რუსები შვილებით თბილისში



 

როგორ ვსუნთქავდი ამ ქალაქში

უშენოდ,

პოეზიის და წერის გარეშე,

ბედნიერებას შეთავსებით - შენ კი მაპატიე.

ამასობაში,

ათასი რუსი ახალგაზრდა მამაკაცი შემოვიდა

ქალაქის მთავარ ქუჩების გადაკვეთაზე,

ზებრაზე,

შუქნიშნებთანაც, თან სულ ქერაულვაშით,

სპორტული აღნაგობით,

ღია ცისფერი თვალებით

პატარა აჩიკუდა გოგონებით - მელაკუდები,

ნაქსოვ, ლამაზ ქვედაკაბებში.

ესენი იყვნენ,

აფხაზეთის მარადმწვანე ტყეებში,

აყვავებულ  მაგნოლიებში, მწიფე

ფორთოხლებში,

მარილიან შავ ზღვაში

ჩვენ შავტუხა ბიჭებს რომ ხოცავდნენ?!

ესენი არ იყვნენ?!

თუ ესენი იყვნენ, მაშინ როგორღა

ახლა,

როგორც ყვავილები, უჭირავთ

ხელებით პატარა გოგო-შვილები.

რატომ მოდიან ეს რუსი კაცები ძველი

თბილისის

ქვაფენილებზე, თან

გამოუწვდიათ პატარა მელაკუდები,

ხორბლისფერა მხიარული ბაიები.

მივხვდი, მათ სურთ პატიება გამომთხოვონ.

როგორც მე შენ,

როცა ერთხელ დავიბრალე, რომ უდარდელად

შემეძლო

ამ ქალაქის საზოგადოებრივ ტრანსპორტში

თვალი ამერიდებინა გაძინძგლული კაცისთვის,

როცა ის სკოლის მოსწავლე გამხდარ ბიჭუნას

ეტმასნებოდა.


Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო