ნინო დარბაისელი-სტრონი - ჟურნალი ცისკარი, 2023, #2 - ნატა ვარადა

 ნინო დარბაისელი-სტრონი - ჟურნალი ცისკარი, 2023, #2

ნატა ვარადა
ეს არ არის ჩემი პირველი წერილი ნატა ვარადას შემოქმედების შესახებ. რიგით მგონი მესამეა და სულ მეჩვენება, რომ ბოლომდე ვერ ვთქვი ჩემი სიტყვა, სათქმელი ამ უნიკალური ავტორის შესახებ. რაღაც ასპექტი, რაღაც მთავარი სულ მოუხელთებელი მრჩება. აი, ახლაც ახლიდან შევუდექი საქმეს და დარწმუნებული არა ვარ, წარმატებით დავძლევ თუ არა ამოცანას.
ჯერ შევეცდები, როგორც იტყვიან, მოედანი გავითავისუფლო, ანუ წინასწარვე მოვიშორო ის მხარეები, პლასტები მისი პოეზიისა, რომელიც, ჩემი ფიქრით. არაფერს განსაკუთრებით საყურადღებოს არ გვპირდება.
იგი წერს თავისუფალი ლექსით. მისი თავისუფალი ლექსი არ გამოირჩევა დიდად კომპოზიციისა თუ სხვა მხარეების ორიგინალობით, აღარ მახსოვს, რითმიანი ლექსი თუ განმიხილავს მისი ადრე. აქ მარტივად აღვნიშნავ, რომ არც კონვენციური ლექსია მისი სტიქია, თავისი უამრავი ფორმითა და გამოსახვის საშუალებებით. არც სათქმელი გვეძლევა, ტექსტში ღიად გაცხადებული... რაღა დაგვრჩა? - თითქოს არაფერი, არა?
მაგრამ ნატა ვარადას შემოქმედება ის შემთხვევაა, როცა არაფერი - ყველაფერია. დავაზუსტებ: ყველაფერი არაფრად მოეჩვენება შორიდან მხედველ მკითხველს, რომელსაც არა აქვს სურვილი და შესაძლებლობა, ფეხი დაისველოს მისი პოეზიის მითოპოეტურ მდინარეში, უძველეს წარმართულ ღვთაებათა თუ ქრისტიანულ წმინდანთა, ზოგადკულტურულ პლასტთა თუ ქართულ ნაკადთა, ფანტასმაგორიათა თუ რეალური ყოფის მოვლენათა ნაკადები რომ შერევია.
ჯერ კიდევ ანტიკურ ეპოქაში არისტოტელე თავის ‘პოეტიკაში“ აღნიშნავდა, რომ მეტაფორათა ქმნას განსაკუთრებული ნიჭი, ტალანტი სჭირდება. იგი თავის „რიტორიკაშიც’ უტრიალებს ამავე საკითხს და თუმცა მას შემდეგ ათასწლეულები გავიდა და მეტაფორისტიკის დარგში უაღრესად მნიშვნელოვანი უცხოური თუ ქართული გამოკვლევებით გამდიდრდა ჩვენი თეორიული ცოდნა, სხვადასხვაგვარი საყურადღებო განმარტებანი თუ კლასიფიკაციები იქნა შემოთავაზებული შეიძლება ითქვას, რომ მეტაფორა - დღემდე გამოცანად რჩება.
პრინციპში, უნდა ითქვას, რომ დასავლური, უცხოური და მის კვალად ქართული პოეზიაც ამასობაში სულ უფრო და უფრო ნაკლებმეტაფორული, ნარატიულ-დესკრიფციული ხდება და ისიც შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ მეტაფორის პრობლემა აქტუალობასაც კი ეთხოვება, მაგრამ .... მაგრამ ჩვენს წინაშე არსებობს ნატა ვარადას ფენომენი.
ეს არის პოეტი, რომელიც არა რამესთან ოპტიმალურ სინთეზში, არამედ მხოლოდ და მხოლოდ მეტაფორულად ხედავს და მეტაფორულად მეტყველებს. მეტაფორულ სახეთა შორის კავშირებიც კი მის პოეზიაში არა ლოგიკის, ან თუნდაც პოეტური ლოგიკის მეშვეობით მყარდება, არამედ მის ლექსებში მეტაფორა მეტაფორას შობს, რაიმე ერთი ან რამდენიმე კადრი კი არა გვაქვს რამენაირად განაწილებული ლექსში, მისი ლექსის გაცნობისას მკითხველი ექცევა მეტაფორათა და წარმოსახვათა რაღაც, ერთიანი დინამიკური დინების ტყვეობაში.
ნატა ვარადა ჩვენი თანამედროვეობის ცნობილი პოეტია და მე გამიჭირდება, დავასახელო მეორე მისდარი ქართველი პოეტი ჩვენი სინამდვილიდან, რომელიც ასე დაუდევრად ეპყრობა საკუთარ ლექსს. თითქოს როგორც ავტორს ერთადერთი საქმე აქვს - რამენაირად მოიხელთოს და საკუთარი არსებიდან წერილ-ტექსტად გამოიტანოს მითოპოეტურ-მეტაფორულ წარმოსახვათა ნიაღვრები.
როგორ?
რაღაცნაირად ჩასწვდეს საკუთარ ქვეცნობიერს, ჩასწვდეს ისე, რომ ცნობიერ (მექანიკურ?) აქტად მხოლოდ ტექსტის ფურცელზე დაფიქსირება-ღა დაიტოვოს.
რაიმე საშუალებით ან უმისოდ ქვეცნობიერის აქტივაცია, ამის შედეგად დაფიქსირებული ტექსტი, როგორც მომავალი ლექსის მასალა არც სხვა ავტორისთვის შეიძლება იყოს უცხო და უცნობი. მაგრამ ასეთ შემთხვევებში როგორც წესი, შემდგომ ეტაპებზე შემოქმედებითი მუშაობის მიმართულება ფორმასაც გულისხმობს. ქართულ თანამედროვე პოეზიაში გვაქვს ტექსტები, რომელიც ცნობიერ-ქვეცნობიერ ნაკადთა სინთეზს წარმოადგენს და მოგვიანებით, იმედი მაქვს, მათზე საუბრის საშუალებაც მექნება, მაგრამ ვარადას შემთხვევაში ძნელია ამგვარ სინთეზზე საუბარი. მისი ქვეცნობიერი ცნობიერ მინარევებს ნაკლებად ჰგუობს და მკითხველს ისღა დარჩენია, ან მიჰყვეს მის დინებას ან გვერდზე გადადოს ეს ლექსები და რაიმე უფრო იოლითა და ლოგიკურად გასაგებით დაკმაყოფილდეს.
ჰყავდა თუ არა ნატა ვარადას წინამორბედები საკუთრივ ქართულ პოეზიაში?
ჩემი ფიქრით, ეს ორი ქალი-პოეტია ლია სტურუა და ესმა ონიანი, ოღონდ თუ ორივე ეს პოეტი საკუთარ მეტაფორულ ხილვათა სხვადასხვაგვარს, მაგრამ მაინც რაციონალიზაციას ესწრაფვის. რაციონალიზაციის ფაზა ვარადასთან - მაქსიმალურად რედუცირებულია. ანუ მისი სახით ეპიგონობასთან კი არა გვაქვს საქმე, არამედ უკვე ინდივიდუალურ გზასთან, მე ვიტყოდი, სარისკო, საცალფეხო ბილიკთან, სადაც თან ვერავის იახლებ.
რაკი თავისუფალი ლექსები გარდა მინიმალისტურისა, იშვიათად არის იმ ზომისა, რომ ფრაგმენტული ციტირება წარმატებით გამოგვდიოდეს. ზემოთქმულის საილუსტრაციოდ მისი ერთი მცირე მოცულობის ლექსი ავარჩიე:
ფარვანა
ხოლო ბავშვები ლაბირინთებში
როგორც ურჩხულებს,
დასდევენ ჩრდილებს.
მთვარის შუქს ვყნოსავ,
ხელებაგწვდილი უცხო ზეცისკენ -
აქ, მამაჩემის ავხორცი ძმები, წკირივით მკლავზე
ჩამომკიდებენ
ველური, ხმელი ყაყაჩოების
წვნიან აბგებს, გამხდარ ჯორივით,
წინ გამიგდებენ...
შაბიამნისფერ ქაბულის ქუჩებს
ვედები ბურკის ბოლოს ბოლივით
და შავად ვღებავ როცა გვერდს ვუვლი
მახრამის თვალებს და უცხოელი მეომრის
ზურგს ვუგზავნი ვნებას.
თუ წარმოსახვას არ უჩივით, მიჰყვებით სახეობრივ დინებას ამ ლექსისა და ყველაფერს დაინახავთ, გაიგებთ, მაგრამ მოინდომებთ რაციონალიზაციას თუ არა და - ჯერ წაიბორძიკებთ და მერე იქნებ დაეცეთ კიდეც. არადა, ვინც ნატა ვარადას შემოქმედებას თვალს ადევნებს, უთუოდ შენიშნული ექნება, რომ ლექსის საწყის იმპულსს, როგორც აქ, ზემოთა ტექსტში, ძირითადად საკუთარი თუ საზოგადო რეალობიდან იღებს. ეს შეიძლება იყოს რაიმე საგაზეთო ინტერნეტ ინფორმაცია და ასე შემდეგ, ანუ ყველაფერი, რაც ყოველი მხრით, ყოველწამიერად, ნიაღვრის უწყვეტ ნაკადად შემოდინდება ჩვენს ყოველდღიურ არსებაში
***.
დღეს ჩვენში ეროტიკით, და პორნოთიც კი, გატაცება არა მხოლოდ პოეზიასა და ლიტერატურას, ან ფართოდ აღებულ ხელოვნებას, საზოგადოებრივი თუ პირადი ყოფის ლამის ყველა სფეროს ისე მკვეთრად დაემჩნა, რომ მოგვწონს თუ არა ეს ამბავი, აუცილებლად დროის ნიშნად უნდა მივიჩნიოთ.
ამ მხრივ რაიმე მყარი კრიტერიუმების არარსებობის გამო, საერთო ჯამში ძალზე ამორფულ სურათს ვღებულობთ, თუნდაც პირობითად ძნელი დასადგენი ხდება რაიმე საზღვრები. მინიმალისტური ეროტიკა ჩვენში ახალი ხილი როდია, გავიხსენოთ თუნდაც დიანა ვაჩნაძის (შოთა იათაშვილის) ლექსების მთელი ციკლი, რომელიც კარგა ხნით ადრე იქმნებოდა და იმდროინდელი კულტურული კოტექსტის პირობებში არც ეპატაჟურობა აკლდა. გავიდა წლები, ამას წინათ რაღაცაში დამჭირდა, ახლიდან წავიკითხე და ჰოი, საოცრებავ! წინ იგივე ტექსტი, მე - იგივე მკითხველი, თვალში მოსახვედრი კი შიგ აღარაფერია.... როგორც ჩანს, ამასობაში ჩემი, როგორც მკითხველის რეცეფციის თავისებურებაც სხვანაირი გახდა, ვთქვათ ასე - განვითარდა, სხვებისა არ იყოს.
ამხელა შესავლის მერე ვიკითხოთ, არის თუ არა რამით განსხვავებული, ახალი და საყურადღებო მინიმალისტური ეროტიული ლექსი ნატა ვარადასი, რომელსაც ახლა გთავაზობთ?
აქტი
მშვილდისარივით მოჭიმული
შენი სხეული.
მე კი ობობა მოხატულ მუცლით -
ვნადირობთ.
გასაღები - სათაურშია. საუბარია რაღაც აქტზე, რომელშიც მონაწილეობს მშვილდ-ისარივით....ბოდიში ‘’მშვილდისარი’ აქ ერთი სიტყვაა, და ეს არ არის გრამატიკული შეცდომა, კომპოზიტის მართლწერას რომ უკავშირდება. ეს - ასეთი მეტაფორაა და ნიშნავს არა ორი ინსტანციის ერთად, დაძაბულად ყოფნას მამაკაცში, არამედ ყოველმხრივ ერთ სექსუალურ სურვილად შეკვრას, ქცევას.
მივდივარ რაციონალიზაციის გზით: ერთ, დაძაბულ სურვილად ქცეული პარტნიორი და მუცელი, მოხატული თუ მოუხატავი - ეს არა სხვა რამ, არამედ სქესობრივი აქტია.
ქართული პოეზიისთვის საუკუნობით ნიშნეული წესი ეროტიკის გამოხატვისა - სიმბოლურ-ალეგორიულობა, მეტაფორულობა არაპირდაპირობა - „ჩვენება“ და არა - თქმა, - ასეთია ძირითადად ნატა ვარადას მანერა ეროტიკული თემის პოეტური ექსპლიცირებისას, ამ ლექსის მიხედვითაც.
‘ობობა მოხატულ მუცლით’ ამ სამი სიტყვის გათიშულად წარმოდგენითაც მიიღწევა მხატვრული ეფექტი - აღქმა-ინტერპრეტირების ვარიანტთა სიმრავლე. კერძოდ, ხდება სახის გასამმაგება:
1. მე - ობობა, რომელსაც მუცელი აქვს მოხატული .მართლაც ამ მწერის ფორტოებს თუ დაგუგლავთ, მრავალ ასეთ სახეობას ნახავთ.
2. 2, მე - ვისაც მუცელზე ობობა მახატია ‘ტატუ’?
3. 3. მე - მონადირე, რომელსაც ხელში მიჭირავხარ შენ, როგორც „მშვილდისარი“ და რაღაც, იქნებ მონადირისთვის ნიშნეული, წარმატების მომტანი ნიშანი მაქვს გამოსახული მუცელზეო.
მწერები ზოგადად და საკუთრივ, ობობა ანტიკური პოეზიიდან მოყოლებული დღემდე , ცნობილი სექს სიმბოლოა. მწერთა ეროტიკული მნიშვნელობის შესახებ არსებობს თქვენი მონა-მორჩილის ბეჭდურად გამოუქვეყნებელი, მაგრამ ინტერნეტით გავრცელებული მცირე წერილი ,,მწერი, როგორც ეროტიკული სიმბოლო“ (იძებნება გუგლით) .
ობობა , როგორც ეროტიკული სიმბოლო გაიაზრება ვნებით მთლიანად მოცვად, ასევე, აღმგზნებ შხამად.
ობობად იწოდება ერთ-ერთი ცნობილი გარდამავალი სექსუალური პოზაც.
ვფიქრობ, ავტორი რეციპიენტს უტოვებს არჩევანს - წარმოიდგინოს გადმოცემული სიტუაცია , საკითხში საკუთარი ჩახედულობის კვალობაზე.
ჩემი წერილი იმის აღნიშვნით დავიწყე, რომ ნატა ვარადა მთლიანად აქტუალიზებული ქვეცნობიერის მოხელთებით არის დაკავებული, ახლა კი თავად მიმყავს მსჯელობა იმ მიმართულებით, რომ რაციონალურზე რაციონალურიც ყოფილა. ხომ არ ვაწყდებით აქ წინააღმდეგობას?
მე ვფიქრობ, რომ არა.
საქმე გვაქვს შემოქმედთან, რომელიც ჩვენს სინამდვილეში ქმნის.
საერთოდ, ასეთ შემთხვევაში ტექსტის ანალიზისა და დასკვნებისაგან გონიერი ადამიანები თავსაც იკავებენ და ავტორის ქებითა და ოდენ კეთილი სურვილებით იფარგლებიან და მე ვიტყოდი, გარკვეული გაგებით, სწორადაც იქცევიან.
ჩვენ ხომ ერთ, იმავე ლიტერატურულ-კულტურულ, რაღაც ნარევში ვიხარშებით, დროითი და ესთეტიკური დისტანცია არ გაგვაჩნია და დასკვნები საბოლოოდ, საკმაოდ შორსაც შეიძლება აღმოჩნდეს იმ რეალური სურათისაგან, რომელსაც მომდევნო თაობათა მკითხველები დაინახავენ.
მინიმალისტური ლექსი, რომლის შესახებაც ვმსჯელობდი, ახალია ვარადასათვის. არ არის გამორიცხული, რომ იგი აღარ კმაყოფილდება მხოლოდ ინტუიციით და რაღაც ახლის ქმნის სურვილითაა შეპყრობილი.
რაკი ამდენი ვისაუბრეთ ეროტიკაზე, დასასრულ, ბარემ იმასაც აღვნიშნავ, რომ ეროტიზმით მთლიანად გამსჭვალულია ნატა ვარადას შემოქმედება, მაგრამ ეროტიზმი არის მისი, ასე ვთქვათ, „პოეტური საწვავი’, რომელიც ძალას კი აძლევს, მაგრამ ზედაპირზე არ ამოდის ხელშესახებად, არ ახასიათებს ფასადურობა, არ აღიწერება სხვა ავტორთა იმ ტექსტებივით სადაც იგი - თემაა.
გთხოვთ ეს ნათქვამი გაიაზროთ, როგორც შედეგი მის დღევანდლამდელ პოეზიაზე დაკვირვებისა. რას იზამს ხვალ, მე არ ვიცი. დასასრულ, მინდა მისი ერთი ახალი ლექსი გაგაცნოთ. ლექსი, სადაც ვფიქრობ, ვლინდება ვარადასეული ხელწერა:
ალბინოზი მთავარანგელოზი აწივლებულ მზესუმზირებში
მთელი ზაფხული ერთ ოთახში შემიგროვდა,
შენ სადღა დაგტიო,
ჩემი სხეულიდან რომ გამოეტიო.
აქეთ ეს აგვისტოს დაგრძელებული სიცხე,
მზის ჩრდილს დატოლებული,
გემუდარება ხელში აყვანას... იქეთ...
მე შემიძლია ყოველ სისხამზე თავიდან გავჩნდე
ახლადამოწვერილ მზის სხივივით,
ახლადთვალახელილ ჩვილივით,
ახლადმოგებულ ხბოსავით,
ახლადმოწველილ რძესავით,
დავესიზმრო ცინცხალ ღვთაებებს,
(გ)აცხადება მოვთხოვო...
ჩემ სხეულიდან გამოვიტყუო სული,
ზეცისკენ ტაატით წავწიო...
რომ მერე მიწის სპორებს ვუტეხო
ჩემივე ხელით ჩემივე გულ-მკერდი...
ეზოს კი, როგორც სექტემბრის სპლინი,
ედება ხავსის მიეთ-მოეთი..
მშობლები ძილში პირღიად მწოლნი,
მერცხლის ბუდეში ბარტყებს -
მოჰგვანან..

Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო