Posts

Showing posts from November, 2012

კონცერტი შინაური ქოთნის ყვავილებისთვის

Image
რა სიმშვიდეა ჰო, იქ, სადაც გზა უსასრულოა. მარტოსული მოხეტიალე, ზამთრის გზაში. შუბერტი ღამის წყვდიადში, მიულერის პოეზიის ცისკრის სიმღერა. გუშინ ვიყავი სახლში და მაინც, მეგონა სასტუმროში გათენდა.

Einsam. Lonely

Image
ზამთრისპირის მოჩვენებავ, დამუწე პირი, გაბრუნდი და კიბეებზე დაგორდი პირქვე. ვერ ხედავ?! კედლებს საათების დარჩათ ოვალი, ალი და კვალი ავურიე, აქ, მე სეზონებს   ანუ გავაქრე. კარი, ფანჯრებიც წელვადია. არის დამდნარი. ხის იატაკიც, ლაქწასმული, აქერცლილია. აქ, ჩემი ნებით, შუაღამეს მსტუმრობ ორალით, და ფლამინდიურ სიმღერებით მართობ მოძღვარი. არჩევანს, ახლაც, მივანიჭე შანსი დარჩენის, როგორც ბავშვობის კიბისქვეშიდან ამოსულ   ჩვილ ხმებს დავურწიე თხილის აკვანი. უმზეო დილა, ჰგავს ქვიშაში მოჩხრიალე ზღვის ვერაგ ტალღას. ცა კი განრთხმული მიწისპირზე - შეშლილ მოლოზანს.
1. ობოლე. 2. პავიჩი ხაზარული ლექსიკონი 3. კუნდერა

ტკბილხმოვანი სულები შლიან კიდეებს

სულებმა, რომლებმაც ვერ კი დაივიწყეს მკვდარი სხეულები მიწამიყრილები, ნელი ტორტმანით მოარღვევენ ბინდბუნდის სინესტიდან გაზაფხულების ნეტარ გაყუჩებას. ტკბილხმოვანი სულები შლიან კიდეებს. მე ვუყვარდი, მე ვსურდი;- გამოკრთის მათთგან განწირულობა. მე კომშის ხის ყვავილობას განვიცდიდი ტანზე, არ მცალოდა. სახლის ანგელოზები მამაჩემის   გარეცხილ ქვევრში იბანებიან, გოგირდი ფოსფორისფრად ყარს. წითელი ღვინით დალაქავდება, სუნი გახდება გაუსაძლისი - ღვინო კი არა, ღმერთის სისხლია, გაისმება ქება. ეს ვაჭრობა ცელს გამომისვამს კოჭისთავებზე, მოვიკვეთები კვეთით სახლიდან. ყურის, ენის და ცხვირის მოჭრას გადავურჩები, მამაკაცური სურვილისგან შორს ვარ. მივიზლაზნები აღმოსავლური თრიაქის და ხემის წყვეტამდე, სულებო აქეთ, რომლებსაც ჯერ კიდევ გვტკივა სხეულზე ნაფერები მწიფე ადგილები,   გავყვეთ მდინარეს, დავიწყების სახელს ატარებს. მეზარები შესაზარად მეზარები, დილის სიბლანტევ. მაინც ვიწევი, სათითაოდ ჩემი წილი ხმაურისთვის შევიხსენი მე ზარები. გზა წვიმის თა...

სქემა

Image
თვალების ჭიანჭველები თხელ აბრეშუმის ფრთებს შეისხამენ, ერთხელაც. და ღამეებით და გრძელდება მზის დაბნელება ანუ და მტოვებ.

დედა სამშობლო

ნუთუ ეს არის მცენარე მტაცებელი, მიწითა და ხორცით გამომძღარი. ნუთუ ეს არის ხატი, ჩემი მსგავსი, მისი უჯრედები ჩემი გენეტიკა. მიწასავით გაუმაძღარი, ჩემი ხორცივით ლპობისკენ მიდრეკილი. სადღაა მითხარ, უფლის მხარე, სახელისთვის წამებულთა უკვდავი სულები, ათი ათასი და ათასი ასი. ნუთუ ეს არის, მცენარე მტაცებელი, სისხლით დატიკნული ღერებით, ფესვებით. ვისაც შეარქვეს მეტსახელად სამშობლო, და ვისაც, თავის თესლიდან დაჩეკილნი, ვერძღომით ჭრიან, ჩრდილში ახმობენ და მტერსაც უხვად უნაწილებენ.  მოგიბოდიშებ, გადამწიფებულ ხილივით ჰყარხარ, წვეთოვანს ჩემი გამომშრალი სისხლძარღვიდან შლეგად მოვიგლეჯ. და, თუ რამე,   სისხლდენისგან მოვკვდეთ,   ორივე, რადგან სიყვარულს ორმხრივობა მოუხდებოდა.

suite. რომ შენ მეყოფი

Image
ავდეგ, ავეჩერჩეტე დღეს. მესიზმრებოდა. ღამეულ სტუმრად კუდში მ ომ სდია , ახლა სულს ვუდგამ. ანუ საკუთარ ჩრდილს ავედევნე , უთოვლო ზამთარს . ესე თი სტიქია ა რომ შენ მეყოფი, როგორც უმცროსი ძმა , ცალკე გადიხარ. მე ალბათ ჩავუვლი შენს ფანჯრებს, ავხედავ დარაბა დახურულს. სახლში გამოკეტილის სუსტი ხმა შემომწვდება თავიდან ფეხებამდე, დაღვრილი რძესავით გამათეთრებს. მე ძლივს ვიცნობ, საკუთარ ხმას, მე ვეღარ გავიხსენებ რა მინდოდა შენს წარსულში. შენ ალბათ, გინდა რომ მოძებნო ქალაქში ჩემი სახლი,  საკუთარ ხმას გადააწყდე. მას რაც არ ყოფილა, როგორ მიწვდები, უარესიც. არ არსებულ საძინებელში.

უხრწნელი აზრთა ალგებრა

გწერ, რომ ვარ უხრწნელ სხეულში წლობით. აღმოსავლეთი ასე ახლოა ტაიგასთან - ყინვისგან დამძრალს რა განასხვავებს, იმისგან, ვისაც მზე მოუმწიფდა?! ერთია ჩემი უხრწნელობისთვის, მთვარის სინათლე, დღის შუქი თუ მიწის სიშავე. პარადოქს ლედ ზეპელინს მოუსმინე ფხიზლად მყოფმა. აქ. ეს მხოლოდ შენ უნდა დაგემართოს, ვინც დაიბადე საქართველოში, 90-იან წლების გა-სატანად. გადაჭრა იციან კატებმა გზის გადაჭრა, მაშინ შეჩერდი. დაბადებისას გადაჭრილი მტკივა ჭიპლარი. კიდურებმოხრილი ემბრიონი ვიშლები გასაგრძელებლად. ლანდშტაფი ეზოს გვიან მონაზვნები, და, გვიანი დღეა. ჰორიზონტს წითელ ბურთად მზის სხივი აეხვია. თუმცა, შორი სურვილია, იყოს, მხოლოდგვიან. მწუხრის უხმო ლოცვის ალში, მონაზვნები გვიან. ზლაზვნა ამასაც სწავლა უნდა, მეორე დღეზე იზრუნო, თადარიგი დაიჭირო, წინ გაიხედო. ზამთრის დილის ბურუსში ფეხი არ გაყო, ყავას ბნელ ოთახში კატასავით არ დაუწყო ძებნა, რას დავიჭერ, თუ ცარიელია ყავის კოლბა, ცარიელი ჩემი სახლივით, ჩემი სხეულივით, ჩემი გული...

კაჭკაჭები შეეჩვიენ ნაძვს

Image
  კაჭკაჭები შეეჩვიენ ნაძვს მკურნალობს ნაძვი ფრინველთა ენებს. კაკალს ტეხს კაჭკაჭი სახურავზე კაკ-კუკ, სახურავზე დედა კაჭკაჭი კუსკუსებს, კაკლის გატეხვას ცდილობს. სხვენზე თაგვები მხიარულობენ, კაკლების გორაში. ოთახში მე ვარ. ამ უცნაურ თამაშს მივყავარ თხილებში, ათი წლის ვხდები და უნებურ ჩემდა, იშვიათად დარგულ უნაყოფო კაკლებს გარშემო ვურბენ. აქა-იქ იაპონურ მოლურჯო ხურმას ვატკბარუნებ. ამ კაკლებს წელსაც ვაცდით და მერე, მამაშენი მოიტანს ცულს, ცუნცულას. კაჭკაჭების ბუდეა კენწეროზე, ბარტყები ქარმა გადმოყარა, მისდა უნებურად. მამაჩემს უნდოდა ცოცხლად დაჭერა მათი, უხეში ბათინკები დააბიჯა და შემოაკვდა ორთავე. მოვიდნენ დედალ-მამალი კაჭკაკი მდელოდან, მოვარდნენ წყალუხვობისას პატარა ღელეს გაგიჟებას ჰგავდა მათი წუხილი. უხმო, უკაჭკაჭო, ფრთების ფართხუნით და გაშმაგებული ფრენით. - შენთვის მინდოდა, ლაპარაკს ვასწავლიდი, რომ ნატრობდი, თოვლიან ენძელების თებერვალში. კაჭკაჭები შეეჩვიენ ნაძვს მკურნალობს ნაძვი ფრინველთა ენებს.

ვარიაცია

არც ცოლი ვარ და არც და, კატის თვალიანი, კოჭლაუხა ავსული გეძებ,  დალის ლაშქრიდან. ჭრელი მძივები მაქვს, უძვლო სხეულზე გრაგნილად. ვერცხლის საყურეებს, ქარს ავაყოლებ ზარ-ზანზალაკებად. შენ სადაც თვალს ახელ, არეალს არ ვცდები ხატებად. უკუღმა ლაპარაკი სას , სიტყვებს ამოვუშვებ პირიდან. მე შენი სული მსურს, ეს ნიშნავს: ვეშვები მთვარედან.

გულწითელას ბუდეში სიკვდილის შიშით ჩასახულები

  „South of the Border, West of the Sun” Haruki Murakami არ გათენებულზე ყვავმა ატეხა ყრანტალი . გავაღე სხეულის ორი სარკმელი, გაყინული ტბებიდან გადმოცვივდნენ მოწყენა და სულმარტოობა . თუმც ორის სიჩუმე გადამფენოდა , გადავიხადე და თუ ახდენაზეა, სიზმრებში მკვდრებთან უფრო ხშირად ვსადილობ და ამიტომაც, ვერასოდეს ლუკმას ვერ ვყლაპავ. როგორ, განა ის ბავშვებიც?! ერთი სული მაქვს გავწიო ფარდა , თოვლის მოულოდნელობისგან მეც გავხალისდე. მაგრამ , არ ახლავს ამ დილას, უტყუარი ნიშნები, ეს უბრალოდ შემოდგომის ჩუმი წვიმაა. თოვლის ჟამს მანქანები შიშით ვერ იქოქებიან და მხოლოდ მხიარულ პატარების გუნდაობაა ქუჩების გადაჭედილობა. დღეს ვიწინასწარმეტყველებ, მზე თუ გამოვა, გაჩერებაზე ტელეფონის კამერით ველური თუთის ხმაურიან ფოთოლცვენას გადავიღებ, ზამთრის თეთ რ -გრძელი ღამეების გასახმოვანებლად.

პაპა მილოცავს პირველ წიგნს თოვლით

თებერვლის 18-ში ვიჩქარე,   თმა, რომელმაც მომჭრა თავი და მოვიპარსე, იმდენად ყვიროდა, პერფორმანსი იდგმებოდა ლექსების საჭიროების მიღმა. დავნიშნე წიგნის პრეზენტაცია, ჩემი პირველი ლიტერატურული საღამო, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, ჩემი ლექსების პირველი წიგნი, წიგნი, სადაც მიტოვებული გოგო ხაროში ჩავარდნილა და ამოსვლა თავში არ მოსდის, და მოვიდა დილით თოვლი, რასაც ალაბთ ვერ გამოიძახებ, ვერც იყიდი, და ქუჩების თავსა და ბოლოში იდგნენ თოვლის პაპები, მხვდებოდნენ და მაცილებდნენ, სტაფილოცხვირა ბებერი კაცები, მოხუცები, ბავშვების სატყუარები. მე მართალია მოწვეულ სტუმრებისათვის,   მქონდა ბასრი ლექსები, როგორც მდუღარე მიწა, ასევე აღმოსავლური ტკბილეული და შავი ღვინო. კარალიოკის ჩირებივით დამდნარი საღამო გარედან შემოსული სითეთრის სიჩუმით მოფიფქული  პაპაჩემის დაბადების დღეს.