იემენი. მერცხლები


თბილისში ნუში აყვავდა, ახლა
მთაწმინდას წაეკიდა ცეცხლი უეცრად,
წითელი ზღვის მეკობრეების
შიში მითხარი, რამ გაგიჩინა?!
გავარვარებულ ცაზე ჩნდება ნამდვილი ბოლი,
ეს მზის ჩასვლაა საღამოობით.
შაჰიდის ქალებს შენ თვალებში უყურებ
მხოლოდ იმიტომ, რომ ამოიცნო
ქამარს რამდენი ხელნაკეთი ბომბი
ამშვენებს.
სანაში ცხელა გაუსაძლისად, ალბათ საღამო
მოსაწყენია, ვერც მოსაწევი შველის
შენს დარდებს, რომ ვერ ბრუნდები ამერიკის სანაპიროზე,
გესიზმრება ფილადელფია.
შავი ზღვისკენაც არ მოძრაობს არცერთი გემი.
-გადამარჩინე, მუხლზე დგახარ,
სპეციალური დავალებით დატყვევებული -
გაზაფხულია და თბილისში აყვავდა ნუში,
ხანძარი ახლა მთაწმინდისკენ მიიწევს ცეკვით.
მე შენ გასწავლი გზას, რომელიც დავიმახსოვრე,
სპარსეთის ავი ყურეებიდან რითიც ბევრჯერ გამოვაღწიე,
იქ, სადაც ვიცი იზამთრებენ ჩვენი სახლის
შავი მერცხლები.
მათ ისიც ახსოვთ, ახლა დროა შინ დაბრუნების,
გამოყვებიან გემებს, აქეთკენ,
აღმოსავლეთის ლეღვივით
მდნარ სიცხეებს რომ გამოეპარონ,
მათ მეკობრეთა შიში არ აქვთ,
შენ შეგიძლია ჩვენ მერცხალსაც გამოაყოლო,
- გადამარჩინე.



Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო