორსაც თავად  „დიადი საბჭოეთი“ განასახირებს. აქ, თითქოს ამბავი შიგნიდან არის მოყოლილი, სარკისებური პრინციპით, შესაძლებელია ავტორს კინოენაც ეხმარება. სხვათაშორის, მიხეილ ჯავახიშვილის რომან „ლამბალო და ყაშას” დასაწყისი „მიწის ყივილით“ დაუსათაურებია. ასევე, მიხეილ ჯავახიშვილის არქივში დაცულია „ლამბალო და ყაშას“ კინოსცენარის სამუშაო ეგზემპლარი.

ვირტოუზულად მოაქვს ბესოს მთელი ის სიმძაღე, რაც დღემდე მოსდგამს მსგავს რეჟიმებს.

რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია არ დასრულებულა, თუმცა ქართველს ბრძოლა, აქეთაც და იქეთაც არასოდეს ეზარება, ესეცაა.

მწერალს გადარჩენას ვულოცავთ.

 

საბა 2020 -

წლის საუკეთესო რომანი

  1. ბესო სოლომანაშვილი, ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ამბავი ახალი დასახვრეტებისა (სულაკაურის გამომცემლობა)
  2. ანა კორძაია-სამადაშვილი, ზინკა ადამიანი (სულაკაურის გამომცემლობა)
  3. ლაშა ბუღაძე, აუდიტორია (სულაკაურის გამომცემლობა)
  4. აკა მორჩილაძე, ფარშავანგი (სულაკაურის გამომცემლობა)
  5. ალეკო შუღლაძე, ქრონიკული დაღლილობის სურნელი (პალიტრა L)

 

Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო