თოვლის ლეოპარდები
"არ ვიცი ვის დავურეკო. არავინ მახსოვს".
Forever Tango - A Evaristo Carriego
- Carlos Gavito & Marcela Duran
თამაზ ბაძაღუას
წარმოიდგინე?! წარმოიდგინე, რა ამბავია,
დიდი ხნის მერე, დიდი ხნის შემდეგ:
თავს აღწევს დახრუკულ სიბნელეს,
გამთენიას ამოდის აწურული სხეულით,
თითქოს ემალებოდეს ვინმეს,
რომ თავიდან დაუძვრეს.
კიდევაც იცოდეს შენსკენ გადმოხრილმა -
მწვანე კუნძულზე, დამლაშებულ შავი ზღვის
სიახლოვეს,
რა მშვიდად გძინავს
მომღიმარს,
გადამწიფებულ ფორთოხალივით
ქალთან.
წარმოიდგინე, წარმოიდგინე?!
როგორ მოირწევა ხავსიან სამოსით,
თოვლის ლეოპარდები
ახატია მწვანე კაბის საზურგეს.
თავდაღწეული ლაბირინთის ფსკერს,
დიდი ხნის მერეღა,
თითქოს შეხვედრამდე,
ის უკვე მიხვდა -
თუნდაც, რომ უკან არ მოეხედა,
ან უფრო ადრე გამოპარვოდა
მინოტავრის ჯავშნიან გონებას,
სხვადასხვა განზომილებაში დავრჩებოდით-ო,
სხვისად.
ასევე, ის ამბავია, რომ..
გოგონას მგელი შეუყვარდა...
გოგონა მგელს სახლში, თან გაჰყვა.
კაცებმა კი მოკლეს ჩემი ქმარი სიტყვით,
ტყვიასავით გასროლილით,
გადააგდეს
გამოფატრული, წითელ სოკოების
მინდვრად.
მაშასადამე,
თუ წარმოიდგინე, მაშინ ახლა,
მხოლოდ ამას გთხოვ:
შენ უთუოდ შეძლებ -
სავარჯიშო დარბაზში ერთი საათით, ან
მეგობრის
ბავშვის დაგეგმილ ოპერაციაზე, ან
რამე ძველი,
წაგებული ომის პარტიზანისთვის,
თუ ტყუილი მოგინდება:
შენ ვიცი შეძლებ.
ომის ვეტერანის იმიჯით, მეტი დამაჯერებლობისთვის,
დაარწმუნებ თავად ლუციფერს,
და მხოლოდ, მაშინ:
„თუ გინდა თვალებახვეული,
უსულ-გულოდ-ღა დარჩენილი -
ოღონდ კი,
უკანა გზაზე გამიყვანე,
უკანა კარიდან გადამაცილე,
მიღმად“.
გემახსოვრება
ლეთას გადასასვლელი...
მაშ, დამაბრუნე მინოტავრთან,
რომელსაც
თორმეტ მალაზე გართხმულს
ისევ მიგათრევ.
Comments
Post a Comment