ორი სავარჯიშო ქალებისთვის
კვირტები მარტში ..შენც აფეთქდები ვიცი, კვირტების გელის ბედი, სულში ჩამიღვრი იმედს, როგორც სიყვარულს შვენის. ო. ჭილაძე მარტმა დედამიწას წამოუარა - სამშობიარო ტკივილები, წყლის დაღვრა. აბა, შენ როგორ წარმოიდგენ, მილიარდი კვირტის ქარიშხალი, ერთ უმთვარო ღამეს, ტყეების და გორაკების მანძილს გადასცდება?! ეს ძალაა, გეომაგნიტის, როცა მზეზე ფეთქდება მონატრება. ჩვენც, მიწის შვილნი, კვირტებივით ამოხეთქილნი, ზოგიც უკვე შემოდგომის ფერში მიხრწნილი, ხერხემლის გასწვრივ შავი ჩიტების ტატუირებით, ოდნავ გულთან გარბენილი ბასრი ჩხვლეტით და ცრემლოვან მღვიმეებს მიღმა ვირტუალურად ვამჩნევთ - ჰადესს ეპარება ჯოჯოხეთიდან ატლასის ბროწეულისფერი კაბით, მწვანეთვალება პერსეფონე და დედასთან გარბის. ჩვენც კი ვგრძნობთ, მიწის წყალნარევი ადამის შვილნი, რომ რაღაც ხდება ჯადოსნური, იხსნება ჯადო. თიხა იმღვრევა. ფრინველები უბრუნდებიან ზამთრის ყინვისგან გამომშრალ ბუდეს; ყვავილები მიწას ჭრიან ნაზი ყლორტებით ამოდიან - ოკეანეთა გაგიჟებებს მისცენ დასტური. აბა, ახლა წარმოიდგინე, რა ხდება ცაში?! იერარქიით დაწყობილნი, ოქროს საკრავით ა...