მეთევზის გოგო
„ პეტრე - პავლობა – მოციქულების მარხვა , მეთევზეების მარხვა “ ირმა ბერიძე ჩემო გოგოო, დაიძახებს მამაჩემი და ბამბუკის ანკესს მხარზე გაიდებს. მეც გავყვები, როგორც მეზობლის ლეკვი. მამაჩემი მოყვარული მეთევზეა, მდინარეებსა და ტბებზე, ჭალებსა და გზებზე ტყე-ტყე მიდის, კორომზე გადადის და აკვირდება დინებებს. იცის, როდის გაავდრდება, როდის ილევა მთვარე, იცის როდის მოვა გაზაფხული, როდის მოიყვანს იადონებს მზე და როცა იტყვის, დაე, დათბეს, დათბეს და თბება, და იფეთქებს ალუბალი, და ბალი, და მსხალი ისე თეთრად გაიდაიპენტება, თითქოს მე ვარ დედოფლის კაბაში, ხელისმომკიდეა მამაჩემი და სათევზაოდ ასე მივდივართ. მამაჩემმა ჯერ გაიკვირვა, მერე წყრომით გამოიხედა, როცა ლოცვისას შემომისწრო, როცა ვამბობდი „მამაო ჩვენოს“ - განა მე არ ვარ მამა და შენ კი ჩემი გოგოო?! დაიყვირა და გაიბუტა. მან არ იცის, რომ წყალზე დადის, მან არ იცის რომ მოციქულებს მეთევზეებიდან არჩევს, მან არ იცის რატომ უყვარს თევზაობა და რას ეძებს, ...