კარლსონი გოგო, პროპელენით

კარლსონი გოგო, პროპელენით

რითი ვარ ნაკლები, მეთქი, აბა.

სახურავი მაქვს - ამოვძვრები.

ფრენაც მეხერხება, ასე თუ ისე.

ვარდის მურაბასაც მოვხარშავ, რომ გამიჭირდეს.

ბიჭიღაა მოსაძებნი, პატარა ბიჭი.

გავხედავ ჭოგრიტს და ფერადი ანტურაჟი -

სინათლე უნთია, შვილებს წვიმიან ღამეს თუ უთევს.

კარგი, ამ ბიჭის გარეშეც შეიძლება გოგო კარლსონობა.

რა მოითმენს ამ ბიჭის გამუდმებით თვითმფრინავსა და ავტომატზე,

ტანკებსა და ატომურ ბომბებზე ჩხირკედელაობას.

ზამთრისპირს წვიმას,

შუაღამისას, სიცივისგან გამოღვიძებულს

ხეები გიწყებენ ლაპარაკს -

აბა, ჩვენ სიშიშვლესა და სველ ქერქს დააკვირდიო,

არცერთი ფოთოლი.

შენობები კი ნელი ტაატით ირწევიან...

რკინიგზის ბაქანს აწყდება თბომავალი

შავი ზღვის მარილებით გულდამძიმებული.

შავი ბატები კი იეროგლიფებით გიწერენ ღრუბლებზე,

ბატიფეხური კალიგრაფიით

გრძელ თავგადასავალს.

რად გინდა, აბა შენი გოგო კარლსონობა რაღა იყო?!

სახურავის ბინადრობაღა გაკლდა.

იჯექი, იჯექი, როგორც მოჩვენება..

განა მხოლოდ ერთი გზაა იმ შენი სამოთხისკენ,

ბეწვის ხიდი შეკრებს გზებს, უამრავ გზას, მთელი ლაბირინთია.

ერთ გზას დაადექი, სიყვარული, სიყვარული,

ამოიჩემე... ამოგერჩია უმარტივესი - ქმარი, შვილები,

სოციალური მდგომარეობა - ბინა, მანქანა, ოქროული.

ქორწილი, მერე მშობიარობა, ვალი მოგეხადა.

ზაფხული, დასვენება. ვახშმის სამზადისი.

გერეცხა ჯერ ჭურჭელი, მერე საფენები.

არა, სიყვარულიო, სიყვარული...

გამომიხვედი შენც უდაბნოს ედელვაისი,

მარიამ მეგვიპტელი კი ჩაგისახლდა.

აგერ,

იჯექი ახლა სახურავზე და უყურე, როგორ უთევს

ღამეს საკუთარ ოჯახს, ის ვისაც ხელებს უწვდი და ზედ არ გიყურებს

ღმერთო, არც გმირი არ გამოვდექი...

მოხალისედ ჩავეწერე წითელ ჯვარში...

პანდემიისას... დარეკა თავადის გვარისამ, ძმამ

კოვიდიანი მარტოხელა დისთვის, ანაზღაურება იქნებაო.

შენკი უთხარი, რომ დიღმის მასივიდან გადახვედი..

დედაშენის ზურგს სად დაემალები, კოვიდიანს როგორ

გაეკარები.

ამ მიეთ-მოეთში, მხოლოდ მამა რჩება, ვინც არასოდეს

დაიზარებს და ნებისმიერ ამინდში დაგიძახებს: ჩემო გოგოო.

გინდა ხეიბარი ყოფილხარ,

გინდა შენივე სოფლის მდინარის ფატმასურის წყლის მცენარე,

ლამაზი ქალივით რომ გაიშლის ბუერებს და მოსდებს,

ყოველ ნიავის დაბერვაზე რა გული წაიღოო, ესენი დაფრინავენო სულ. 

 


Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო